მენესი
მენესი – მანეთონის და ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, გაერთიანებული ეგვიპტის პირველი მეფე. ასევე ეგვიპტური გადმოცემის თანახმად, მან იმეფა 60 წელიწადს, ჩაატარა ექსპედიცია ქვეყნის გარეთ და დიდი აღიარება მოიპოვა. დაიღუპა ნადირობისას ბეჰემოტის მიერ მიყენებული ტრავმებისაგან.
რადგან მენესის სამარხი დღემდე არ არის ნაპოვნი, იეროგლიფების კომბინაცია „mn“ კი ორი მეფის – ნარმერის და ხორ ახას წარწერებშია მოძიებული, მეცნიერების აზრი გაყოფილია. ზოგიერთი ვერსიის თანახმად, მენესი იგივე ნარმერია, სხვების აზრით – ხორ-ახა. არსებობს ისეთი ვარაუდიც, რომ ნარმერი და ხორ-ახა რეალურად ერთი და იგივე პიროვნება იყო. ვ. ემერი, რომელიც დღემდე ამ პერიოდის ეგვიპტის საუკეთესო სპეციალისტად არის მიჩნეული და თავად ატარებდა გათხრებს აბიდოსში, ხორ-ახას სასარგებლოდ იხრება. მეორე მხრივ, ყველა ძირითადი მეფეთა სია (საქქარას სიის გამოკლებით, რომელშიც მეფეთა ჩამოთვლა რამდენიმე მეფით გვიან იწყება), პირველ ფარაონად მენესს ასახელებს.
დინასტიური ეგვიპტის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს ჩანაწერების შედგენა, სადაც აღწერილი იყო ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მეფეების წლების მიხედვით. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი, V დინასტიაში შედგენილი პალერმოს ქვის ანალები სწორედ ასეთ ჩანაწერებზე დაყრდნობით იყო შედგენილი, ამიტომ დასაფიქრებელია, რომ ეს ჩანაწერები იწყება იმ მეფეებით, რომლებსაც დღეს I დინასტიას მიაკუთვნებენ. შესაძლოა, მენესი (ხორ-ახა ან ნარმერი), რომლის მეფობაც ეგვიპტური სახელმწიფოს ფორმირების დამაგვირგვინებელ ფაზას დაემთხვა, იყო პირველი მეფე, რომელიც წერილობით იქნა დაფიქსირებული ასეთ ქრონიკებში. პალერმოს ქვაზე, მენესის ზემოთ, ცალ-ცალკე დანაყოფებში მოთავსებულია მეფეთა სახელები და მათი დამჯდარი ფიგურების გამოსახულებები. ზოგიერთ მათგანს თავზე ქვემო ეგვიპტის, ზოგიერთს კი ორმაგი გვირგვინი აქვს დადგმული. მათ არ ახლავს არავითარი მოვლენების აღწერა, რადგან უკვე V დინასტიის დროს მათ შესახებ მეტი არაფერი იყო ცნობილი. მათ ეგვიპტური ტრადიცია მოიხსენიებს, როგორც „სულებს“, რომლებიც მეფობდნენ ღმერთების შემდეგ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი ორმაგი გვირგვინის მფლობელია, შეიძლება მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული პერიოდის ეგვიპტელები არ მიიჩნევდნენ მენესს ერთიანი ეგვიპტის პირველ ფარაონად, რაც უკეთ ერგება ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფოს ფორმირების უფრო გახანგრძლივებულ პერიოდს, რომელსაც არქეოლოგიაც გვკარნახობს.