ხორ-ახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭურჭელზე ამოტვიფრული ხორ-ახას სახელი

ხორ-ახა – (ეგვ.„მებრძოლი ხორი“, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 3100 წ.), ფარაონი, რომელიც მეფობდა ნარმერის შემდეგ. ამდენად, თუ ნარმერი იყო იგივე მენესი, ხორ-ახა პირველი დინასტიის მეორე ფარაონია, მაგრამ შესაძლოა ხორ-ახა თვითონ იყო მენესი. ამ შემთხვევაში ნარმერი ნულოვანი დინასტიის ბოლო, ხორ-ახა კი პირველი დინასტიის პირველი ფარაონია. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ნაქადაში მოძიებული ფირფიტა, სადაც ხორ-ახას სახელის გვერდით გამოწერილია იეროგლიფი „mn“. იგივე იეროგლიფია გამოწერილი ხორ-ახას აბიდოსში მოძიებულ ფირფიტაზე. თუმცა შესაძლებელია, რომ ხორ-ახას წარწერებში „mn“ იეროგლიფი მის წინაპართან მიმართებაშია ნახმარი. ყურადსაღებია ეგვიპტური ტრადიციაც, რომელიც ქვეყნის გაერთიანებას და მემფისის დაარსებას ერთი და იგივე ფარაონს უკავშირებდა.

ხორ-ახა სავარაუდოდ იყო პირველი ფარაონი, რომელიც მეფობდა მემფისიდან, რადგან უძველესი ელიტარული სამარხი მემფისის ნეკროპოლისში, რომელიც დიდ მოხელეს, შესაძლოა თვითონ მეფის ძმას ეკუთვნოდა, სწორედ მისი მეფობით არის დათარიღებული. ამ შემთხვევაში სწორედ მას უნდა მივაწეროთ ქალაქის დაარსება და პტახის ტაძრის აგება. თუმცა ხორ-ახა აბიდოსის სამარხშია დაკრძალული, მან პირველმა აიგო თავისი მეორე სამარხი (კენოტაფი) მემფისის ნეკროპოლისში. მის დიპლომატიურ ალღოზე მეტყველებს საისში ნეიტის, ჩრდილოეთის უდიდესი ქალღმერთის ტაძრის აგება. მისი მეფობის დროს, როგორც ჩანს, სიტუაცია ქვეყანაში მოწესრიგებული იყო იმდენად, რომ მან შეძლო, ყურადღება მიეპყრო სამხრეთისათვის, სადაც ეგვიპტის საზღვარი ნილოსის პირველ ჭორომამდე გადაიტანა. მოძიებულია ასევე ფირფიტა წარწერით ნუბიის წინააღმდეგ ლაშქრობის შესახებ. აბიდოსში ხორ-ახას სამარხის სიახლოვეს აღმოჩენილია ასევე ვინმე ბერნერ-იბის (ეგვ. „გულით ტკბილი“) სამარხი, რომელიც, სავარაუდოდ, ხორ-ახას დედოფლად არის მიჩნეული. მათი სახელები ერთად არის მოთავსებული სპილოს ძვლის ზარდახშის ფრაგმენტზე. დიდ ელიტარულ სამარხში ნაქადაში, რომელიც სამეფო ოჯახის ქალბატონს, ნეიტხეტეპს ეკუთვნის, ასევე ნაპოვნია ხორ-ახას ფირფიტები, რაც საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ სამარხი სწორედ ხორ-ახამ ააგო, ნეიტხეტეპი კი მისი დედა და ნარმერის დედოფალი – შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ თუმცა ხორ-ახას არტეფაქტები ნაპოვნია აბუ როაშში, ზავიეტ ელ-არიანში, საქქარაში, ჰელვანში, აბიდოსსა და ნაქადაში, ის უფრო მწირად არის წარმოდგენილი, ვიდრე ნარმერი და ეგვიპტის გარეთ მასთან დაკავშირებული დღემდე არაფერია აღმოჩენილი. ხორ-ახამ, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდხანს იმეფა (შესაძლოა 63 წელი). მისი მეფობის დროს საგრძნობლად იხვეწება არქიტექტურა და ხელოვნება.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები