აბუ როაში
აბუ როაში – მემფისის ნეკროპოლისის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი (სახელი მომდინარეობს ახლომდებარე არაბული სოფლიდან), სადაც ხეოფსის ერთ-ერთმა ვაჟმა – IV დინასტიის მესამე ფარაონმა ჯედეფრამ თავისი პირამიდა ააგო. ეს ფაქტი საინტერესოა იმიტომ, რომ ჯედეფრამ დაარღვია IV დინასტიის ფარაონების ტრადიცია, რომლებიც თავიანთ პირამიდებს გიზეს პლატოზე იგებდნენ.
აბუ-როაშის პირამიდა ეგვიპტის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პირამიდაა. საინტერესოა ისიც, რომ შიდა კონსტრუქციით იგი არა მის თანადროულ პირამიდებს, არამედ ჯოსერის პირამიდას ჰგავს. დაშორებული ადგილმდებარეობის გამო, პირამიდა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სამშენებლო ქვის წყაროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და იმდენად გაიძარცვა, რომ დაუსრულებელი ეგონათ, მაგრამ არქეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. გათხრები პირიმიდის ირგვლივ დღესაც მიმდინარეობს. 2001 წ. მ. ბოდმა (საფრანგეთის აღმოსავლური არქეოლოგიის ინსტიტუტი) პირამიდის სიახლოვეს ჯედეფრას ერთ-ერთი შვილის ხორნიტის სამარხი აღმოაჩინა, რომელიც, როგორც ჩანს, ვეზირი იყო.