სამარხი (ძველი ეგვიპტე)
სამარხი – იმქვეყნიური არსებობის შესახებ ოფიციალური ეგვიპტური წარმოდგნების თანახმად, სამარხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გარდაცვლილის მარადიული არსებობა წარმოუდგენელი იყო სამარხის გარეშე. აქ იყო დაცული სხეული, გამოსახულებები, რომლებსაც სხეულის დაზიანების შემთხვევაში მისი მაგივრობა უნდა გაეწია და იმქვეყნიური არსებობისათვის აუცილებელი ყოველგვარი აღჭურვილობა; იმავდროულად, ეს გარდაცვლილის კას სახლიც იყო, სადაც მისი კა, სამარხის გარეთ გადანაცვლების შემდეგ, აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო. აქ უნდა შეწირულიყო გარდაცვლილისათვის მსხვრპლი და წაკითხულიყო ლოცვები.
სამარხი საკულტო განყოფილებით იწყებოდა, რომელიც მეფეებთან თანდათან ცალკე მდგომ მოსახსენიებელ ტაძარში გადაიზარდა, მაგრამ კერძო პირების შემთხვევაში ყოველთვის სამარხის შიგნით იყო მოთავსებული. რამდენადაც ეგვიპტელებს სამარხი გარდაცვლილის იმქვეყნიურ საცხოვრისად ჰქონდათ წარმოდგენილი, ის ამქვეყნიური საცხოვრებლის სრულ ასლს წარმოადგენდა. მისი მიწისზედა ნაწილიც სახლის მსგავსად იყო აგებული, კედლებზე კი გარდაცვლილის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები თავსდებოდა. დაახლოებით XX დინასტიიდან, როცა გარდაცვლილის ადგილსამყოფელად ძირითადად დუატი (მიწისქვეშეთი) წარმოიდგინებოდა, ამგვარი სცენების ადგილს გარდაცვლილითა ლიტერატურის „ილუსტრაციები“ იკავებს.
სარკოფაგის კამერაში კედლების მოხატულობა გვიანი ძველი სამეფოს დროიდან ჩნდება. ძირითადად ესაა საკვების გამოსახულებები, რომლებსაც სამსხვერპლო სიები ახლავს თან, და ყოველდღიური მოხმარების ნივთები. სხეულის დასაცავად სარკოფაგის კამერის ოთხივე კედელთან თავსდებოდა აგური, რომელზეც მაგიური შელოცვების გარდა, ამოტვიფრული იყო ჯედ-სვეტი (დასავლეთის კედლის აგურზე), ტურის გამოსახულება (აღმოსავლეთით), უშებტის ტიპის ფიგურა (ჩრდილოეთით) და ჩირაღდანი (სამხრეთით).
მიცვალებულს სამარხში თავით ჩრდილოეთისაკენ ათავსებდნენ, რომ მზის ამოსვლის „დანახვა“ შეძლებოდა. ამგვარად მოწყობილი სამარხი ორ ძირითად დანიშნულებას ასრულებდა: იცავდა გარდაცვალების საიდუმლოს და გარდაცვლილის გახსენებას ემსახურებოდა. თავისი არსებობით, მას ცოცხლებისთვის გარდაცვლილი უნდა გაეხსენებინა. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, ის ხილული უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, სამარხი უნდა ყოფილიყო მუმიის ნავსაყუდელი და შეძლებისდაგვარედ დაეცვა ის გარე სამყაროსთან უხეში შეხებისაგან (მაგ. მძარცველებისაგან). ის უნდა ყოფილიყო დამალული და დაცული, ამიტომ ეგვიპტური სამარხი ყოველთვის ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: მას ჰქონდა განყოფილებები, სადაც შეიძლებოდა შესვლა, და სარკოფაგის კამერა, რომელსაც მიწის ქვეშ, ღრმად აგებდნენ. შახტა, რომელიც მასთან მისასვლელს წარმოადგენდა, ჩვეულებრივ იბლოკებოდა დაკრძალვის შემდეგ. ეს იყო არქიტექტონური მცდელობა, შექმნილიყო იდუმალი, შეუღწევადი და დაცული სივრცე მუმიისათვის, სადაც გარდაცვლილი, გამქრალი ცოცხლების სამყაროდან, გარდაცვალების საიდუმლოს უერთდებოდა.