მუმია
მუმია – გარდაცვლილის სხეული, რომელშიც, ქსოვილების ბუნებრივი ან ხელოვნური გამოშრობის გამო, არ მიმდინარეობს გახრწნის პროცესი. „მუმია“ (mumia) ლათინური სიტყვაა სპარსული „mum“-იდან და ნიშნავს „ბიტუმს“ ან „კუპრს“. რადგან მუმიფიცირებული სხეული დროთა განმავლობაში შავდებოდა, ეგონათ, რომ მის დასამზადებლად კუპრს იყენებდნენ. თვითონ ეგვიპტელები მუმიფიცირებულ სხეულს „სახს“ ეძახდნენ.
ეგვიპტეში, სადაც ნაყოფიერი მიწის სიმწირის გამო ადამიანებს უძველესი დროიდან უდაბნოში მარხავდნენ, ცხელი ქვიშა და მზე ბუნებრივად აშრობდა სხეულს. მაგრამ უკვე მეოთხე ათასწლეულის შუახანებისათვის ცხოვრების განვითარებამ მოიტანა სამარხები და სარკოფაგები, სადაც ეს ბუნებრივი გარემო აღარ მოქმედებდა და მიცვალებულის სხეულმა გახრწნა დაიწყო, რაც შეუფარდებელი იყო ეგვიპტურ წარმოდგენასთან ადამიანის უკვდავი სულის შესახებ, რომელიც ყველაზე ადრე ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ გარდაცვალების მომენტში სული შორდებოდა სხეულს და მისგან დამოუკიდებლად განაგრძობდა არსებობას, მაგრამ სხეული სულის ნავსაყუდელად იყო მიჩნეული და ამიტომ სხეულის დაზიანების შემთხვევაში სული მიუსაფარი რჩებოდა. ამ წარმოდგენებმა ბიძგი მისცა სხეულის უკვე ხელოვნურად მუმიფიცირების ტრადიციას, რომელიც დინასტიური პერიოდის დასაწყისს ემთხვევა. მუმიფიცირებული მკლავი ჯერ კიდევ I დინასტიის მესამე ფარაონის, ჯერის სამარხშია ნაპოვნი. თავიდან მხოლოდ მეფეების და დიდებულების სხეულების მუმიფიცირება ხდებოდა, მაგრამ თანდათან ეს ტრადიცია ძალიან გავრცელებული გახდა და მას მიმართავდა ყველა ოჯახი, რომელსაც ამის საშუალება ჰქონდა.
მუმიფიცირების ტექნიკის შესახებ ტექსტებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ჰეროდოტეს ცნობით, გასამრჯელოს შესაბამისად, მუმიფიცირების სამი სხვადასხვა მეთოდი არსებობდა, მაგრამ სამივე შემთხვევაში სხეულს 70 დღით დებდნენ ნატრონის სოდაში. მუმიფიცირებისათვის საჭირო 70 დღე ემთხვევა 70-დღიან პერიოდს, როცა ღამის ცაზე ყოველი მომდევნო დეკანის გაუჩინარება ხდებოდა. არქეოლოგიური მონაცემებით, თავიდან, როცა მუმიფიცირების ტექნიკა არ იყო დახვეწილი, სახვევების დანიშნულებას წარმოადგენდა სხეულის ნაკვთების აღდგენა, რაც კუპრის ან თაბაშირის გამოყენებით ხდებოდა.
სხეულის ნამდვილი მუმიფიცირება დაახლოებით მეოთხე დინასტიიდან დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ ნატრონის სოდით სხეულის გამოშრობა იყო შესაძლებელი. ნატრონის სოდა არის სოდიუმის კარბონატის და სოდიუმის ბიკარბონატის ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც ხშირად ერთვის მარილი. მისი, ისევე როგორც „ნატრიუმის“ სახელი მომდინარეობს ეგვიპტური სიტყვიდან „ntrj“. ხეოფსის დედის, ხეტეპხერესის სამარხში აღმოჩენილ ყუთში შიგნეულობა ნატრონის სოდით იყო დამუშავებული. მებალზამეს, რომელიც სხეულს მუცლის მარცხენა მხარეს კვეთდა, დიოდორესთან ჰქვია პარაშისტი. სიტყვის ეგვიპტური ექვივალენტის დადგენა ვერ ხერხდება. დიოდორეს თქმით, სხეულის გაკვეთის შემდეგ პარაშისტი გარბოდა, რადგან მას ნათესავები ქვებს ესროდნენ. ამ ფაქტს ეთანხმება ეგვიპტური ტექსტების მონაცემებიც. შიგნეულობას (გულის გარდა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვან ორგანოდ ითვლებოდა, რომ მას მუმიას უტოვებდნენ) იღებდნენ სხეულიდან, ასევე ამუშავებდნენ ნატრონის სოდით და ცალკე ყუთში დებდნენ. მალე შიგნეულობის შესანახად ჩნდება ოთხი კანოპი. XXI დინასტიიდან შიგნეულობას სახვევებში ახვევდნენ და ისევ სხეულში აბრუნებდნენ, XXVI დინასტიიდან კვლავ ჩნდება კანოპები, XXVI დინასტიის შემდეგ კი შიგნეულობას მუმიის ფეხებს შორის ათავსებდნენ. შუა სამეფოს დროიდან იღებდნენ ტვინსაც. სახის ნაკვთებს მაქსიმალურად ანიჭებდნენ პორტრეტულ მსგავსებას გარდაცვლილთან, რისთვისაც თაბაშირს და საღებავს იყენებდნენ. პირველი გარდამავალი პერიოდიდან ჩნდება ნიღბები, რომაული პერიოდიდან კი ნიღაბს ცვლის გარდაცვლილთა პორტრეტები, რომლებიც დღეს „ფაიუმის პორტრეტების“ სახელით არის ცნობილი. გამოშრობის შემდეგ სხეულს არომატული ზეთებით რეცხავდნენ. ჭრილობა მუცლის მარცხენა მხარეს, რომელიც პარაშისტის მიერ სხეულის გაკვეთის შემდეგ რჩებოდა, იკერებოდა და მასზე ოქროს ან ცვილის ფირფიტას დებდნენ. ამის შემდეგ სხეულს ავსებდნენ და შემდეგ ახვევდნენ ზეთებით გაჟღენთილ სახვევებში, რომელთა სიგრძე შეიძლება რამდენიმე ასეული მეტრი ყოფილიყო. სხეულზე და სახვევებში ჩვეულებრივ ამულეტები თავსდებოდა, რომელთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა ახალი სამეფოს დროიდან. მუმიას ატანდნენ მკვდართა წიგნსაც.
მებალზამეს, რომელიც სხულს აბალზამებდა, ერქვა უტი. სიტყვა პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. თვითონ მუმიფიცირების პროცესს „k3t wt“, „ბალზამირების სამუშაოები“ ერქვა. ეგვიპტური წარმოდგენების თანახმად, მუმიფიცირების პროცესი რიტუალად წარმოიდგინებოდა, ამიტომ უტს ქურუმის რანგი ჰქონდა. ყოველ ნახვევს თავისი მაგიური სახელი ერქვა და და მუმიფიცირების პროცესში გარკვეული ტექსტების წარმოთქმა ხდებოდა. ახალი სამეფოდან უტს, რომელსაც ანუბის-უტსაც ეძახდნენ, ანუბისის ნიღაბი ეკეთა. ადგილს, სადაც მუმიფიცირება ხდებოდა, ძველი სამეფოდან „წმინდა ადგილი“ (ეგვ. s.t wb.t), შუა სამეფოდან კი „მშვენიერი სახლი“ (ეგვ. Pr nfr) ერქვა და ის ჩვეულებრივ ნეკროპოლისის სიახლოვეს მდებარეობდა. ითვლებოდა ასევე, რომ მუმიფიცირება გარდაცვლილს განწმენდილთა რიგში ათავსებდა. მუმიფიცირებას თან სდევდა პროცესიები.
პტოლემაიოსების დროინდელი ტექსტის თანახმად პარაშისტის მიერ სხეულის გახსნის შემდეგ 36 დღის განმავლობაში 8 პროცესია უნდა ჩატარებულიყო. მათ მოსდევდა ტბის ცერემონია, და შემდეგ კიდევ პროცესიები (სულ 17, რიცხვი, რომელიც შეესაბამებოდა წმინდა ნაწილების რიცხვს, რომლებზეც ოსირისის დანაწევრება მოხდა). ეს ცერემონიები, რომლებიც 70 დღეს გრძელდებოდა, „თავის შვიდგზის გახსნის რიტუალით სრულდებოდა, რომელსაც მუმიას სამარხში შესვენების წინ უტარებდნენ (იგულისხმება თვალების, ყურების, ნესტოების და პირის გახსნა). მუმიფიცირების ტექნიკა ძალიან დაიხვეწა უკვე ძველი სამეფოს დასასრულს, მაგრამ თავის მწვერვალს XXI დინასტიის დროს მიაღწია. ამ დროს დაიწყეს სხეულის კანქვეშა დამუშავება, რომ მისთვის ცოცხალ სხეულთან მაქსიმალურად დაახლოვებული სახე მიეცათ. უფრო დახვეწილად გამოიყენებოდა კოსმეტიკა, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ფრჩხილების და თმის მოწესრიგებას, უკეთესად შენახვის მიზნით.
იხილე აგრეთვე
დაკრძალვის რიტუალი ძველ ეგვიპტეში