გული ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გული ძველ ეგვიპტეში – მუმიფიცირების ტრადიციის გამო ეგვიპტელებმა ძალიან კარგად იცოდნენ ანატომია და შესაბამისად, გულის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის. ცნობილი სამედიცინო პაპირუსი გვამცნობს, რომ „გული სხეულის ყველა ნაკვთის შესახებ ლაპარაკობს“. გულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ის იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც მუმიას სხეულში უტოვებდნენ. პირამიდების ტექსტებში ვხვდებით სპეციალურ გამონათქვამებს, რომლებიც უნდა დაეხმარონ მიცვალებულს, რომ მას გული დაუბრუნდეს. მაგრამ ეგვიპტელისათვის გული არა მარტო ფიზიოლოგიურად იყო მთავარი ორგანო, იგი აზროვნების და ემოციების წყაროც იყო. სია, შემეცნების ღმერთი, მათი წარმოდგენით გულში სახლობდა. ეგვიპტელს სწამდა, რომ შემეცნება, აზროვნება, შეყვარება, სიძულვილი და ა.შ. გულის საშუალებით ხდებოდა. მემფისის კოსმოგონიური სისტემის თანახმად, ამ სისტემის მთავარი ღვთაება პტახი სამყაროს შექმნისას ხმამაღლა წარმოთქვამს სამყაროს ყველა იმ ელემენტის სახელს, რომელსაც ჯერ თავის „გულში“ მოიაზრებს, და ამგვარად ქმნის სამყაროს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელებს გულის აღმნიშვნელი ორი სიტყვა ჰქონდათ „ib“ და „h.tj“. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორი სახელი გულის ორ ფუნქციას შეესატყვისებოდა. საიქიო სამყაროში გარდაცვლილის განსჯა გულის აწონით ხდებოდა, რადგან ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ცოდვები გულში გროვდებოდა და ამძიმებდა მას. ახალი სამეფოს დროს, როცა ე.წ. „მკვდართა წიგნში“ საიქიოზე წარმოდგენებმა უფრო ჩამოყალიბებული სახე მიიღო, გულთან დაკავშირებული გამონათქვამები ისეთივე მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული, როგორც 125-ე თავი, რომელიც გარდაცვლილის განსჯასთან იყო დაკავშირებული, და წიგნის ყველა ვერსიაში თავსდებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები