პტახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პტახი

პტახი – (ეგვ. Pth), ეგვიპტის ერთ-ერთი დიდი ღვთაება, მემფისის მფარველი, ხელოსნების მფარველი და მემფისის კოსმოგონიური სისტემის დემიურგი. თავისი კავშირით ადგილობრივ ღვთაებასთან, ტატენენთან (ეგვ. TBtnn, „მიწა, რომელიც ზევით იწევა“) პტახი პირველყოფილ ბორცვთან იყო გაიგივებული. მემფისის რაიონის მიცვალებულთა კულტის ღვთაებასთან, სოკართან და შემდეგ ოსირისთან შერწყმით (პტახ-სოკარი, პტახ-სოკარ-ოსირისი) მოხდა მისი დაკავშირება მიცვალებულთა კულტთან. მის კავშირზე ხელოსნობასთან მეტყველებს მისი მთავარი ქურუმის წოდებებიც (wr hrp hm w.t, „დიდი ხელოსანთა შორის“, და wr hrp hm.t nb.t „ყველა ხელობის დიდი მმართველი“). როგორც დიდი ხელოსანი, ბერძნებმა ჰეფესტოსთან გააიგივეს, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აღწერილია მემფისის კოსმოგონიურ სისტემაში, რომელიც პტახს სამყაროს ერთადერთ შემოქმედად ასახელებს.

მისი კულტის წარმოშობა, ისევე, როგორც მისი სახელი, დღემდე ბუნდოვანია. ამიტომ ითვლება, რომ პტახი არის მემფისის ქურუმების ქმნილება, რომელიც მათ მემფისის კოსმოგონიასთან ერთად შექმნეს. ამაზე მისი სრულიად ანთროპომორფული სახეც მიუთითებს. ეგვიპტის გაერთიანებამდე მემფისის რაიონი მეჩხერად დასახლებული, ჭაობიანი ადგილი იყო და ნაკლებად შესაძლებელია, რომ აქ ჩამოყალიბებულიყო ღვთაების კულტი, რომელსაც რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა ამ რეგიონის ფარგლებს გარეთ. ამდენად, ეგვიპტის გაერთიანებამდე და მემფისის დაარსებამდე პტახი (თუ ის საერთოდ არსებობდა) შეიძლებოდა მხოლოდ პოლიტიკურად უმნიშვნელო ადგილის პატარა, ლოკალური ღვთაება ყოფილიყო. პტახის ყველაზე ძველი გამოსახულება მოძიებულია ალებასტრის ჭურჭელზე მემფისის სიახლოვეს და I დინასტიის პერიოდით თარიღდება. მისი უფრო ძველი წარმოშობა საეჭვოდ არის მიჩნეული, რადგან მას, განსხვავებით წინადინასტიური ისტორიის მქონე ღმერთებისაგან, არ ჰქონდა საკუთარი სიმბოლო, რომელიც რაიმე ქალაქთან იყო დაკავშირებული. ქრონოლოგიურად შემდეგი გამოსახულება დაფიქსირებულია პალერმოს ქვაზე. ტექსტი გვამცნობს, რომ ფარაონმა ნეფერირკარამ (V დინასტია) მას საკუთარ ტაძარში ძეგლი დაუდგა. ძველი და შუა სამეფოს პერიოდებით დათარიღებული პტახის გამოსახულებები საკმაოდ იშვიათია.

პირამიდების ტექსტებში პტახი სულ სამჯერ არის მოხსენიებული, და სამივეჯერ არა როგორც დემიურგი, არამედ გარდაცვლილთა ბუნდოვან რიტუალთან დაკავშირებულ კონტექსტში. ერთ-ერთ გამონათქვამში მას „სამზარეულოები ეკუთვნის“ (is.t n Pth, „პტახის სამზარეულოები“, PT 560), და თითქოს გარდაცვლილებს საკვებით ამარაგებს. ეს სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირამიდების ტექსტების ჩაწერის დროს ქვეყანაში ოფიციალურ იდეოლოგიას მზის რელიგია და ჰელიოპოლისის კოსმოგონია წარმოადგენდა.

პტახმა მისცა სახელი ეგვიპტეს, რომელსაც დღეს ვეძახით. მისი მემფისის ტაძრის სახელი (რომელიც მოგვიანებით ქალაქის მთელ უბანზე გავრცელდა), h.tkBPth, „პტახის კას სახლი“, ან „პტახის სულის ნავსაყუდელი“ ბერძნულ ენაში „აიგიუპტოსად“ გადაიქცა (Aigyptos. ასე მოიხსენიებს ჰომეროსიოდისეაში“ მიწებს ნილოსის ირგვლივ). თანხმოვნების კომბინაცია „pth“ ეგვიპტურ ენაში გვხვდება ორ სიტყვაში, („pth“ – „შენება“, დაფიქსირებულია გვიანი პერიდიდან და „pth „გაღება“, „გახსნა“, დაფიქსირებულია ბერძნული პერიოდიდან). მათ პარალელი აქვთ სემიტურ ენებში (მაგ. ასურული „petū“, „გაღება“ და აქადური „patāhu“, „ბურღვა“, „გამოქანდაკება“), ამიტომ, ზოგიერთი ვარაუდით, პტახის სახელი სემიტურიდან არის ნასესხები, მაგრამ უფრო რეალური იქნება დავუშვათ, რომ ეს სიტყვები ეგვიპტურმა ენამ ისესხა მაშინ, როცა ისინი რეალურად ჩნდება ხმარებაში ახალი სამეფოს პერიოდიდან და უფრო გვიან, როცა კონტაქტები გარე სამყაროსთან ძალიან მჭიდრო გახდა, და შესაბამისად პტახის გამოჩენიდან მრავალი საუკუნის შემდეგ. შესაბამისი სიტყვები ძველი სამეფოს ეპოქაში იყო „imn“, „msj“ და „kd“ „შენება“ და „wpj“, „wn“ „გაღება“. ამდენად, პტახის სახელის წარმოშობა დღემდე ბუნდოვანია.

უძველეს გამოსახულებებში პტახი წარმოდგენილია მჭიდროდ მომდგარი სამოსით (როგორიც ჩვეულებრივ ფარაონს ხებსედის დღესასწაულის დროს ეცვა), გადაპარსული თავით (ან, შესაძლოა, ეს არის კარგად მორგებული ქუდი), წვერის გარეშე. ხელში უას-სკიპტრა უჭირავს. შუა სამეფოდან მას „უჩნდება“ სწორი ფორმის წვერი (განსხვავებით ბოლოში აპრეხილი წვერისაგან, რომლითაც ჩვეულებრივ ღმერთები გამოისახებოდა). ახალი სამეფოდან ხანდახან მუმიის სახესაც იღებს. პტახ-ტატენენს ჩეულებრივ თავზე ედგა ორ რქას შორის მოთავსებული მზის დისკო, რომელსაც ორი ბუმბული ამშვენებდა, და ეგვიპტელი ფარაონის მოკლე ქვედა ბოლო ეცვა. პტახ-სოკარი ხშირად შევარდნის თავით გამოისახებოდა.

მემფისში ეთაყვანებოდნენ ასევე პტახის ტრიადას, რომელიც პტახის, მისი ცოლის, ლომის სახის მქონე სახმეტის და მათი ვაჟიშვილის, ნეფერტუმისაგან შედგებოდა. პტახის კულტი გადაიჯაჭვა ასევე შავი ხარის, აპისის კულტთან, რომელიც მემფისში I დინასტიიდან არის დაფიქსირებული. აპისი მოიხსენიებოდა, როგორც პტახის სული. მართალია, პტახმა ვერ გაუწია კონკურენცია სოლარულ ღვთაებას, რომელიც მეხუთე დინასტიიდან ეგვიპტის პანთეონის უზენაესი ღვთაება გახდა, მაგრამ მან ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე შეინარჩუნა დიდი შემოქმედი ღვთაების მდგომარეობა. ახალი სამეფოს ტექსტებში ხშირად წავიკითხავთ, რომ „ყველა ღმერთი სამია: ამონი, რა და პტახი“. რამესიდების პერიოდში ჩამოყალიბდა ტრიადა ამონ-რა-პტახი, რომელშიც ეგვიპტის სამი ინტელექტუალური ცენტრის სამი დიდი ღვთაება იყო გაერთიანებული. ეგვიპტეში ღვთაების მდგომარეობა ხშირად მისი ქალაქის სტატუსზეც იყო დამოკიდებული. პტოლემაიოსების დროს, როცა ქვეყნის მთავარი ქალაქი ალექსანდრია გახდა, მემფისმა კი მის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ქალაქის მდგომარეობა შეინარჩუნა, ვითარება შეიცვალა ეგვიპტის პანთეონშიც: პტახი უფრო მნიშვნელოვანი ღვთაება გახდა, ვიდრე ამონი



იხილე აგრეთვე

მემფისის კოსმოგონია“

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები