ნილოსი
ნილოსი – (ეგვ. hpj, არაბ. النيل - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos) — უდიდესი მდინარე აფრიკაში, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში. მდინარე სათავეს იღებს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე, სიგრძე კაგერას სათავიდან 6 853 კილომეტრია აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2 და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში.
ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენები ნილოსის შესაცებ
ძველ ეგვიპტეში ამ მდინარეს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ერთნაირად აისახა მითოლოგიაში და პოლიტიკაში. ნილოსის ადიდებაზე იყო დამოკიდებული ქვეყნის საკვებით მომარაგება, და ეგვიპტელებმა უძველესი დროიდან დაიწყეს მდინარის წყლის სიმაღლის გაზომვა, რაც პალერმოს ქვაზეც არის დაფიქსირებული.
ძველი ლეგენდის თანახმად, ნილოსი მოედინებოდა დუატიდან და ელეფანტინასთან ორი ხვრელიდან ამოდიოდა მიწიდან. ჰელიოპოლისთან (ნილოპოლისში) ნილოსს „აჩერებდა“ დიდი გველი, აქ მას „აწყავდნენ“, და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებდა დინებას. ასე ის „ელეფანტინას ნილოსიდან“ „ჰელიოპოლისის ნილოსად“ გადაიქცა (ჰელიოპოლისის იდეოლოგია ამ დროს მმართველი იდეოლოგია იყო). კიდევ უფრო ადრე, წინადინასტიურ პერიოდში, სწამდათ, რომ ნილოსი მიწიდან გებელ სილსილეს მიდამოებში მოჩქეფდა. ეს ადგილი მაშინ „სამყაროს დასასრულად“ იყო წარმოდგენილი. გებელ სილსილესთან ნილოსს მსხვერპლს ჯერ კიდევ გვიანდელ პერიოდში სწირავდნენ. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ნილოსი სათავეს პირველყოფილი წყლებიდან, ნუნიდან იღებდა, საიდანაც მიწა იშვა და წარმოქმნის შემდეგ ნუნზე განისვენებდა. ნილოსი პერსონიფიცირებული იყო, როგორც ღვთაება (ხაპი). თავისი „წარმოშობის“ გამო ხაპი ხშირად გაიგივებული იყო პირველყოფილ ქაოსურ წყლებთან, ნუნთან და მის მსგავსად „ღმერთების მამას“ ეძახდნენ. მიუხედავად გაღმერთებისა, ნილოსს არ ჰქონდა თავისი ტაძრები. მისი წყლები ერთ-ერთ პერსონიფიკაციად წარმოიდგინებოდა, და საკვების, როგორც საჩუქრის მომტანად ითვლებოდა. როგორც სხვა პერსონიფიკაციებს, ხაპის ანთროპომორფული იკონოგრაფია ჰქონდა. ჯერ კიდევ ახალი სამეფოს დროს გარდაცვლილის სხეულის ნილოსში გადაგდება სასტიკად ისჯებოდა, მაგრამ გვიანდელ პერიოდში ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ ნილოსში დახრჩობა ბედნიერი და ნეტარი სიკვდილი იყო, რაც ოსირისის ნილოსში დახრჩობასთან იყო დაკავშირებული. ადამიანის სხეულს, რომელიც ნილოსში დაიხრჩობოდა, განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ: „არავის შეუძლია, შეეხოს მას – არც მის მეგობრებს და არც ნათესავებს, მხოლოდ ნილოსის ქურუმებს. ისინი მოამზადებენ მის სხეულს დასაკრძალავად, ისე, რომ მოეპყრობიან მას ჩვეულებრივი ადამიანის სხეულისაგან განსხვავებულად, და თვითონ შეიტანენ სხეულს სამარხში.