ეგვიპტური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტური ენა – ეგვიპტური ენა წარმოადგენს აფრაზიურ ენათა მაკრო-ოჯახის განცალკევებით მდგომ ენას. ტექსტები ცნობილია ჩვ.წ.-მდე XXX საუკუნიდან. გამოიყოფა განვითარების ექვსი ძირითადი საფეხური: ძველი ეგვიპტური, საშუალო ეგვიპტური, გვიანი საშუალო ეგვიპტური, ახალი ეგვიპტური, დემოტიკური და კოპტური.

ძველი ეგვიპტური – ძველი სამეფოსა და პირველი გარდამავალი პერიოდის ენა (ჩვ.წ.-მდე 3000–2000 წწ). ცნობილია პირამიდების ტექსტებით და ავტობიოგრაფიებით, რომლებიც ამოკვეთილი იყო ადმინისტრაციული ელიტის სამარხების კედლებზე; საშუალო (კლასიკური) ეგვიპტური შუა სამეფოსა და XVIII დინასტიის დროინდელი ენა (ჩვ.წ. მდე 2000-1300 წწ). წარმოადგენს ეგვიპტური ლიტერატურის კლასიკურ ენას. საშუალო ეგვიპტურზე დაწერილია ოთხი ძირითადი ლიტერატურული ჟანრის ტექსტები:
1. სამგლოვიარო ტექსტები (განსაკუთრებით ცნობილია ადმინისტრაციული ელიტის სარკოფაგებზე ამოკვეთილი ტექსტები),
2. დარიგებები (განსაკუთრებით ცნობილია მერიკარას, იპუვერისა და ვეზირ პტაჰოტეპის დარიგებები),
3. მოთხრობები და ზღაპრები (განსაკუთრებით ცნობილია მოთხრობა სინუჰეტის შესახებ და გემის დაღუპვას გადარჩენილი მეზღვაურის ზღაპარი),
4 ჰიმნები – რელიგიური შინაარსის პოეტური ტექსტები (განსაკუთრებით ცნობილია „ნილოსის ჰიმნი“ და „სენუსერტ III-ის ჰიმნი“). საშუალო ეგვიპტური ადმინისტრაციული დოკუმენტების (კაჰუნის პაპირუსები) და ისტორიული ჩანაწერების ენასაც წარმოადგენს. გვიანი საშუალო ეგვიპტური – რელიგიური ტექსტების (რიტუალური, მითოლოგიური, ჰიმნების ენა ახალი სამეფოდან ეგვიპტური ცივილიზაციის დასასრულამდე. ათასწლეულზე მეტ ხანს თანაარსებობდა გვიან ეგვიპტურთან დიგლოსიის პირობებში. ინარჩუნებს კლასიკური ენის გრამატიკულ სტრუქტურას, მაგრამ გრაფიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ პერიოდში იზრდება იეროგლიფური ნიშნების რაოდენობა; ახალი ეგვიპტური ახალი სამეფოს გვიანი და მესამე გარდამავალი პერიოდის (ჩვ.წ.-მდე 1300-700 წწ) ენა. ახალ ეგვიპტურზე არის დაწერილი XIX დინასტიის დროინდელი მდიდარი ლიტერატურა, რომელიც შეიცავს ბრძნულ და ნარატიულ ტექსტებს (განსაკუთრებით ცნობილია „ორი ძმის ზღაპარი“, „უნამონის მოგზაურობა ბიბლოსში“, „ანის დარიგება“, „ამონხეტეპის დარიგება“), ასევე ახალი ლიტერატურული ჟანრები: მითოლოგიური ზღაპრები და სასიყვარულო პოეზია. გვიანი ეგვიპტური წარმოადგენდა რამესიდების კანცელარიის, თებეს ნეკროპოლისში აღმოჩენილი საბუთებისა და სასკოლო ტექსტების ენას. ადმინისტრაციული ტექსტებისგან განსხვავებით, ლიტერატურულ ტექსტებში იგრძნობა კლასიკური ენის დიდი გავლენა; დემოტიკური – გვიანი სამეფოსა და მომდევნო პერიოდის (ჩვ.წ.-მდე VII ს. ჩვ.წ.-ით V ს.) ადმინისტრაციისა და ლიტერატურის ენა გრამატიკულად ახლოს დგას ახალ ეგვიპტურთან, რომლისგანაც განსხვავდება გრაფიკული სისტემით. განსაკუთრებით ცნობილია სატნიხემუასის და პეტუბასტისის ნარატიული ციკლები, ინსინგერისა და ონხოშეშონკის დარიგებები. ადრეული (ძველი, საშუალო და გვიანი საშუალო) ეგვიპტური სალიტერატურო ენა – ქვემო ეგვიპტეში, სადაც მდებარეობდა დედაქალაქი მემფისი, ხოლო გვიანი (ახალი ეგვიპტური და დემოტიკური) ეგვიპტური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ზემო ეგვიპტეში, სადაც მდებარეობდა ახალი სამეფოს დედაქალაქი თებე. მორფოლოგიურად არსებით სახელებში, გამოიხატება სქესი და რიცხვი ზმნებშიპირი, სქესი, რიცხვი, ასპექტი, კილო, დინამიკურობა/სტატიკურობა, გვარი, კაუზატივი. ლინგვისტური თვალსაზრისით ადრეული ეგვიპტური ხასიათდება სინთეზური წყობით. მაგ., არსებითი სახელი სუფიქსურად გამოხატავს სქესსა და რიცხვს: მ. მხ. ntr:ø „ღმერთი“, მდ. მხ. nt:t „ქალღმერთი“, მ. მრ. ntw „ღმერთები“, მდ. მრ. n:wt „ქალღმერთები“. სინტაქსურად ინარჩუნებს VSO (შემასმენელი-ქვემდებარე-დამატება) წყობას. გვიანმა ეგვიპტურმა განივითარა ანალიზური წყობა: არსებით სახელში სუფიქსურად გამოხატული სქესი და რიცხვი გამოიხატება არტიკლის საშუალებით: p3-nt“ „ღმერთი“, t3-ntr „ქალ-ღმერთი“, n3-ntr „ღმერთები“. წინადადების VSO წყობა შეიცვალა SVO წყობით (ზ. ბარათაშვილი).


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები