ავტობიოგრაფია ძველ ეგვიპტეში
ავტობიოგრაფია ძველ ეგვიპტეში – ავტობიოგრაფია ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების გადახედვას წარმოადგენს. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანის ცხოვრება მისთვის მაინც წარმოადგენს ფასეულობას, ამისათვის კი საკუთარი „მეს“ შემეცნება და დაფასებაა საჭირო. ძველმა ეგვიპტელმა ეს ძალიან ადრე – ჩვ.წ.-მდე მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში შეძლო. სწორედ ამ დროით არის დათარიღებული კერძო პირის უძველესი ავტობიოგრაფია, რომელიც პირველი (ჯოსერის) პირამიდის თანადროულად ჩნდება.
თანადროული ცივილიზაციებისაგან ეგვიპტე ადამიანის უნარისა და ნიჭისადმი დამოკიდებილებით და განათლებული ადამიანის დაფასებით გამოირჩეოდა. სატაძრო სკოლებში, სადაც დამწერლობასთან ერთად სხვა საგნებიც (მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა და სხვ.) ისწავლებოდა, რიგითი (შესაძლოა ღარიბი) ოჯახების შვილებსაც შეეძლოთ განათლების მიღება. ეგვიპტურ ტექსტებში არ გვხვდება არავითარი მინიშნება რაიმე გადასახადის არსებობაზე, მაგრამ ხშირია, როცა მშობლები არიგებენ შვილს, რომ უნდა ისწავლოს, თუ არ უნდა მშობლების მსგავსად „ტალახი ზილოს მინდორში“. კარგი განათლების მიღების შემთხვევაში ეგვიპტელს გარანტირებული ჰქონდა სამსახური და შემდგომი კარიერა მთლიანად მის უნარზე იყო დამოკიდებული. ასეთი რიგითი ეგვიპტელი იყო იმხოტეპი, რომელიც გახდა პირველი პირამიდის არქიტექტორი, ბრწყინვალე ექიმი და ბრძენი, და რომელსაც ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებას, გარდაცვალებიდან ორი ათასი წლის შემდეგ. ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება ფარაონად გახდომის შანსიც კი მისცემოდა (მაგ. ამონემხატ I, ამასისი და სხვ.). შესაძლოა, რიგითი ადამიანის ნიჭისა და უნარის ასეთმა დაფასებამ მისცა ბიძგი ეგვიპტელში პიროვნული თვითშეგნების ძალიან ადრე განვითარებას. ეგვიპტის ისტორიის შექმნაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით სხვადასხვა თანამდებობის მქონე უბრალო წარმოშობის ეგვიპტელებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გრძნობდნენ სახელმწიფოსათვის თავიანთ მნიშვნელობას და მარადიულობისათვის შექმნილი სამარხების კედლებზე ამაყად ათავსებდნენ საკუთარი ცხოვრების აღწერას.