მედიცინა ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაკიკის მკურნალობა

მედიცინა ძველ ეგვიპტეში – ეგვიპტური მედიცინა თავისი დროისათვის უაღრესად განვითარებული იყო. ჰეროდოტეს ცნობით, ეგვიპტეში ყოველი ექიმი ერთ გარკვეულ სნეულებას მკურნალობდა, და ამიტომ „მთელი ქვეყანა ექიმებით არის სავსე. სხვადასხვა ექიმი მკურნალობს თვალს, თავს, კბილებს, კუჭს და შინაგან სნეულებებს“. ასეთი სპეციალიზაცია, რაც თავისთავად მედიცინის მაღალ განვითარებაზე მეტყველებს ეგვიპტურ სამედიცინო პაპირუსებში უკვე მესამე ათასწლეულშია დაფიქსირებული. ეგვიპტელი ექიმები განთქმული იყვნე მთელ იმდროინდელ სამყაროში და ბევრი ქვეყნის მეფე ხშირად სთხოვდა ფარაონს, ექიმები გაეგზავნა მისთვის. ექიმები დიდ პატივისცემით სარგებლობდნენ თვითონ ეგვიპტეშიც. ცნობილი ექიმები ჩვეულებრივ ფარაონთან დაახლოებული პირები იყვნენ, და განსაკუთრებით გამორჩეულებს გაღმერთებაც კი ხვდათ წილად, როგორც მაგ. ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის არქიტექტორს, ცნობილ ექიმს და ბრძენს, იმხოტეპს. მისი კულტი ბერძნულ პერიოდშიც კი, გარდაცვალებიდან ორი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, იყო პოპულარული და ბერძნებმა ის ასკლეპიოსთან გააიგივეს.

ეგვიპტელები ატარებდნენ არაინვაზიურ ქირურგიულ ოპერაციებს, კიდურების ამპუტაციას და პროტეზირებას, ასწორებდნენ და კურნავდნენ მოტეხილ ძვლებს, ხიდებით ამაგრებდნენ მორყეულ კბილებს, ატარებდნენ ყბა-სახის ქირურგიულ ოპერაციებს და სხვ. სხეულის მუმიფიცირების ტრადიციის გამო ეგვიპტელებმა თავისი დროისათვის კარგად იცოდნენ ანატომია. მათ იცოდნენ პულსის და მისი გულთან კავშირის შესახებ. კლემენს ალექსანდრიელის მიხედვით (ჩვ.წ. II ს.) ეგვიპტელებს ჰქონდათ 42 წიგნი, რომლებშიც „ადამიანისათვის საჭირო ცოდნა“ იყო აღწერილი, მათგან ექვსი სამედიცინო იყო: 37. სხეულის აღნაგობა. 38. სნეულებანი. 39. ექიმების ინსტრუმენტები. 40. წამლები. 41. თვალები და მათი დაავადებები. 42. ქალთა დაავადებები. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ეგვიპტელებს ასევე ჰქონდათ ძალიან მდიდარი ფარმაკოპეა. თუმცა ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც ბუნდოვანს და მაგიასთან დაკავშირებულს, ეგვიპტური წამლების ბიოსამედიცინო შესწავლამ დაადგინა, რომ ისინი ხშირად საკმაოდ ეფექტური იყო და ცნობილი წამლების 67%-ის ფორმულა არ ეწინააღმდეგება 1973 წლის ბრიტანეთის ფარმაკოპეის კოდექსს.

ცერა თითის პროტეზი

პირამიდების მშენებლების რაციონში შედიოდა ძალიან დიდი რაოდენობით ბოლოკი, ნიორი და ხახვი, რაზეც ხაზინიდან განსაკუთრებული თანხა გამოიყოფოდა. ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ბოლოკის ბოლქვის ექსტრაქტი შეიცავს რაფანინს (Raphanin), რომელიც ეწინააღმდეგება სტაფილოკოკების გავრცელებას და ინარჩუნებს ამ თვისებას 30 წუთის განმავლობაში დუღილის შემთხვევაში. ნიორი შეიცავს ალიცინს (Allcin), გოგირდის შემცველ ორგანულ შენაერთს, რომელიც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ანტითრომბოზულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. ნიორი და ხახვი შეიცავს ასევე ალისტატინს (Alistatin), ანტიბაქტერიული მოქმედების ნივთიერებას, რომელიც კარგია გაციების და ანთების დროს. ასეთი თვისებების მქონე მცენარეები უდავოდ სჭირდებოდათ მშენებლობებზე, სადაც ტრავმები და ინფექცია ხშირია. მშენებლები განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, და სამუშაოების დროს მიღებული ტრავმების საფასურს ჩვეულებრივ სახელმწიფო ხაზინიდან იხდიდნენ.

მკურნალობისას ეგვიპტურ სამედიცინო ტექსტებში დაფიქსირებულია ავადმყოფის გასინჯვა, დიაგნოზის დასმა, პროგნოზი და მკურნალობა. ცნობილი ედვინ სმიტის სამედიცინო პაპირუსის თანახმად, ეგვიპტური სამედიცინო ეთიკა მოითხოვდა, რომ ავადმყოფისათვის ეთქვათ დიაგნოზი, რომლის სამი ვარიანტი არსებობდა. ექიმს უნდა ეთქვა: „ავადმყოფობა, რომელსაც ვუმკურნალებ“, „ავადმყოფობა, რომელსაც შევებრძოლები“, ან „ავადმყოფობა, რომლის მორჩენა არ შეიძლება“. როგორც ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო, ეგვიპტური მედიცინა გადაჯაჭვული იყო მაგიასთან. ამიტომ წამლებთან ერთად ეგვიპტელმა ექიმებმა უამრავი შელოცვაც იცოდნენ, რომლებსაც წამალთან ერთად „უნიშნავდნენ“ თავიანთ პაციენტებს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ძველი სამეფოს დროს, როცა მედიცინა უკვე ძალიან განვითარებული და სპეციალობებად დაყოფილი იყო, მაგია გაცილებით ნაკლებად „მონაწილეობდა“ მკურნალობაში, ვიდრე გვიანდელ პერიოდში, რასაც ზოგადად პესიმიზმით და თვითრწმენის დაკარგვით ხსნიან.

ეგვიპტელი ექიმები ჩვეულებრივ სახმეტის ქურუმები იყვნენ, რომელსაც მიეწერებოდა დიდი უნარი, განედევნა ბოროტი ძალები სნეული სხეულიდან. მედიცინის მფარველად ითვლებოდა თოტი. სიტყვა „ექიმი“ დაფიქსირებულია მესამე ათასწლეულის დასაწყისიდან. არსებობდა ასევე „ექიმების ზედამხედველები“, „ფარაონის ექიმები“ და ექიმი ქალები.

ჩვენამდე სულ რამდენიმე სამედიცინო პაპირუსმა მოაღწია. მათგან ყველაზე ძველია კახუნის სამედიცინო პაპირუსი, რომელიც ძირითადად ქალურ დაავადებებს და აკუშერის ხელოვნებას ეხება. ედვინ სმიტის პაპირუსი (Pap. Edwin Smith, ჩვ.წ.-მდე 1550 წ.) თავის ტრავმების აღწერით იწყება და გადადის კისრის, ლავიწის ძვლების, გულმკერდის და ხერხემლის ტრავმების აღწერაზე. პაპირუსის დასასრული არ შემონახულა. იგივე პერიოდით არის დათარიღებული ებერსის პაპირუსი (Pap. Ebers), რომელიც უმნიშვნელოვანესია ეგვიპტური მედიცინის შესწავლისათვის. პაპირუსი იყიდა ედვინ სმიტმა, შემდეგ მისგან იქნა შესყიდული გეორგ ებერსის მიერ, რომელმაც ის 1875 წ. გამოსცა. ეს 20 მ. სიგრძის პაპირუსი წარმოადგენს ამონაწერებს 40 სხვა სამედიცინო პაპირუსიდან და მედიცინის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. პაპირუსის 877 პარაგრაფში აღწერილია ციებ-ცხელება, დიზენტერია, სისხლდენები, შეშუპებები, ანევრიზმები, ღვიძლის დაავადებები, კუჭის დაავადებები, თიაქარი, ხველება, ანგინა, ფილტვების ანთება, წყლული, სიმსივნეები, კანის დაავადებები და სხვ. აქვეა რჩევები სხვადასხვა შხამიანი მწერის ნაკბენის საწინააღმდეგოდ და კოსმეტიკური ნაწილი, რომელიც შეიცავს რჩევებს ნაოჭების და ხალების მოშორების, თმების და წარბების შეღებვის და ა.შ. შესახებ. პაპირუსის ბოლოს მოცემულია რჩევები გულისა და სისხლძარღვების შესახებ, რაც ეგვიპტური მედიცინის უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული. ჰერსტის პაპირუსში (Pap. Hearst), რომელიც შესაძლოა ებერსის და სმიტის პაპირუსებზე ოდნავ ახალგაზრდაა, აღწერილია ძვლების დაავადებები. ბერლინის პაპირუსში (Pap. Berlin 3038), რომელიც დაახლ 1300 წლით არის დათარიღებული, ძირითადად რევმატიულ და სისხლძარღვთა დაავადებებზეა მოთხრობილი. ჩესტერ ბიტის პაპირუსში (Pap. Chester Beatty VI, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1300 წ.) აღწერილია სწორი ნაწლავის დაავადებები, კარლსბერგის პაპირუსი (Pap. Carlsberg VIII, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1200 წ.) თვალის დაავადებებს და გინეკოლოგიას ეხება, ლონდონის პაპირუსი (Pap. med. London 10059, დაახლ.ჩვ.წ.-მდე 1350) ძირითადად შელოცვებისაგან შედგება (Grapow, 1959, 83-95). ამას გარდა, ჩვენს ხელთ არის რამესეუმის პაპირუსები (Pap. Ramesseum III, IV, V, დაახლ.ჩვ.წ.-მდე 1700 წ.), რომლებიც გინეკოლოგიას, ოფტალმოლოგიას და პედიატრიას მოიცავს, ბრუკლინის პაპირუსი (Pap. Brooclyn Snake, ჩვ.წ.-მდე 300 წ.) გველის ნაკბენებზე და ჩვ.წ. 150 წლით დათარიღებული კროკოდილოპოლისის პაპირუსი, რომელიც ზოგად საკითხებს ეხება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები