მაგია
მაგია - (magic), ზებუნებრივი ძალების გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს ზემოქმედება გარკვეულ მოვლენებზე ან წინასწარ წარიმართოს ესა თუ ის გამოსავლი (მაგალითად, ვინმეზე ან რამეზე შელოცვა, ჯადოს დადება, მოჯადოება).
მაგია ძველ ეგვიპტეში
მაგია ეგვიპტელთა სულიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. რელიგია და ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაგიასთან და მის გარეშე არ მოიაზრებოდა. მაგიის ისტორია ეგვიპტეში ოთხი ათასზე მეტ წელს მოიცავს. უძველესი ეგვიპტური ამულეტები მეოთხე ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
მაგიური ტექსტები ჩნდება მესამე ათასწლეულის შუახანებში და ყველაზე ახალგაზრდა ჩვ.წ.-ის მეხუთე საუკუნით არის დათარიღებული. მაგია განუხრელად ახლდა თან ყოველდღიურ ცხოვრებას. ნებისმიერი ნაგებობის აგებისას, მისი ზუსტად დაგეგმარების პარალელურად, მას მაგიური შელოცვაც „ესაჭიროებოდა“. სამედიცინო პაპირუსებში, თავისი დროისათვის ანატომიის საოცრად ზუსტი ცოდნის და დიაგნოსტიკის ფონზე, წამლებთან და სამედიცინო მკურნალობასთან ერთად, ავადმყოფს მაგიურ „შელოცვებსაც“ უნიშნავდნენ.
ეგვიპტური სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც „მაგია“, არის „hk“. ხეკა პერსონიფიცირებული იყო, როგორც ღვთაება. ის წარმოადგენდა იმ ერთ-ერთი საწყისის პერსონიფიკაციას, რომლის საშუალებითაც შემოქმედმა შექმნა სამყარო. ხეკას ხანდახან მზის ღმერთის ბასაც (სულს) ეძახდნენ, თუმცა „ძროხის წიგნიდან“ ვიგებთ, რომ მაგიის ხანდახან თავად რას ეშინოდა. სხვა პერსონიფიკაციების მსგავსად, ხეკას არ ჰქონდა დიდი ტაძრები, მაგრამ ჰქონდა სამლოცველოები და ჰყავდა თავისი ქურუმები. „დიადი მაგიით“ იყო ეპითეტი, რომლითაც ზოგიერთ, მაგიაში „განსწავლულ“ ქალღმერთებს (მაგ. ისიდას და სახმეტს) მოიხსენიებდნენ, მაგრამ „დიადი მაგიით“ იყო ასევე განსაკუთრებული ქალღმერთი. მას ლომისთავიანი ქალის ან დიდი გველის სახე ჰქონდა. ურეტ-ხეკაუ მოიაზრებოდა, როგორც ფარაონის ძიძა და ითვლებოდა, რომ ის ფარაონის გვირგვინებში იყო ინკორპორირებული, ამიტომ „ურეტ ხეკაუ“ ეგვიპტის ფარაონის გვირგვინების ერთ-ერთი სახელიც იყო.
ეგვიპტელის წარმოდგენით, ყველა ღმერთს და დემონს თავისი ხეკა გააჩნდა ფარაონს, რომელიც ღვთაებად იყო შერაცხული, ასევე ჰქონდა ხეკა. ითვლებოდა, რომ ხეკა გააჩნდა ასევე ყველა მიცვალებულს, რადგან, ოფიციალური ეგვიპტური წარმოდგენების თანახმად, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ღვთაებრივ სამყაროს უერთდებოდა.