ხეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეკა – (ეგვ. Hk3), ღვთაება, მაგიური ძალის (ეგვ. hk3, მრავლობითში hkw) და ღვთაებრივი ენერგიის პერსონიფიკაცია. ითვლებოდა საიდუმლო ძალად, რომელსაც არსებობის ფლუიდური ფორმა ჰქონდა და ზებუნებრივ ქმედებებს ჩადიოდა. მოიხსენიებოდა ხან ატუმის, ხან კი ხნუმის და მენხიტის შვილად.

პირამიდების ტექსტები გვამცნობს, რომ ღვთაება, რომელიც ხეკას გადაყლაპავს, მისი ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდება. ხანდახან ხეკას აიგივებდნენ შემოქმედ ღვთაებასთანაც, განსაკუთრებით როცა ის, როგორც სიცოცხლის განახლების სიმბოლო, ბავშვის სახით იყო გამოსახული. ხეკა იყო ის ენერგია, რომლის გარეშეც სამყაროს შემოქმედების პროცესი შეუძლებელი იყო. ძველი სამეფოს დროს ითვლებოდა, რომ ხეკა ფარაონსაც გააჩნდა. გარკვეული სიტყვების დახმარებით, ხეკას ძალის გამოყენება ადამიანებსაც შეეძლოთ. ამ სიტყვების ცოდნა ღმერთის საჩუქრად ითვლებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ გამონათქვამების ცოდნა გარდაცვლილთათვის, რომლებსაც მხოლოდ ზებუნებრივი, მაგიური ძალების დახმარებით შეეძლოთ არსებობის გაგრძელება. ექიმები, რომლებიც მკურნალობის დროს მაგიურ შელოცვებსაც იყენებდნენ, ხეკას ქურუმებად ითვლებოდნენ. როგორც ყველა პერსონიფიკაცია, ხეკა ყოველთვის ანთროპომორფულად გამოისახებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები