ეგვიპტის ძველი სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი სამეფო – პერიოდი არქაული (ადრედინასტიური) ეპოქის შემდეგ, როცა ეგვიპტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება საბოლოოდ დასრულდა. ტრადიციულად ძველი სამეფო III-VI დინასტიებს (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2575-2134 წწ.) მოიცავს, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ძველი სამეფოს პერიოდად IV-VIII დინასტიების მონაკვეთს (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2575-2134 წწ.) მიიჩნევს (O’Connor and Silvermann (editors), 1994, XXIX-XXX).

ძველი სამეფოს პერიოდი „პირამიდების ხანის“ სახელით არის ცნობილი, მაგრამ ეგვიპტოლოგიაში მას „ეგვიპტის დიდების“ ხანასაც უწოდებენ, რადგან მომდევნო პერიოდებში ეგვიპტე აღარასოდეს ყოფილა ისეთი გაწონასწორებული და დაცული, როგორც ამ დროს. ამ დროის ეგვიპტის ადმინისტრაცია ერთიან, საათივით აწყობილ მექანიზმს მოგვაგონებს, რომლის მწვერვალზე ზეღვთაება-ფარაონი, მთელი ამ სიმშვიდის და წესრიგის გარანტი მოიაზრებოდა. რიგით ეგვიპტელს არ ჰქონდა არც გარეშე მტრის და არც შიდააშლილობის შიში, რაც ყველაზე კარგად იმდროინდელი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ჩანს – ეგვიპტელი ბრძენი ზოგადსაკაცობრიო მორალური ნორმების დაცვაზე ლაპარაკობს, მაშინ, როცა შემდგომი პერიოდების დარიგებები საოცარი პესიმიზმით არის განმსჭვალული.

ძველი სამეფოს პირამიდების გრანდიოზულობა არა მარტო იდეალურად აწყობილი სახელმწიფო მანქანის დემონსტრაციაა რადგან მხოლოდ ასეთ სახელმწიფოში იყო შესაძლებელი მსგავსი გრანდიოზული პროექტების განხორციელება – ისინი თვალნათლივ მეტყველებს, რომ ქვეყნის უზენაესი ღვთაების, ფარაონის მსახურება ქვეყნის ძირითად მიზანს წარმოადგენა. მაგრამ IV-V დინასტიების მიჯნაზე ხდება უდიდესი ცვლილებები ქვეყნის იდეოლოგიაში – ფარაონი თანდათან უთმობს უზენაესი ღვთაების ტახტს მზის ღვთაებას, და თვითონ „მზის ვაჟიშვილად“, ანუ მეორე თაობის ღვთაებად „გარდაისახება“. ამ ცვლილებას ემთხვევა არა მარტო პირამიდების საოცარი შემცირება ზომაში, არამედ შენების ხარისხშიც. VI დინასტიიდან ამ მოვლენას ემატება ნომარქების საოცარი აღზევება და ფარაონის მიერ ძალაუფლების თანდათან დაკარგვა. ძველი სამეფოს დასასრულისათვის ეგვიპტე უკვე ფაქტობრივად ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ყველა ნომს თავისი ნომარქი განაგებს

ძველი სამეფოფარაონები:

ჯოსერი;
სნოფრუ;
ხეოფსი;
ხეფრენი;
მენკაურა;
შეპსესკაფი;
უსერკაფი;
სახურა;
ნეფერირკარა;
შეპსესკარა;
ნეფერეფრა;
ნიუსერრა;
მენკაუხორი;
ჯედკარა;
უნისი;
ტეტი;
პეპი I და II;
მერენრა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები