სახურა
სახურა – (ეგვ. 3w-R, „ის, ვინც ახლოსაა რასთან“, დაახლ ჩვ.წ.-მდე 2458-2446 წწ.), V დინასტიის მეორე ფარაონი.
ტურინის პაპირუსის თანახმად, იმეფა 12 წელს. შესაძლოა, იყო უსერკაფის შვილი. პირველმა აიგო პირამიდა აბუსირში. აქვე ააგო თავისი მზის ტაძარი, მაგრამ ის აღმოჩენილი არ არის. ცნობილია, რომ მოაწყო ექსპედიციები ბიბლოსში, რადგან მისი პირამიდის კედლებზე გამოსახულია გემები, რომლებმაც სავარაუდოდ კედარის ხე ჩამოიტანა. ცნობილია მისი ექსპედიციები სინაიზე და დიორიტის სამტეხლოებში, აბუ სიმბელის მიდამოებში. მისი მოსახსენიებელი ტაძრის კედელზე გამოსახული სირიული დათვები ამ ჯიშის უძველეს გამოსახულებას წარმოადგენს.
სახურას პირამიდის დასაკრძალი ოთახის კედლებზე მოთავსებულია ლიბიელებთან ბრძოლების სცენები, რაც ახსნილი იყო, როგორც სამხედრო ექსპედიცია ლიბიელების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რიტუალური გამოსახულებაა და არა რეალური ბრძოლის ასახვა, რადგან ზუსტად იგივე სცენა (იგივე ლიბიელი დიდგვაროვნის სახელით) ნაპოვნია პეპი II-ის ტაძარში. იმ დროის ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სცენის რიტუალურმა ასახვამ შეიძლება მისი გამეორება გამოიწვიოს, ამიტომ ასეთი სცენების ინტერპრეტაციის დროს სიფრთხილეა საჭირო. როგორც ჩანს, გრძელდებოდა კონტაქტი ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთანაც, რადგან ოქროთი მოვარაყებული სკამი სახურას სახელით ნაპოვნია დორაკში, ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, ზღვის სანაპიროდან 200 კმ. დაშორებით. პალერმოს ქვაზე მისი მეფობის დროს დაფიქსირებულია ასევე დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი ექსპედიცია პუნტში, საიდანაც საკმეველი და ელექტრუმი ჩამოიტანეს.