პუნტი
პუნტი – (ეგვ. Pwnt), ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ აღმოსავლეთ სუდანის და ჩრდილოეთ ერიტრეას შორის მდებარეობდა.
ეგვიპტელები აღწერდნენ პუნტს, როგორც „ღმერთის ქვეყანას“. მათ იქიდან ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური საქონელი: მირრა, საკმეველი, ელექტრუმი (ოქროს და ვერცხლის შენადნობი), ოქრო, სპილოს ძვალი, გუმფისი, ლეოპარდის ტყავები, ჟირაფის კუდები და სხვ. ეგვიპტელებმა პუნტში ექსპედიციების გაგზავნა სავარაუდოდ V დინასტიიდან დაიწყეს. განსაკუთრებით გახშირდა ექსპედიციები შუა სამეფოდან, მაგრამ რამსეს III-ის შემდეგ ისინი შეწყდა და გვიანი პერიოდის ეგვიპტელები მათ მითიური მოვლენებივით მოიხსენიებდნენ. სავარუდოდ, ექსპედიციების მარშრუტი თებეს რეგიონიდან იწყებოდა და ვადი ჰამამატის გავლით აღწევდა მერსა გავასისამდე წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ალექსანდრიის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ძველეგვიპტური პორტის ნარჩენები, რომლებიც შუა სამეფოს პერიოდით დათარიღდა. აქედან უკვე გემებით მიცურავდნენ დაახლოებით თანამედროვე პორტ სუდანის მიდამოებამდე, სადაც კვლავ ჩადიოდნენ ხმელეთზე და კონტინენტის სიღრმეში შედიოდნენ. ეს ექსპედიციები სავარაუდოდ ნილოსის მეხუთე ჭორომის სამხრეთით მდებარე ტერიტორიამდე აღწევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვით მოგზაურობის მარშრუტის რეკონსტრუქცია ხერხდება ხატშეპსუტის დეირ ელ-ბაჰარის ტაძრის რელიეფების მიხედვით. დედოფალმა პუნტში დიდი ექსპედიცია გააგზავნა და მისი სცენები თავისი ტაძრის კედლებზე მოათავსებინა.