რამსეს III
რამსეს III – (ჩვ.წ.-მდე 1194-1163 წწ.) XX დინასტიის მეორე ფარაონია. მისი მამა, ნაკლებად ცნობილი ფარაონი სეტნახტი, რომელიც XX დინასტიის დამაარსებლად ითვლება, შესაძლოა რამსეს II-ის შვილიშვილი იყო.
რამსეს III ეგვიპტის უკანასკნელ დიდ ფარაონად და საუკეთესო სტრატეგად არის მიჩნეული, რადგან საბრძოლო გამარჯვებებს იხვეჭდა იქ, სადაც მისი ცნობილი სეხნია დიპლომატიას იშველიებდა. მეფობის მეხუთე წელს წარმატებით ებრძვის ლიბიელებს, მერვე წელს უკუაგდო ზღვის ხალხების გრანდიოზული შემოსევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეგვიპტის ისტორიისათვის – აქ დამარცხებას ქვეყანა შეიძლება დასასრულამდე მიეყვანა. გაძევების შემდეგ მტერს დასავლეთ აზიის ტერიტორიამდე სდია, რითაც გამორიცხა მისი ხელახალი თავდასხმა. მეთერთმეტე წელს ისევ დაამარცხა ლიბიელები. ამჯერად, მომავალი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, მან აიძულა ათასობით ტყვე, გადმოეკვეთათ ნილოსი და ისინი ეგვიპტის სამხედრო ბანაკებში ჩაასახლა. ეს რამსეს II-ის პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელსაც ასევე ჩამოჰყავდა სამხედრო ტყვეები ეგვიპტეში. ამ პოლიტიკით რამსეს II-მ და III-მ საფუძველი ჩაუყარეს დიდ ლიბიურ დასახლებებს დასავლეთ დელტაში, რომლებმაც შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეგვიპტის ისტორიაში.
ცნობილია რამსეს III-ის რამდენიმე მთავარი დედოფალი, ერთი ქალიშვილი და ათამდე ვაჟიშვილი, რომელთაგან ორი (რამსეს IV და VI) ფარაონი გახდა. რამსეს III-თან დაკავშირებულია ასევე დიდი შეთქმულება, რომელსაც მისი ერთ-ერთი ცოლი, ტიი ხელმძღვანელობდა. შეთქმულება მიზნად ისახავდა ფარაონის მოკვლას თებეში, ოპეტის დღესასწაულის დროს. სავარაუდოდ, ტიის უნდოდა ტახტზე თავისი შვილის, პენტაურის აყვანა. შეთქმულება გაიხსნა, და მონაწილეები გაასამართლეს. პროცესს, რომელიც აღწერილია ე.წ. „ჰარამხანის შეთქმულების პაპირუსში“, თვითონ რამსეს III ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის პროცესის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა – თავისით, თუ შეთქმულებმა მაინც მიაღწიეს საწადელს, ცნობილი არ არის. თუმცა მის მუმიას არავითარი ძალადობის კვალი არ ატყვია. პროცესის ხელმძღვანელობა რამსესის შვილმა და მემკვიდრემ, რამსეს IV-მ გააგრძელა. შეთქმულები სიკვდილით დასაჯეს (ეგვიპტეში სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მხოლოდ ფარაონს შეეძლო), მათ შორის დედოფალიც, თუმცა ზოგიერთ მათგანს შესთავაზეს თვითმკვლელობა საწამლავის მიღების გზით.
რამსეს III-ის მეფობის დასასრულს ქვეყანაში დაიწყო სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რაზეც მეტყველებს სამეფო ნეკროპოლისის მსახურების დეირ ელ-მედინეს მცხოვრებთა გაფიცვა. შესაძლოა, ეს დიდი ბრძოლების და მშენებლობების შედეგიც იყო. რამსეს III ბევრს აშენებდა. ყველაზე ცნობილია მისი მედინეტ-ჰაბუს მოსახსენიებელი ტაძარი, შესანიშნავი ბრძოლის სცენებით ლიბიელებთან და ზღვის ხალხებთან. მან ასევე დაიწყო ხონსუს ტაძრის რეკონსტრუქცია ამონის კარნაკის ტაძარში. რამსეს III-ის სამარხი მეფეთა ველზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარხია.