რამსეს II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამსეს II

რამსეს II − ეგვიპტის XIX დინასტიის ფარაონი, (ჩვ.წ.-მდე 1290-1224 წწ.) სეტი I-ის შვილი და რამსეს I-ის შვილიშვილი იყო. ბერძნული წყაროებიდან ცნობილია ასევე, როგორც ოზიმანდიასი, რაც მისი სატახტო სახელიდან (Wór my.t R, „ძლევამოსილია რას სიმართლე“) მომდინარეობს.

სარჩევი

მეფედ კურთხევა და ოჯახი

ტახტზე დაახლ. ოცი წლის ასაკში ავიდა და 66 წელზე მეტ ხანს იმეფა. თუმცა ეგვიპტეს ჰყოლია რამსესზე უკეთესი მხედართმთავრები (მაგ. თოტმეს I და III), მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ეგვიპტის ყველაზე ბრწყინვალე ფარაონს, მისი შთამომავლები კი „დიდ წინაპარს“ ეძახდნენ.

თავისი ხანგრძლივი მეფობის განმავლობაში რამსეს II-ს რვა მთავარი დედოფალი, დაახლ. 50 ვაჟიშვილი და ამდენივე ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი თავიანთი მამის მიერ აგებული მრავალრიცხოვანი ტაძრის კედლებზე. მისი ყველაზე საყვარელი დედოფალი იყო ნეფერტარი, რომელსაც მიუძღვნა ულამაზესი ტაძარი აბუ სიმბელში (ტაძრის წარწერებში მან თითქოს კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული ნეფერტარის), ყველაზე გამორჩეული შვილი კი ხაემუასეტი. რამსესის ხანგრძლივი სიცოცხლის (დაახლ. 90 წელი) დასასრულისათვის ორივე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, და ტახტზე მისი რიგით მეცამეტე ვაჟიშვილი, მერნეპტახი ავიდა.

ლაშქრობები

მეფობის პირველი ნახევარი რამსესმა ბრძოლებში გაატარა. გამეფების მეორე წელს მან დაამარცხა ზღვის ხალხების (კერძოდ, შერდენის, ლუკას და შეკელეშის) შემოტევა, რომლებიც აყაჩაღებდნენ ეგვიპტურ გემებს სავაჭრო მარშრუტებზე. ბრძოლა, რომლის შესახებ მოგვითხრობს ტანისთან ნაპოვნი სტელა, სავარაუდოდ ზღვაზე, ნილოსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ლაშრობა ხეთების სამეფოში

უკვე სეტი I-ის დროს დაიძაბა ურთიერთობა ხეთების სამეფოსა და ეგვიპტეს შორის, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, რადგან ეხნატონის მეფობის დროს და მის შემდეგ, როცა ეგვიპტეს არ ეცალა საგარეო ურთიერთობებისათვის, ხეთები აზიაში დომინირებული ძალა გახდა. რამსეს II-ის დროს ეს დაძაბულობა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. ხეთების სამეფოში ამ დროს გარდაიცვალა მურსილი II, რომელიც მუვათალი II-მ შეცვალა. როცა მეფობის მეოთხე წელს რამსესმა ჩაატარა სამხედრო კამპანია აღმოსავლეთში და დადგა თავისი პირველი გამარჯვების სტელა ბიბლოსის სამხრეთით, ამურუს მეფემ, დიდი ხნის განმავლობაში ხეთების მოკავშირემ, ჩათვალა, რომ მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ეგვიპტესთან დაემყარებინა მეგობრული ურთიერთობა.

ქადეშის ბრძოლა

შედარებით ადვილად მიღწეული წარმატებით წახალისებულმა რამსესმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყო დიდი კამპანია სირიაში. კამპანიის მასშტაბებიდან ჩანს, რომ მას გრანდიოზული მიზნები ამოძრავებდა. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად შედგა ქადეშის ბრძოლა. რამსესის ჯარი სავარაუდოდ 20 000 კაცისაგან შედგებოდა და ოთხ დანაყოფად იყო დაყოფილი. ამონის დანაყოფი ავანგარდს წარმოადგენდა და მას თავად ფარაონი ედგა სათავეში. მას რას, პტახის და სეტხის დანაყოფები მიჰყვებოდნენ. ჯარი დაიძრა ჩრდილოეთისაკენ ეგვიპტის სასაზღვრო ფორტ ტარუდან, და პალესტინის და ფინიკიის გავლით მიადგა ამაღლებას მდინარე ორონტის აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც ფერდობი ეშვება და ქმნის დაბლობს ქადეშის ირგვლივ. რამსესი, რომელსაც აქამდე მოწინააღმდეგე არ შეხვედრია, აქ დაბანაკდა, და მეორე დღეს მიაღწია რიბლეს, პატარა ქალაქს ქადეშიდან თხუთმეტი კმ. სამხრეთით. ქალაქთან მას დახვდა ორი ბედუინი (ხეთების მეფის მსტოვრები), რომლებმაც მოახსენეს, რომ აზიელებმა დაიხიეს ჩრდილოეთით, ალეპოს მიმართულებით, და ტუნიპს იქით იმყოფებიან. მოტყუებულმა რამსესმა გადაკვეთა ორონტი თავის დანაყოფთან ერთად, მაშინ, როცა მისი ჯარის სხვა დანაყოფები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყო. ამ დროს ხეთების ჯარი (სავარაუდოდ ასევე 20 000), გაძლიერებული სირიელი მოკავშირეების ძალებით, ქადეშში იყო გამაგრებული და შესანიშნავად ხედავდა რამსესის გადაადგილებას. როცა ეგვიპტელი დაიძრა ქალაქისაკენ დასავლეთის მიმართულებით, ხეთებმა სასწრაფოდ მოახდინეს თავიანთი ძალების დისლოკაცია აღმოსავლეთით და სამხრეთით ისე, რომ ქალაქი მათ და ეგვიპტურ ძალებს შორის ყოფილიყო მოქცეული. ამისათვის ხეთებს მოუხდათ ძალების ნაწილის ორონტზე გადყვანა, მაგრამ მათი გადანაცვლება ქალაქით იყო შენიღბული. რამსესი, სავარაუდოდ სავსებით დარწმუნებული, რომ მოწინააღმდეგე შორსაა, დაბანაკდა შედარებით მცირე რაზმით ქალაქის ჩრდილოეთით. ამგვარად ხეთებმა, ოსტატური მანევრირებით, დაიკავეს საუკეთესო პოზიცია, რომლის ოპტიმალურად გამოყენებით რამსესის სრული განადგურება სავსებით რეალური იყო. ამ დროისათვის ფარაონს წამოეწია თავისი ამონის დანაყოფი, მაგრამ ჯარისკაცებმა დაიჭირეს ხეთების ორი მსტოვარი, რომლებიც ცემით აიძულეს ეთქვათ სიმართლე. შეშფოთებული, რამსესი სასწრაფოდ აგზავნის ვეზირს თავისი დანაყოფებისაკენ ბრძანებით, რომ მათ ნაბიჯს აუჩქარონ, მაგრამ ამ დროს ხეთები იწყებენ შეტევას ეტლოსნებით, რომლებიც შეიჭრნენ რას დანაყოფის შუაგულში მაშინ, როცა ჯარისკაცები ჯერ კიდევ მარშით მოდიოდნენ და არ იყვნენ მზად საბრძოლველად. ჯარისკაცები გარბიან ჩრდილოეთისაკენ და ირევიან ამონის დანაყოფში. ამ დროს ხეთების ეტლოსნები იჭრებიან თავად რამსესის ბანაკში, ფარაონი რაღაც მომენტში სრულიად მოწყვეტილია თავისი დანაყოფიდან, და უკვე ხედავს მოწინააღმდეგეს, რომელიც მისკენ ოთხი მხრიდან მოიწევს. დღევანდელი გადასახედიდანაც ადვილი წარმოსადგენია ის ტოტალური არეულობა, რომელმაც შეიძლება დაისადგუროს ჯარში, როცა ასეთი მასშტაბური ბრძოლა სრულიად მოულოდნელად იწყება. მხოლოდ რამსესის პირადმა ვაჟკაცობამ გადაარჩინა ეგვიპტელების ჯარი სრული განადგურებისაგან.

ქადეშის ბრძოლა არა მარტო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრძოლაა მსოფლიო ისტორიაში. ის საინტერესოა იმითაც, რომ ეს არის ქრონოლოგიურად პირველი ბრძოლა, სადაც შეიძლება თვალი გავადევნოთ მოწინააღმდეგეების გადაადგილებას და ბრძოლის ტაქტიკას. რამსესი არ აღმოჩნდა დიდი სტრატეგი ან განჭვრეტის უნარით დაჯილდოებული მხედართმთავარი, მაგრამ მისი პირადი გამბედაობა და ვაჟკაცობა პატივისცემას იმსახურებს, რადგან მხოლოდ ამ თვისებების წყალობით მოახერხა თავისი თავის და ჯარის გადარჩენა. რადგან მის მთავარ მიზეზს ქადეშის აღება და ხეთების მცირე აზიაში გაძევება წარმადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ რამსესი საბოლოო ჯამში დამარცხდა, მაგრამ ის დაბრუნდა ეგვიპტეში, როგორც გამარჯვებული. მან მოათავსებინა ბრძოლის აღწერა მრავალი ტაძრის კედელზე (არც ერთ მოვლენას არა აქვს დათმობილი ეგვიპტეში ამდენი კედლის სივრცე კარნაკში, ლუქსორში, დასავლეთ თებეში, აბიდოსში, აბუ სიმბელში, და სავარაუდოდ დელტის იმ ტაძრებში, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია).

წარწერები გვამცნობს, თუ როგორ იბრძოდა რამსესი მტრების შუაგულში და როგორ ამხნევებდა ჯარს პირადი მაგალითით, თუ როგორ სთხოვა ამონს დახმარება, და ღმერთის წყალობით გაანადგურა 2500 ეტლისაგან შემდგარი ხეთების ავანგარდი. ეგვიპტური ტექსტებიდან იკვეთება საოცარი კონტრასტი მებრძოლ რამსესს და მუვათალის შორის, რომელიც თვითონ არც ერთხელ არ ჩაბმულა ბრძოლაში. რასაკვირველია, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ერთმა მეომარმა ასეთი სასწაული მოახდინა, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მახეში გაბმულმა და ალყაშემორტყმულმა რამსესის ჯარმა მოახერხა თავის დაღწევა ისე, რომ ვერც მუვათალიმ იზეიმა სრული გამარჯვება, და ამაში უდავოდ რამსესის დამსახურებაც უნდა დავინახოთ.

სამშვიდობო ხელშეკრულება ხეთებთან

მომდევნო წლებში რამსესმა მოაწყო კიდევ რამდენიმე კამპანია პალესტინასა და სირიაში, დაიპყრო ასკალონი, მაგრამ საბოლოოდ ორივე სახელმწიფომ გაიაზრა, რომ უპრიანი იყო დაზავება და ძალის დაზოგვა ზღვის ხალხების მზარდი იერიშების მოსაგერიებლად. რამსესის მეფობის დაახლოებით ოცდამეერთე წელს ეგვიპტემ და ხეთებმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას, რომელიც ურთიერთდახმარებასაც ითვალისწინებდა. დღეს ჩვენს ხელთ არის ხელშეკრულების როგორც ხეთური, ასევე ეგვიპტური ვარიანტი. ორივე მათგანის თანახმად, დაზავების ინიციატივა მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდა. რამდენადაც ცნობილია, შეთანხმება არც ერთ მხარეს არ დაურღვევია. დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ მერნეპტახმა გააგზავნა ხორბალი ხეთების ქვეყანაში, როცა იქ შიმშილი იყო, რაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულება კიდევ მოქმედებდა. შეთანხმების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, მეფობის ოცდამეთოთხმეტე წელს რამსეს II დაქორწინდა ხეთების მეფის (ამ დროისათვის ხატუსილის) ქალიშვილზე.

სამშენებლო პროექტები

რამსესის ბოლო წლები მშვიდობიანი იყო, და ის ძალიან ბევრს აშენებდა. ნუბია, სადაც რამსესმა კამპანია მეფობის დასაწყისში ჩაატარა, დაწყნარებული იყო. აქ თხრიდნენ ახალ ჭებს ოქროს მოსაპოვებლად და ბევრს აშენებდნენ ცნობილი აბუ სიმბელის გარდა, რამსესმა ნუბიაში დერის, ბეტ ელ-ვალის, ვადი ეს-სებუას, გერფ ჰუსეინის და აკშეს ტაძრები ააგო). კარნაკში მან დაასრულა ჰიპოსტილური დარბაზის მშენებლობა, გაადიდა ლუქსორის ტაძარი (მიუშენა წინა ეზო პილონებით), დასავლეთ თებეში აიგო გრანდიოზული მოსახსენიებელი ტაძარი, რომელიც რამესეუმის სახელით არის ცნობილი. მამის მსგავსად, აიგო მოსახსენიებელი ტაძარი აბიდოსშიც. იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური რუკის გათვალისწინებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, აღმოსავლეთ დელტაში დაიწყო ახალი დედაქალაქის, პირამსესის მშენებლობა, სადაც სამეფო რეზიდენცია გადაიტანა.

ხანგრძლივი მეფობის განმავლობაში მან იზეიმა 14 ხებსედი – მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფარაონმა. დაიკრძალა რამსეს II მეფეთა ველზე, მაგრამ მოგვიანებით მისი მუმია გადაიტანეს ცნობილ დეირ-ელ-ბაჰარის სამალავში, სადაც აღმოაჩინეს 1881 წელს. 1995 წელს მეფეთა ველზე აღმოჩენილი იქნა გრანდიოზული სამარხი (KV 5, დაახლ. 200 კორიდორით და ოთახით), სადაც რამსესის ვაჟიშვილებია დაკრძალული.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები