თოტმეს I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოტმეს I

თოტმეს I – ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი (ჩვ.წ.-მდე 1504-1492 წწ.). თოტმეს I-ის წარმომავლობა ნათელი არ არის, ამონხეტეპ I-ის და მისი დის და მთავარი მეუღლის, იახმეს მერიტამონის ერთადერთი ვაჟიშვილი, ამონემხატი ბავშვობაში გარდაიცვალა. შესაძლოა, მათ დარჩათ ქალიშვილი იახმესი, რომელიც ამონხეტეპმა თავის სამხედროზე, თოტმესზე დააქორწინა. იმავდროულად, იახმესი არსად არ სახელდება, როგორც „მეფის ქალიშვილი“, ამიტომ ზოგიერთის აზრით ის თვითონ თოტმესის, ან ამონხეტეპ I-ის დაა. თოტმესი და ამონხეტეპი ერთად არიან მოხსენიებული ამონხეტეპის გარდაცვალებამდე გაცილებით ადრე. ვარაუდს, რომ თოტმესი თავის მემკვიდრედ თავად ამონხეტეპმა აარჩია, ის ფაქტიც ამყარებს, რომ თოტმესი შესანიშნავი სამხედრო იყო. თოტმესის მამის სახელი უცნობია, დედა სენესენები უბრალო წარმოშობის ქალი იყო. გასაკვირი არაა, რომ მდგომარეობის გასამტკიცებლად თავისი გამეფების დღეს თოტმესმა გაუგზავნა სპეციალური წერილი ყველა მაღალი თანამდებობის პირს. ის მათ ამცნობდა თავის ტახტზე ასვლის ფაქტს, სრულ ტიტულატურას და მოითხოვდა, რომ ყველა ფიცი მისი სახელით ყოფილიყო დადებული.

მეფობის მეორე წელს თოტმესმა მოაწყო ლაშქრობა ნუბიაში, რომლის დროსაც წაიწია კერმას სამხრეთით, კუნძულ არგომდე ნილოსის მესამე და მეოთხე ჭორომებს შორის. პირადად მოკლა ბრძოლაში აჯანყებული ნუბიელების ბელადი, რომელიც უკან დაბრუნებისას გემის კიჩოზე ჰყავდა ჩამოკიდებული. მეორე ექსპედიციის დროს (მეფობის მესამე წელს) მან გააწმენდინა სენუსერტ III-ის მიერ გაყვანილი არხი ნილოსის პირველ ჭორომთან გადანაცვლების გასაადვილებლად. მიაღწია მესამე ჭორომამდე, სადაც ტომბოსთან ააგო ფორტი და აღმართა სტელა. მეფობის მეორე წელს მოაწყო წარმატებული ლაშქრობა აზიაში, გადაკვეთა ევფრატი და დაამარცხა მითანის სამეფოს ჯარი. წარმატება აღნიშნა სტელის აღმართვით ევფრატის ნაპირზე და სპილოებზე ნადირობით სირიაში. მეოთხე წელს გაემართა ნუბიაში აჯანყების ჩასახშობად და ჩავიდა მეოთხე ჭორომზე სამხრეთით, სადაც კურგუსთან მისი წარწერაა ნაპოვნი. ამის შემდეგ მან ააგო ნუბიაში ფორტების ჯაჭვი და დააწესა ისეთი ადმინისტრაციული სისტემა (ნუბია ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყო), რომლის წყალობით ნუბია მოექცა ეგვიპტის დაქვემდებარებაში მიმდევნო 500 წლის განმავლობაში. თოტმესის სამხედრო ლაშქრობების შედეგად, ეგვიპტის მიერ დაპყრობილი ტერიტორია გავრცელდა სამხრეთით ნილოსის მეოთხე ჭორომამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთით – ევფრატის ნაპირებამდე. თავისი კამპანიებით ზემო ნუბიასა და დასავლეთ აზიაში თოტმეს I ამტკიცებს, რომ იგი იყო შესანიშნავი სარდალი და თითქმის არ ჩამოუვარდებოდა თავის განთქმულ შვილიშვილს, თოტმეს III-ს.

დაპყრობილი ტერიტორიებიდან ეგვიპტეში აურაცხელი სიმდიდრის შემოდინება დაიწყო, ამიტომ გაკვირვებას არ იწვევს თოტმესის მშენებლობები ნუბიაში, აბიდოსში, არმანტში, ომბოსში, ელ ჰიბაში, მემფისში და ედფუში, მაგრამ ყველაზე მასშტაბური მშენებლობები მან კარნაკის ტაძარში ჩაატარა. თოტმეს I იყო პირველი ფარაონი, რომელმაც აიგო სამარხი ვადი ელ-ბიბან ელ-მულუქში ე.წ. „მეფეთა ველზე“. მისი მოსახსენიებელი ტაძარი ნაპოვნი არ არის. თოტმეს I-ის მუმია აღმოჩნდა 1881 წ. ცნობილ სამალავში დეირ-ელ-ბაჰარიში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები