სენუსერტ III
სენუსერტ III – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1878-1841? წწ.) სენუსერტ I-ის შვილი იყო. სენუსერტ I-თან ერთად მას მოიხსენიებენ, როგორც არა მარტო XII დინასტიის, არამედ ეგვიპტის ერთ-ერთ უდიდეს ფარაონს და მებრძოლს.
ამ ექსტრაორდინარული გარეგნობის მქონე ფარაონის დროს (მანეთონის ცნობით, იგი გოლიათური აღნაგობის იყო. XII დინასტიის წარმატებები კულმინაციას აღწევს. პირველ რიგში მან თავისი ინტერესი ნუბიისაკენ მიმართა, სადაც ეგვიპტური ჯარების სწრაფ გადაადგილებას ხელს უშლიდა ნილოსის გაუვალობა პირველ ჭორომთან. სენუსერტმა კლდეებისაგან გაწმინდა და გააღრმავა არხი და საკუთარი მეთაურობით ნუბიაში ოთხი სამხედრო რეიდი მოაწყო მეფობის მერვე, მეათე, მეთექვსმეტე და მეცხრამეტე წელს. ქვეყნის სრულიად დამორჩილების შემდეგ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილებში ააგო რვა ფორტისაგან შემდგარი ჯაჭვი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ისეთ მანძილებზე, რომ საგანგაშო სიგნალი ერთმანეთისთვის გადაეცათ (ბუხენი, მირგისა, შალფაკი, ურონარტი, ასკუტი, დაბენარტი, სემნა და კუმა. ყველაფერ ამით მან ნუბია ეგვიპტის პროვინციად გადააქცია. სემნაში თავისი გამარჯვების აღსანიშნავად აღმართული სტელიდან ასე მიმართა შთამომავლობას: „მე გავწიე საზღვარი ჩემს წინაპრებზე უფრო შორს, მოვიპოვე მეტი, ვიდრე მათგან მქონდა დავალებული. მე ვარ მეფე, რომელიც აკეთებს, რასაც ამბობს. ის შვილი, რომელიც დაიცავს ჩემს მონაპოვარს, ჩემი შვილია, ის, ვინც არ დაიცავს, ჩემი შვილი არ არის“.
ქვეყანა ფარაონმა დაყო სამ ადმინისტრაციულ ერთეულად: ჩრდილოეთი, სამხრეთი და „სამხრეთის თავი“ (ელეფანტინა და ჩრდ. ნუბია). თითოეულ მათგანს მართავდა „საბჭო“, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვეზირის მიმართ. ყველაფერ ამით მან წამოსწია საშუალო კლასი, რომელიც ინკორპორირებული იყო ადმინისტრაციაში და აღარ იყო დამოკიდებული ნომარქზე. ამ ცვლილებებით საბოლოოდ დაიქვემდებარა ნომარქები, გადააქცია ისინი გვირგვინის მსახურებად და პრაქტიკულად გააუქმა მათი ფეოდალური სამფლობელოები. თავისი სამხედრო ლაშქრობებით და ქვეყანაში წესრიგის დამყარებით სენუსერტმა ბიძგი მისცა ეკონომიკური აყვავების, ხელოსნობის და ვაჭრობის აღორძინების და ურბაზაციის ხანას.
მეფობის მეოცე წელს მან თანამმართველად აიყვანა თავისი შვილი ამონემხატ III. პირამიდა აიგო დაშურში, სნოფრუს „წითელი პირამიდის“ სამხრეთით. სენუსერტის პირამიდა სიდიდით ბევრად აღემატება XII დინასტიის ფარაონების პირამიდებს (გვერდის სიგრძე – 72მ., სიმაღლე – 78მ). პირამიდების კომპლექსი შეიცავდა ასევე შვიდ პირამიდას დედოფლებისათვის და ორ ტაძარს – ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამხრეთის ტაძარი დანგრეულია. სენუსერტმა აიგო ასევე დიდი სამარხი კომპლექსი აბიდოსში – უზარმაზარი მიწისქვეშა სამარხი, ტაძარი და ქალაქი კომპლექსის მოსავლელად, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ის აქ იყო დაკრძალული.
სენუსერტ III მიეკუთვნებოდა იმ მცირერიცხოვანი ფარაონების რიცხვს, რომელთა გაღმერთება სიცოცხლეშივე მოხდა. სემნაში მისი კულტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც არის დაფიქსირებული. იგი ცნობილია ასევე თავისი საოცრად მაღალმხატვრული, რეალისტური პორტრეტებით, რომლებსაც, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში, საოცარი ტრაგიკულობის დაღი აზის. ამიტომ ითვლება, რომ ამ ყოველმხრივ წარმატებულ მეფეს უდიდესი პირადი ტრაგედია ჰქონდა.