ამონემხატ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონემხატ III – XII დინასტიის ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.1878-1797) (სენუსერტ III-ის ვაჟი), რომელსაც მემკვიდრეობით დაწყნარებული და აყვავებული ქვეყანა ერგო.

ამონემხატ III ნაკლებად იყო დაინტერესებული სამხედრო ლაშქრობებით. იგი ცნობილია თავისი რეგულარული ექსპედიციებით სინაის მაღაროებში (სპილენძისათვის) და ვადი ჰამამატში (სამშენებლო ქვისათვის), და გრანდიოზული მშენებლობებით. მან ჩაატარა უდიდესი საირიგაციო სამუშაოები ფაიუმის ტბის მიდამოებში, სადაც ააგო 40კმ. სიგრძის დამბა და მოაწყო რთული შლუზების სისტემა, რომელთა წყალობით ჭაობს 80 კვ.კმ. მიწა გამოსტაცა. მან ასევე გათხარა 16 კმ. სიგრძის და 1.5 კმ. სიგანის არხი (დღეს ცნობილი ბაჰრ იუსუფის სახელით), რომელიც ნილოსის წყლებს ტბისაკენ გადაისროდა. არხს ეგვიპტელები „დიდ არხს“ (ეგვ. Mr-wr) ეძახდნენ, საიდანაც წარმოიშვა ბეძნული Moeris (დღეს ტბის სახელი ბირკეტ ქარუნია). ამ გრანდიოზული სამუშაოების შედეგად ფაიუმის ოაზისი ეგვიპტის ყველაზე ნაყოფიერ რეგიონად გადაიქცა.

პირველი პირამიდის (ე.წ. „შავი პირამიდა“) აგება მან დაშურში დაიწყო, მაგრამ მოუხდა მშენებლობის მიტოვება კონსტრუქციული პრობლემების გამო. საბოლოოდ თავისი პირამიდა ფაიუმთან ახლოს (ჰავარაში) ააგო. პირამიდის სამხრეთით ამონემხატ III-მ აიგო გრანდიოზული მოსახსენიებელი ტაძარი, რომელიც ლაბირინთის სახელით არის ცნობილი და რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ბერძნები და რომაელები. ჰეროდოტეს აღწერით, ტაძარს, რომელსაც თორმეტი ბაღი და 3000 ოთახი ჰქონდა, ვერ შეედრებოდა „ყველეფერი რომ ერთად შეიკრიბოს ბერძნების მიერ აგებული“.

ფაიუმის რეგიონში ამონემხატს ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებას. მისი კულტის არსებობა აქ დაფიქსირებულია გარდაცვალებიდან ორასი წლის შემდეგაც. მისი შთამომავლის, ამონემხატ IV-ის (ძვ.წ.1798-1790) ხანმოკლე მეფობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მის შემდეგ ტახტზე ადის ქალი-ფარაონი, ამონემხატ III-ის ქალიშვილი და ამონემხატ IV-ის მეუღლე სობეკ-ნეფრუ, რომლის სამწლიანი მეფობით ბრწყინვალე XII დინასტია სრულდება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები