სენუსერტ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენუსერტ I

სენუსერტ I – (ჩვ.წ.-მდე 1971-1926 წწ.) ეგვიპტის XII დინასტიის მეორე ფარაონი. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სამხედრო საქმის გენიოსს, რომელმაც ეგვიპტე თანადროული მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად გადააქცია. იყო ტახტის უზურპატორის და დინასტიის დამაარსებლის ამონემხატ I-ის შვილი, რომელმაც მამასთან თანამმართველობის ათი წელი ლიბიელების და ნუბიელების წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა და ტახტზე ერთპიროვნულად დარჩენის შემდეგ ეგვიპტისათვის აქამდე არნახული ექსპანსიური პოლიტიკის გატარება დაიწყო.

ექსპედიციების წყალობით, რომლებსაც ხშირად თავად ედგა სათავეში, სენუსერტმა ეგვიპტის საზღვარი ნილოსის მესამე ჭორომამდე გადასწია. ბუხენში, მეორე ჭორომთან, მან აღმართა გამარჯვების სტელა და დატოვა გარნიზონი. სავაჭრო გზებს შორეული სამხრეთისაკენ მთლიანად აკონტროლებდნენ ეგვიპტური გარნიზონები, კერმასთან, მესამე ჭორომის სამხრეთით კი აიგო ფორტიფიცირებული ქალაქი, საიდანაც მარშრუტების და მაღაროების დაცვას მაღალი რანგის ეგვიპტელი მოხელე ხელმძღვანელობდა. ოქრო, სპილოს ძვალი, ძვირფასი ქვები და ხე აურაცხელი რაოდენობით მოედინებოდა ქვეყანაში. აბიდოსიდან დიდი ხარგეს ოაზისამდე საქარავანო მარშრუტების და დელტის დასაცავად, სამხედრო მარშრუტები პერიოდულად ლიბიელების წინააღმდეგაც ტარდებოდა. ჩრდილოეთი სახელმწიფოების მიმართ სენუსერტის ინტერესები საკუთარი საზღვრების დაცვით და ვაჭრობით შემოიფარგლებოდა.

ამ დროის ეგვიპტური დასახლებები აღმოჩენილია პალესტინაში და სირიაში, ეგვიპტური ნივთები ჩნდება კრეტაზე. ქვეყნის შიგნით სენუსერტი ფართო სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, დაახლოებით ოცდათხუთმეტ პუნქტში, შემორჩენილია სენუსერტის ნაგებობები და მისი ხელი თითქმის ყველა მნიშვნელოვან ტაძარს ატყვია. გამეფებიდან მესამე წელს მან თავიდან ააგო ძველი მზის ტაძარი ჰელიოპოლისში, ოცდამეათე წელს კი, საკუთარი ხებსედის იუბილეზე, ტაძრის პილონის წინ ორი გრანიტის ობელისკი აღმართა, რომელთაგან ერთი (21მ. სიმაღლის) დღემდე დგას. სენუსერტმა აღმართა დიდი ობელისკი აბგიგში (ფაიუმი), რაც მიუთუთებს XII დინასტიის ფარაონების ფაიუმის ოაზისით დაინტერესებაზე. ააგო ასევე ულამაზესი ტაძარი აბიდოსში. თავისი პირამიდის კომპლექსისათვის მან შეარჩია გაშლილი პლატო ლიშტში, მამის პირამიდის სამხრეთით. გრანდიოზულობით იგი ბევრად აღემატება ამონემხატ I-ის კომპლექსს. სენუსერტის გაღმერთება მის სიცოცხლეშივე მოხდა და საუკუნეების შემდეგაც, XVIII დინასტიის ორ სტელაზე მოხსენიებულია სამი ქურუმი, რომლებიც გაღმერთებული ფარაონის კულტის მსახურები იყვნენ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები