ნუბიელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუბიელები – ნუბია (კუში) არის ძირითადად გეგრაფიული დასახელება, რომელიც მოიცავს ნილოსის დაბლობს ნილოსის პირველი ჭორომიდან სამხრეთით, თეთრი და ცისფერი ნილოსის შერწყმამდე, წითელ ზღვასა და ლიბიის უდაბნოებს შორის.

ეგვიპტელები ტერიტორიას თავისი ქვეყნის სამხრეთით ძირითადად კუშს ეძახდნენ („K3“, დაფიქსირებულია XII დინასტიიდან), თუმცა პირამიდების ეპოქაში ის მოიხსენიება ასევე, როგორც „Stj“. კუშს ეძახდნენ თავიანთ ქვეყანას თვითონ ნაპატას და მეროეს მეფეები, იგივე სახელით მოიხსენიებს მას ბიბლია. მეცნიერებაში ხმარებაში მყოფი სახელი „ნუბია“ მომდინარეობს ბერძნებიდან. „Nubai“ პირველად დაფიქსირებუ. ლია ერატოსთენესთან. იგივე ტერმინს ხმარობს პტოლემაიოს II. ნუბიის ტერიტორია, რომელიც სხვადასხვა ნეგროიდული ტომებით იყო დასახლებული, უძველესი დროიდან მოექცა ეგვიპტის ინტერესების სფეროში. აქ გადიოდა საქარავნო მარშრუტები აფრიკის სიღრმეში, საიდანაც ეგვიპტელებს ეგზოტიკური ზეთები, ებენის ხე, სპილოს ძვალი, გუმფისი, საკმეველი, ეგზოტიკური ცხოველები (განსაკუთრებით ჟირაფები და მაიმუნები), ლეოპარდის ტყავები და სხვ. ჩამოჰქონდათ. თვითონ ნუბია ოქროს და დიორიტის ულევ წყაროს წარმოადგენდა. გასაკვირი არ არის, რომ ეგვიპტე დაინტერესებული იყო ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებით. უკვე ძველი სამეფოს დროს ეგვიპტელებმა დაიპყრეს მისი ჩრდილოეთი ნაწილი, XII დინასტიის ფარაონებმა კი მიაღწიეს ნილოსის მეოთხე ჭორომამდე, ააგეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ფორტები, სადაც ეგვიპტური გარნიზონები ჩააყენეს, და ნუბიის მმართველად ეგვიპტელი მოხელე დანიშნეს.

ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის დროს, როცა ქვეყანაში ქაოსი სუფევდა და ჩრდილოეთში ჰიკსოსები ბატონობდნენ, ნუბიამ ეგვიპტისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროს ნუბია პირველად ჩნდება ძველი აღმოსავლეთის დიდი პოლიტიკის არენაზე. ჰიკსოსების მეფემ, აპოპიმ გააგზავნა ნუბიაში შიკრიკი, რადგან უნდოდა დახმარება ეგვიპტის ფარაონის, კამოსეს წინააღმდეგ საბრძოლველად. ეგვიპტელებმა შეძლეს შიკრიკის დაკავება, და წერილის ტექსტი კამოსემ უკვდავჰყო კარნაკში აღმართულ სტელაზე. XVIII დინასტიის აგრესიულმა ფარაონებმა კვლავ დაიპყრეს ნუბია, და ეგვიპტის მეფის ნაცვალის და იქ განლაგებული ეგვიპტური გარნიზონების საშუალებით მკაცრად აკონტროლებდნენ მას.

მესამე გარდამავალი პერიოდის დროს, ეგვიპტის პოლიტიკური დასუსტების ფონზე, ნუბია ისევ წყდება ეგვიპტეს. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ნუბიის შესახებ თარიღდება XXI დინასტიით, როცა მეფის ნაცვალმა ნუბიაში, პანეხსიმ, გადაწყვიტა, ესარგებლა ეგვიპტის დასუსტებით და დაეპყრო თებაიდა. ის ებრძოდა პიანხის, ხერიხორის მემკვიდრეს ამონის მთავარი ქურუმის თანამდებობაზე. თებაიდის მიერთება მან ვერ შეძლო, მაგრამ სავარაუდოდ დაბრუნდა ნუბიაში და ნუბიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხა. ამის შემდეგ ინფორმაცია ნუბიაზე დაახლ. 250 წლით წყდება.

ნუბიასთან დაკავშირებული ერთადერთი ცნობა ამ პერიოდის განმავლობაში არის XXII დინასტიის დამაარსებლის, შეშონკ I-ის (ჩვ.წ.-მდე 945-924 წწ.) რეიდი ასუანის სამხრეთით, პანეხსის აჯანყებიდან ერთი საუკუნის შემდეგ. შესაძლოა მისი მიზანი ნუბიის დაბრუნება იყო. მისი რეიდის შედეგი ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ამიერიდან ნუბია უკვე ეგვიპტისაგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა. აქ ყალიბდება ნაპატას სამეფო.

არქაული პერიოდიდან ნუბია იყო ადამიანური რესურსის წყარო მშენებლობებისათვის და ქვეყანაში პოლიციური კონტროლისათვის. ნუბიელები ეგვიპტის პოლიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ. ნუბიელების ასეთ ინტეგრირებას ეგვიპტეში დაემატა XVIII დინასტიის ფარაონების პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტური კულტების დანერგვასაც ითვალისწინებდა, და შედეგად ნაპატას სამეფოს ნუბიელები უკვე ძალიან გაეგვიპტელებულები იყვნენ. ნაპატას სამეფოს წარმოშობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ ამონის ტაძარი გებელ ბარკალში სამეფოს ცენტრი იყო, და მისი მმართველობა და ადმინისტრაცია მიზანმიმართულად იყო აგებული თებეს XXI დინასტიის თეოკრატიის მოდელის მიხედვით. ამონის ქურუმები ნუბიაში თაობების განმავლობაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ, და იმ დროისათვის, როცა ისინი ადგილობრივ სამეფო დინასტიად გარდაიქმნენ, მიიღეს ფარაონის რეგალიები, ჩაცმულობა და ამონის ორთოდოქსული კულტი, რომელიც მთლიანად იყო დაფუძნებული თოტმეს III-ის მიერ ნუბიაში დაფუძნებულ ამონის კულტზე. ამონს ეთაყვანებოდნენ, როგორც მთავარ ღვთაებას, და თვლიდნენ ღვთაებრივ მმართველად, რომლის ორაკულები კანონს წარმოადგენდა. ქვეყნის ოფიციალური ენა, რომელზეც ნუბიელი მეფეები თავიანთ წარწერებს ადგენდნენ, იყო ეგვიპტური, და ნუბიელი მეფეები ღიად ამაყობდნენ თავიანთი დამოკიდებულებით ეგვიპტურ კულტურაზე.

პირველი კუშიტური მეფე, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, იყო ალარა. მის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ იყო დინასტიის სავარაუდოდ მეშვიდე წარმომადგენელი და დაახლ. ჩვ.წ.-მდე 780-760 წწ. მეფობდა. აქედან გამომდინარე, ნუბიური დინასტია დაახლ. X საუკუნის დასასრულს ან მეცხრე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. გაცილებით მეტია ცნობილი მისი ძმის და მემკვიდრის, კაშტას შესახებ, რომელიც ტახტზე დაახლ. 760 წ. ავიდა. მან დაიპყრო მთელი ქვედა ნუბია და მიაღწია ასუანამდე, რადგან აქ აღმართა ხნუმისადმი მიძღვნილი სტელა, სადაც მიღებული აქვს ფარაონის ტიტულატურა, ეგვიპტური საკორონაციო სახელით „მაატრა“, მაგრამ თებესთან მისი კონტაქტი დაფიქსირებული არ არის. კაშტას რამდენიმე შვილი ჰყავდ რომელთაგან ორი მისი ტახტის მემკვიდრე გახდა – ჯერ პიან და შემდეგ შაბაკა. პიანხიმ ცოლად შეირთო ალარას ქალიშვილ და ტახტზე ჩვ.წ.-მდე 751 წ. ავიდა. თავისი მეფობის პირველ ათი წლის განმავლობაში ის განაგრძობდა ნუბიის ექსპანსიას ჩრდილოეთით. ვითარება ეგვიპტეში ამ დროისათვის ძალია რთული იყო.

XXII დინასტიის ფარაონის, შეშონკ III-ის (ჩვ.წ.-მდე 825-773) მეფობით დაწყებული, ბევრი ადგილობრივი მმართველი, განსაკუთრებით დელტაში, ავტონომიური გახდა, და ზოგიერთმა მათგანმა თავი მეფედაც კი გამოაცხადა. პირველი იყო პედუბასტი (ჩვ.წ.-მდე 818-787წწ). მისი რეზიდენციის ადგილი უცნობია, მაგრამ თებე აღიარებდა უკვე მას და მის შთამომავლებს, და არა XXII დინასტიას. 730 წლისათვის დელტაში იყო ორი მეფე (ბუბასტისში და ლეონტოპოლისში), ერთი ჰერმოპოლისში და ერთი ჰერაკლეოპოლისში, ზემო ეგვიპტეში. მათ გარდა, აღსანიშნავია „დასავლეთის ბატონი“ საისიდან, ტეფნახტი, რომელმაც დაიქვემდებარა თითქმის მთელი დასავლეთი დელტა და მემფისი, და მიიწევდა სამხრეთისაკენ. ამ ვითარებაში პიანხიმ უბრძოლველად აიღო თებე (შესაძლოა, მას მოლაპარაკება ჰქონდა XXIII დინასტიის ფარაონებთან) და სამხრეთ ეგვიპტის ჩრდილოეთი ქალაქები, მაგრამ არ დანებდა მემფისი, რომელიც პიანხიმ ბრძოლით აიღო. პრაქტიკულად მთელ ეგვიპტეზე გამარჯვების შემდეგ, პიანხი რატომღაც დაბრუნდა ნუბიაში, და სიტუაცია ეგვიპტეში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ტეფნახტი გახდა მეფე (ჩვ.წ.-მდე 727-720), და ის და მისი შვილი ბაკენენრეფი (ჩვ.წ.-მდე 720-715 დღეს XXIV დინასტიად არიან მიჩნეული. მათი რეზიდენცია იყო საისში, და ბაკენენრეფს ცნობდა მთელი დელტა და სამხრეთი ჰერაკლეოპოლისამდე. მაგრამ პიანხის მემკვიდრემ, შაბაკამ (ჩვ.წ.-მდე 720-706) კვლავ შეუტია ეგვიპტეს. ამჯერად მოხდა ეგვიპტის სრული ანექსია, და დღეს პიანხი და მისი მემკვიდრეები – შაბაკა, შებიტკუ, ტახარკა და ტანტამანი – აღიარებული არიან, როგორც ეგვიპტის XXV ნუბიური (ან კუშიტური) დინასტია.

მიუხედავად იმისა, რომ ნუბიური პერიოდის დროს ქვეყანას იურიდიულად ერთი ფარაონი მართავდა, რეალურად ნუბიური ძალაუფლება თებეზე და მის რაიონზე ვრცელდებოდა. ჩრდილოეთის ქალაქებს და მთელ რეგიონებს თავიანთი საკუთარი მმართველები განაგებდნენ. ნუბიური პერიოდისათვის დამახასიათებელია ეგვიპტის ძველი და შუა სამეფოს პერიოდის ხელოვნებისაკენ მიბრუნება. დაკრძალვის წესები, რომლებიც ერთგვარად მარტივდება XXI-XXII დინასტიების დროიდან, ისევ ძველ სახეს იღებს, და სამარხებში ბრუნდება „მკვდართა წიგნი“. შესაძლოა, უცხოელი მმართველების არქაიზმისაკენ მისწრაფება გამოწვეული იყო მათი სურვილით, რომ ისინი ეღიარებინათ, როგორც ეგვიპტელები ან ეგვიპტის კულტურის მატარებლები. ამ პერიოდს ასურეთის საოცარი აღზევების ხანა დაემთხვა, და ნუბიელების ბატონობას ეგვიპტეში სწორედ ასურეთმა დაუსვა წერტილი.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები