ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეორე გარდამავალი პერიოდი– მეორე გარდამავალი პერიოდი მოიხსენიებენ შუა სამეფოს რღვევისა და ეგვიპტის უცხოელი დამპყრობლების ჰიკსოსების ქვეშ ყოფნის დროის მონაკვეთს. ეს პერიოდი XIII-XVII დინასტიებს და დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 1795-1550 წლებს მოიცავს.

ბრწყინვალე XII დინასტიის შემდეგ ეგვიპტეში XIII დინასტია გამეფდა (დაახლ.1795-1650 წწ. ჩვ. წ.-მდე), რომელიც დაახლ. 65 მეფეს მოიცავს. თუ როგორ მოხდა დინასტიური ცვლილება, დღეისათვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის სამეფო პაპირუსში და მანეთონთან ისინი ერთ დინასტიად არიან გაერთიანებული, XIII დინასტიაში თავმოყრილი ფარაონები არ იყვნენ ერთი ოჯახის წარმომადგენლები და ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, უზურპატორი იყო; სახელებიდან გამომდინარე, მათ შორის აზიელებიც იყვნენ, რომლებსაც, შესაძლოა, ტახტის დაპყრობამდე მაღალი თანამდებობები ეკავათ.

შუა სამეფოს რღვევის მიზეზები დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ისიც, რომ ის თავიდან ფეოდალური სახელმწიფო იყო და მისი გარკვეული ელემენტები ბოლომდე შეინარჩუნა, ასეთი სახელმწიფოს ერთიანობა კი ძლიერ მეფეს საჭიროებს. XII დინასტიის ფარაონები ძლიერი მმართველები იყვნენ, მაგრამ ბევრი არაფერია ცნობილი დინასტიის ბოლო მეფეებზე. ეგვიპტის დაშლა ჰიკსოსების შემოჭრამდე ორი თაობით ადრე დაიწყო. მეცამეტე დინასტიის პარალელურად ქვეყანაში სხვა ნომარქებიც აცხადებდნენ მეფობაზე პრეტენზიას, თუმცა არ არის ნათელი, რომელი დინასტია რამდენ ხანს ბატონობდა თავისი გავლენის სფეროზე და რამდენად სინქრონულები იყვნენ ისინი ერთმანეთთან მიმართებაში. თებეს სამეფო სახლი ალბათ მთელი ამ დროის მანძილზე არსებობდა. პერიოდის დასაწყისში დაფიქსირებულია ასევე დინასტია ქსოისში, რომელიც გაქრა ჰიკსოსების შემოჭრის შემდეგ. დაახლოებით 1700 წელს ჩრდილო-აღმოსალეთ დელტაში ჩამოყალიბდა პატარ-პატარა სამეფოები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამეფო ცენტრით ავარისში. აქ უცხოეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისათვის ცენტრის შექმნის მიზნით ჯერ კიდევ XII დინასტიის ფარაონებმა დაიწყეს სირია-პალესტინიდან ე.წ. ამორიტების და ქანაანელების ჩამოსახლება. შექმნილ ვითარებაში აზიური წარმოშობის დინასტიამ მოიპოვა კონტროლი ქალაქზე და მომავალი ჰიკსოსური სამეფოს ბირთვი შექმნა. ჰიკსოსების დაპყრობის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან თანადროული ეგვიპტური წყაროები არაფერს წერს ამის შესახებ. მხოლოდ მანეთონი გვამცნობს, რომ მათ ეგვიპტე უბრძოლველად დაიპყრეს. დღევანდელი რეკონსტრუქციით, ეს „უბრძოლველობა“ ძალზე ხანმოკლე ბრძოლას ნიშნავდა, რადგან ეგვიპტელების იარაღი აქამდეც ყოველთვის ჩამორჩებოდა მესოპოტამიურს, სადაც ომი თითქმის მუდმივად მიმდინარეობდა, მაგრამ ჰიკსოსები მათ მართლაც მომავლის იარაღით ებრძოდნენ. მათი რთული საბრძოლო მშვილდი, რომელიც ხის, რქების და ტყავის კომბინაციას წარმოადგენდა, თითქმის ორჯერ უფრო შორს ისროდა გაუმჯობესებულ თავებიან ისრებს. ჰიკსოსებს ჰქონდათ ბასრი ბრინჯაოს იარაღი, მათ შორის დაშნები და ხანჯლები, ბრინჯაოს ჯაჭვის პერანგი და საბრძოლო ეტლი ცხენით (ცხენი ეგვიპტელებს აქამდე არც ენახათ). თავიანთ ეტლებზე ამხედრებულები, ისინი თავბრუდამხვევი სისწრაფით გარს უვლიდნენ უაბჯრო ეგვიპტელებს და მუსრს ავლებდნენ. ამ არათანასწორ ბრძოლაში ეგვიპტელებმა მალე გაათვითცნობიერეს დამარცხება და უკან, სამხრეთისაკენ დაიხიეს. ჰიკსოსები დარჩნენ დელტაში, რადგან სამხრეთით ნილოსის დაბლობი ძალიან ვიწრო იყო ეტლებით ბრძოლისათვის და მთელი ტრანსპორტირება ნავებით ხორციელდებოდა. თებელი ნომარქები მათთან, როგორც ჩანს, ერთგვარ ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ. მაგრამ ეგვიპტე ვერ შეეგუა უცხოელების ბატონობას. მათ ისწავლეს ცხენის და ეტლის ტარება, აითვისეს ჰიკსოსების მშვილდი და ბრინჯაოს იარაღი. ამისათვის ასი წელი დასჭირდათ. ამ ასი წლის განმავლობაში დელტაში ჰიკსოსური (XV) დინასტია მეფობდა (დაახლ.1650-1550 წწ. ჩვ.წ-მდე, მეფეები სალათისი, ხაიანი, აპოპი და ხამუდი. თანდათან, როგორც ეს უკვე ერთხელ მოხდა ეგვიპტის ისტორიაში, დაიწყეს მომძლავრება თებეს ნომარქებმა. აპოპის მეფობის დროს ისინი თავის თავს უკვე მეფეებს ეძახდნენ. მართალია, ამ „მეფეების“ ძალაუფლება მხოლოდ თებესა და მის რაიონზე ვრცელდებოდა, მაგრამ ტურინის მეფეთა სია და მანეთონი მათ ერთხმად ასახელებენ, როგორც XVII დინასტიას. დინასტიის ბოლო ორი ფარაონი უკვე აქტიურ ბრძოლას იწყებს ჰიკსოსების წინააღმდეგ – ჯერ სეკენენრა ტაო II, და შემდეგ მისი ვაჟიშვილი კამოსე. მართალია, ისინი იღუპებიან ბრძოლებში, მაგრამ კამოსეს უმცროსმა ძმამ, იახმიახმესმაესმა, არა მარტო საბოლოოდ განდევნა ჰიკსოსები ეგვიპტიდან, არამედ სდია შარუხენამდე, სადაც მათი აზიური ბაზა იყო, და სამწლიანი ალყის შემდეგ ისიც აიღო.

ჰიკსოსებმა უდიდესი კვალი დატოვეს ეგვიპტელის ფსიქოლოგიაში. ეგვიპტელებისათვის, რომლებიც, რომაელების მსგავსად, თავის თავს სხვა ხალხებისაგან განსხვავებულ სახელს ეძახდნენ, შოკის ტოლფასი გამოდგა თვით ფაქტი, რომ მათ ქვეყანაზე არაეგვიპტელი გაბატონდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია ის, რომ არ არსებობს არავითარი თანადროული ეგვიპტური წყარო, სადაც ჰიკსოსების დაპრობის პერიოდია აღბეჭდილი. ეგვიპტელები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ თავიანთი ისტორიის აღწერა არა მარტო პაპირუსებზე – კლდეებზე, სტელებზე, ტაძრების კედლებზე – სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, დაუღალავად აღწერდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან და არც თუ ისე მნიშვნელოვან მოვლენებს, მაგრამ ჰიკსოსებზე არ დაწერილა არც ერთი სტრიქონი. მათთვის წარმოუდგენელი იყო ამ უდიდეს დამცირებაზე რაიმეს დაწერა მხოლოდ მომდევნო თაობების ეგვიპტელები იგონებდნენ ამ დროს, როგორც საშინელებას, როცა ქვეყანა „რას გარეშე“ იმართებოდა. ჰიკსოსებმა შეარყიეს ეგვიპტელების რწმენა ეგვიპტის უცხოელების მიერ დაპყრობის შეუძლებლობაში, გზა გაუკაფეს ეგვიპტისაკენ აზიური კულტურის მონაპოვრებს, რომლებიც, ასიმილირებული და ტრანსფორმირებული ეგვიპტის ნიადაგზე, ერთგვარად სტიმულის მიმცემი იყო ეგვიპტური კულტურის შემდგომი განვითარებისათვის. მათ აზიარეს ეგვიპტელები იმ დროისათვის სუკეთესო მონაპოვრებს სამხედრო საქმეში. ჰიკსოსებამდე ეგვიპტელი ნუბიის კოლონიზაციას სჯერდებოდა. აზიაში „კულტურული და კომერციული იმპერიალიზმით“ კმაყოფილდებოდა, რადგან მის ხელში იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის მთელი ვაჭრობა.

განცდილი დამცირების შემდეგ ეგვიპტელში აგრესიული იმპერიალისტის სულისკვეთებამ გაიღვიძა. ეგვიპტის ფარაონებმა ახალი იარაღით აღჭურვილი, კარგად გაწვრთნილი არმია სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ წარმართეს და ეგვიპტე უზარმაზარ იმპერიად გადააქციეს. კვლავ შეიცვალა ეგვიპტელი ფარაონის სახეც. შუა სამეფოს ფარაონების ძირითად საქმიანობას ქვეყნის შენება და ცხოვრებისეულ სიბრძნეზე მსჯელობა წარმოადგენდა, ახალი სამეფოს ფარაონები კი თავისი ფიზიკური ძალის და სამხედრო წარმატებების აღწერით არიან დაკავებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები