ჰიკსოსების ეპოქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიკსოსების ეპოქა – „რაღაც უცნობი დანაშაულისათვის ღმერთებმა დასაჯეს ჩემი ქვეყანა. მოულოდნელად უცნობი წარმომავლობის დამპყრობლები, დარწმუნებულები გამარჯვებაში, შემოიჭრნენ აღმოსავლეთიდან ჩემს ქვეყანაში. მათ ადვილად დაიპყრეს ის, ბრძოლის გარეშე“ – ასე აღწერს მანეთონი ჰიკსოსების გაბატონებას ეგვიპტეში. თანამედროვე ეგვიპტელები მათ ბელადებს მოიხსენიებდნენ, როგორც „hkw h3swt,“ „უცხო ქვეყნის ბელადებს“, უფრო გვიანდელმა ეგვიპტელებმა ეს სახელი მთელ ეთნოსს დაარქვეს, მანეთონი კი მათ „ჰიკსოსებს“ ეძახდა.

ჰიკსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობა თანდათან და თითქმის უბრძოლველად მოხდა. უკვე მეთორმეტე დინასტიიდან, როცა სავაჭრო კონტაქტი დასავლეთ აზიასთან საკმაოდ ინტენსიური გახდა, ფარაონებმა დაიწყეს აღმოსავლეთ დელტაში სავაჭრო ბაზის შექმნა და სირია-პალესტინიდან ჯარისკაცების, მეზღვაურების, გემთმშენებლების ჩამოსახლება. ამ ხალხს დღეს ამორიტელებს ან ქანაანელებს ეძახიან. კოლონიზაციის ნაკადმა ძალიან იმატა XIII დინასტიის დროს, როცა მრავალწლიანი მოუსავლიანობის და ეპიდემიების ფონზე პოლიტიკური სიტუაცია ეგვიპტეში მკვეთრად გაუარესდა, რაზეც უკვე დინასტიის ფარაონების რიცხვი (დაახლოებით 50) და მათი მეფობის ეფემერულობა (ძირითადად 2-6 წელი) მეტყველებს. დასუსტებული ცენტრალური მმართველობის პირობებში დასავლეთ დელტა (ქსოისის რეგიონი) პრაქტიკულად ჩამოშორდა დანარჩენ ეგვიპტეს და მას ადგილობრივი მეფეები (ან მმართველები) მართავდნენ, რომლებსაც მანეთონი მოიხსენიებს, როგორც მეთოთხმეტე დინასტიას. არასტაბილურობაზე მიუთითებს ასევე ქსოისის დინასტიის მეფეების რიცხვი (76) და მათი მეფობის წლების საერთო რაოდენობა (184). ამ ვითარებაში აზიურმა კოლონისტებმა გამოიჩინეს თავი, როგორც კარგად ორგანიზებულმა მეომრებმა და ხელში ჩაიგდეს დელტის ნაწილი და ავარისი, რომელიც თავისი სამეფოს ბირთვად გადააქციეს. მეცამეტე დინასტიამ შეწყვიტა არსებობა და ეგვიპტეში დაიწყო უცხოელების ბატონობის დაახლოებით ასწლიანი მონაკვეთი (ე.წ. XV „ჰიკსოსური“ დინასტია).

პირველი ჰიკსოსი მეფის – სალათისის – კურთხევა მემფისში მოხდა, თუმცა მისი ძალაუფლების ბაზა ავარისში იყო. ჰიკსოსებს კიდევ 20 წელი დასჭირდათ, რომ მიეღწიათ აბიდოსამდე, და კიდევ 30, რომ მოეპოვებინათ გავლენა თებეს რეგიონზე, რაც ადგილობრივი მმართველების მუდმივ წინააღმდეგობაზე მეტყველებს, მაგრამ თანდათან მათ მთლიანად დაიკავეს დელტა და შუა ეგვიპტე. ჰიკსოსების მეორე (მანეთონის XVI) დინასტიის რეზიდენციას შარუხენი წარმოადგენდა. შარუხენიდან დინასტია მართავდა პატარა სამეფოს, რომელშიც შარუხენის გარდა შედიოდა სანაპირო ფორტები და ქაბრის მიდამოები ჩრდილოეთ პალესტინაში. დანარჩენი პალესტინა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი და ჰიკსოსებისადმი მტრულად განწყობილი იყო, რაზეც მიუთითებს უზარმაზარი ფორტიფიკაციები ქვეყნის ძირითად ქალაქებში ამ პერიოდის ბოლო ფაზაში. ჰიკსოსების ეკონომიკა შარუხენი-ავარისის კავშირზე იყო დამყარებული. ეგვიპტელი ჰიკსოსები ეთაყვანებოდნენ ჩრდილოეთ სირიის ქარიშხლის ღმერთს ბაალს, რომელიც ეგვიპტელების სეტხთან გააიგივეს.

კამოსეს ორი სტელის და სალიეს პაპირუსის (pap. Sallier I) მონაცემებით, ჰიკსოსების XV დინასტიის პარალელურად ეგვიპტეში კიდევ რამდენიმე მმართველი იყო, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავი თებეს XVII დინასტიაა. თავიდან თებელები დაკავებული იყვნენ სამშენებლო მოღვაწეობით და არ ავლენდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას ჰიკსოსების მიმართ – შესაძლოა მათ ამის ძალა არც ჰქონდათ. შესაძლოა ასევე, რომ დასჭირდათ რაღაც დრო ცხენის და საბრძოლო ეტლის მართვის ტექნიკის ასათვისებლად, რადგან სწორედ ცხენი გამოდგა საბედისწერო ეგვიპტელებისათვის ჰიკსოსებთან ბრძოლაში – აქამდე ეგვიპტეში ცხენი, და მით უმეტეს საბრძოლო ეტლი, ნანახი არ ჰქონდათ. ვითარება იცვლება ჰიკსოსების ბოლო ორი მეფის – აპოპის და ხუდიმუს დროს. დინასტიის ბოლო მეფის, კამოსეს მამა სეკენენრა ტაო II „გულადი“ იწყებს აქტიურ ქმედებებს ჰიკსოსების წინააღმდეგ და როგორც ჩანს, იღუპება ბრძოლაში, რასაც ავლენს მძიმე ჭრილობები მის მუმიაზე. კარნაკში ნაპოვნი ორი დიდი სტელის წყალობით უკეთ არის დოკუმენტირებული მისი შვილის, კამოსეს ქმედებები, რომელმაც „გულში ჩაიდო აზიელების განდევნა“. მან დაიპყრო ფორტი ნეფერუსუ ჰიკსოსების მიერ მართულ ტერიტორიაზე. მეორე სტელის თანახმად, კამოსემ დაატყვევა ჰიკსოსების გემები და ასევე განდევნა ისინი კინოპოლისის ნომიდან. კამოსეს, როგორც ჩანს, ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა, იახმესი ადის, რომელიც იმ დროისათვის ბავშვი იყო და რეგენტის მოვალეობას დედა, იახხეტეპი ასრულებდა. იახხეტეპმა კარგად გაართვა თავი რეგენტობას, რადგან ამ დროში ჰიკსოსების წარწერები ბუბასტისის სამხრეთით დაფიქსირებული არ არის. ხამუდის მეფობის მეთერთმეტე და თავის მეთვრამეტე წელს (თუმცა მოვლენათა მონაცვლეობა ზუსტად დადგენილი არ არის ბრძოლაში ერთვება იახმესი, რომელმაც საბოლოოდ განდევნა ჰიკსოსები ეგვიპტიდან. შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში მან დაიპყრო მათი ბაზა შარუხენში და სდია ჰიკსოსებს ჩრდილოეთ სირიის მიღმა, რითაც საბოლოოდ აიცილა მათი ეგვიპტეზე ხელმეორედ თავდასხმა.

ჰიკსოსების ეთნიკური იდენტურობა დღემდე არ არის დადგენილი. ითვლება, რომ ისინი მოვიდნენ პალესტინიდან, რადგან ავარისის მატერიალური კულტურა სირია-პალესტინის რეგიონის შუა ბრინჯაოს ხანა II-ის მსგავსია, თუმცა მათი ცილინდრული საბეჭდავები, თაღიანი სამარხები და სხვ. მესოპოტამიის გავლენასაც ამჟღავნებს. შესაძლოა, ისინი ძირითადად სემიტები იყვნენ, მაგრამ არ წარმოადგენდნენ ჰომოგენურ ეთნიკურ ერთობას. არქეოლოგიური მასალა ამჟღავნებს ჰიკსოსების მებრძოლ ბუნებას, რადგან თელ ელ დაბის (ავარისის) სამარხებში უამრავი იარაღია ნაპოვნი. შემდეგი თაობების ეგვიპტელები ჰიკსოსების ბატონობას, რომლებიც „მეფობდნენ რას გარეშე“, იხსენებდნენ, როგორც თავიანთი ქვეყნის უბნელეს ფურცელს, როცა ინგრეოდა და იბილწებოდა ტაძრები და ნადგურდებოდა სიწმინდეები, მაგრამ არქეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასე არ იყო. დამპყრობლები, როგორც ჩანს, პატივს სცემდნენ ეგვიპტის ძველ კულტურას, ხმარობდნენ ეგვიპტურ დამწერლობას, მიიღეს ეგვიპტის ფარაონის ტრადიციული ტიტულატურა და განსაკუთრებით მოსწონდათ ეგვიპტური ხელოვნება, რასაც ადასტურებს ავარისში თითქმის მთელი ეგვიპტიდან ჩამოტანილი და ადგილზე ეგვიპტურ ყაიდაზე დამზადებული ურიცხვი ქანდაკება. ჰიკსოსების ეგვიპტური ქანდაკებებისადმი ასეთი სიყვარული, რასაც მათი ტაძრებიდან ძარცვა ახლდა თან, დღეს ჰიკსოსების მიმართ ეგვიპტელების სიძულვილის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

ჰიკსოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გამოკვეთილი კულტურა არ გააჩნდათ, დიდი გავლენა მოახდინეს ეგვიპტეზე. მათ გაუქრეს ეგვიპტელებს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული დაცულობის და თვითკმაყოფილების შეგრძნება და სხვა ერებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულება. ჰიკსოსური „ხიდით“ იქამდე შედარებით იზოლირებულ ეგვიპტეში აზიიდან შემოვიდა ახალი სისხლი, ახალი რელიგიური და ფილოსოფიური კონცეფციები და უმნიშვნელოვანესი საბრძოლო იარაღი – რთული მშვილდი, რომელიც ხის, ტყავის და რქისაგან იყო დამზადებული, გაუმჯობესებული ისრის თავები და ხანჯლები, ჯაჭვის პერანგი და მეტალის ჩაფხუტი, ცხენი და საბრძოლო ეტლი. ყველაფერ ამით მათ საფუძველი ჩაუყარეს და მიმართულება მისცეს ახალ სამეფოს, რომლის დროსაც ეგვიპტე დიდ იმპერიად გადაიქცა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები