ეგვიპტური დამწერლობა
ეგვიპტური დამწერლობა – ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა მოიცავდა დაახლ. 1000 ნიშანს ძველი სამეფოს დროს, მათი რიცხვი 750-მდე შემცირდა ეგვიპტური ენის განვითარების ე.წ. „კლასიკურ პერიოდში“ (II ათასწლეული ჩვ.წ.მდე) და პტოლემაიოსების დროს კვლავ გაიზარდა რამდენიმე ათასამდე. ყველაზე ადრეულ წარწერებში (გვიან წინადინასტიური პერიოდი, დაახლ 3300-3200 წწ.ჩვ.წ.-მე) ეგვიპტური დამწერლობა უკვე ამჟღავნებს თავის ძირითად მახასიათებლებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესად ნიშნების ფონეტიკური პრინციპით გამოყენებაა მიჩნეული. იდეა, რომ რაიმე საგნის გამოსახულება შეიძლება იყოს გამოყენებული არა მარტო ამ კონკრეტული საგნის აღსანიშნავად, არამედ იმ ბგერის (ან ბგერების) გადმოსაცემად, რომელიც ამ საგნის სახელს წარმოადგენს, ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ისტორიაში (აქ უპრიანი იქნებოდა მოგვეყვანა ა. გარდინერის ცნობილი მაგალითი, რომ ეგვიპტური დამწერლობის პრინციპით, ინგლისური სიტყვა „belief“ (რწმენა) ფუტკრის (bee) და ფოთლის (leaf) გამოსახულებებით იქნებოდა შესრულებული). რადგან ეგვიპტური დამწერლობა თითქოსდა ერთბაშად, ყოველგვარი ევოლუციის გარეშე ჩნდება ასეთი ჩამოყალიბებული სახით, ის გენიოსის გამოგონებად არის მიჩნეული, და ამდენად ეგვიპტური იეროგლიფების პირველი გამოჩენის დრო დღეისათვის მათი შექმნის დროდ ითვლება.
ეგვიპტური იეროგლიფები გამოიყენებოდა, როგორც იდეოგრამები, ფონოგრამები და დეტერმინატივები. მზის გამოსახულება (e) შეიძლება ნიშნავდეს „მზეს“, და მაშინ ის იდეოგრამას წარმოადგენს. როგორც ფონოგრამა (rr) ის შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგ., სახელებში „რამსესი“, „რახოტეპი“ და ყველა იმ სიტყვაში, სადაც „რა“ კომბინაცია არსებობს. იგივე მზის ნიშანი, გამოწერილი ისეთი სიტყვის ბოლოს, როგორიცაა, მაგ., „სინათლე“, ან „დღე“, არ იკითხება, მაგრამ დამატებით ინფორმაციას იძლევა სიტყვის მნიშვნელობაზე, და მაშინ ის დეტერმინატივს წარმოადგენს.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სემიტური (მაგ. არაბული) ენების მსგავსად, ეგვიპტური ნიშნები მხოლოდ ენის თანხმოვნებს ასახავდნენ. ნიშნები ერთ, ორ და სამბგერიანია. ერთბგერიანი ნიშნების გამოგონებით, რომლებიც სრულად ასახავს დამწერლობაში დაფიქსირებულ ყველა ენის თანხმოვანს, ეგვიპტელებმა შექმნეს თეორიული შესაძლებლობა, მიეტოვებინათ ყველა სხვა ნიშანი და ფაქტობრივად ალფაბეტური დამწერლობა ჰქონოდათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი სიტყვას ენის უმცირეს კომპონენტად აღიქვამდნენ.
იეროგლიფური ტექსტი შეიძლებოდა დაწერილიყო ჰორიზონტალური სტრიქონებით ან ვერტიკალურ სვეტებად, ორივე შემთხვევაში მარჯვნიდან მარცხნივ, ან მარცხნიდან მარჯვნივ. წაკითხვის მიმართულებას განსაზღვრავდა ადამიანების და ფრინველების გამოსახულებები, რომლებიც წაკითხვის მიმართულების საპირისპიროდ „იყურებოდნენ“. ეგვიპტელები, რომლებიც თავიანთი დამწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო თვისებად მის დეკორატიულობას მიიჩნევდნენ, ფართოდ გამოიყენებდნენ იეროგლიფური წარწერის მიმართულების ასეთ მოქნილობას წარწერების (განსაკუთრებით ქვაზე) სიმეტრიული განთავსებისათვის სხვადასხვა გამოსახულებების ირგვლივ.
ეგვიპტის სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ (525 წ.ჩვ.წ.-მდე), როცა ქვეყანამ საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა, იეროგლიფური ნიშნების რიცხვი თანდათან იზრდება, რაც კულმინაციას პტოლემაიოსების დროს აღწევს და ამდენად „პტოლემაიოსების დამწერლობა“, როგორც მას უწოდებენ, დღეს დამოუკიდებელ ორთოგრაფიულ სისტემად არის მიჩნეული ნიშნების კატასტროფული რიცხვის გამო, თუმცა თვითონ დამწერლობას სისტემური ცვლილება არ განუცდია. ეს იმ ფსიქოლოგიური მომენტით აიხსნება, რომელიც უცხოელი დამპყრობლების ქვეშ ყოფნამ გამოიწვია. ეგვიპტელი ქურუმები და გადამწერები, რომლებიც ამ დროისათვის იეროგლიფური დამწერლობის ცოდნის ერთადერთი მატარებლები იყვნენ, ამ ცოდნას თავიანთი პროფესიის ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება „მითიური“ და მიუწვდომელი გაეხადათ უცხოელი დამპყრობლებისათვის. ასეთი დამოკიდებულებით ეგვიპტელმა ქურუმებმა სამწუხარო გავლენა მოახდინეს შემდგომ დასავლურ ტრადიციაზე, რომელიც დიდხანს აღიქვამდა იეროგლიფებს, როგორც ალეგორიულ დამწერლობას.
თავიანთ დამწერლობას ეგვიპტელები „ღმერთის სიტყვებს“, ან „ღმერთის სიტყვის დაწერას“ ეძახდნენ. ანალოგიით, ბერძნებმა მათ ჯერ „წმინდა ასოები“ (hiero grammata), შემდეგ კი „ამოკვეთილი წმინდა ასოები“ (ta hieroglyphica) დაარქვეს, საიდანაც მოდის ჩვენი „იეროგლიფები“. იეროგლიფებით შესრულებული უკანასკნელი წარწერა, რომელიც ჩვ.წ.-ის 394 წლით თარიღდება, ნაპოვნია კუნძულ ფილეზე. იეროგლიფებს არა მარტო კვეთდნენ ან ფერადი საღებავებით ხატავდნენ ტაძრების და სამარხების კედლებზე. როგორც ჩვეულებრივი დამწერლობა, ის გამოიყენებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციული და სამეურნეო მასალის ჩასაწერად პაპირუსზე, ტყავზე, ოსტრაკონებზე და ხის დაფებზე. ამისათვის იყენებდნენ მელანს და ლერწმის ღეროსაგან დამზადებულ ფუნჯს. ფუნჯით სწრაფად წერის დროს იეროგლიფები ბუნებრივად კარგავდა იმ დეტალებს, რომლებიც ქვაზე წერისას აუცილებლად გამოიწერებოდა, და შედეგად წარმოიქმნა ე.წ. იეროგლიფების კურსივი. კურსივით შესრულებული უძველესი იეროგლიფები I დინასტიით თარიღდება, მაგრამ ის საბოლოოდ III-V დინასტიის დროს ჩამოყალიბდა. ძველი სამეფოს დასასრულისათვის კურსივით უკვე წერდნენ სარკოფაგებზე და მან, როგორც კალიგრაფიულმა ხელწერამ, იცოცხლა თითქმის ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე რელიგიური ტექსტების (მაგალითად „მკვდართა წიგნის“) ჩასაწერად.
იეროგლიფების კურსივს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული თვალსაზრისით, რადგან ის წარმოადგენს შუალედურ რგოლს საკუთრივ იეროგლიფებსა და დამწერლობის გრაფიკული განვითარების შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ფაზას შორის, რომელიც იერატიული დამწერლობის სახელით არის ცნობილი და მსოფლიოში უძველესი ქიროგრაფიის (ხელწერის) განვითარებას წარმოადგენს. ტერმინი, რომელიც მოდის ბერძნული სიტყვიდან „hieratkos“ („წმინდა“, ან „ქურუმის“), პირველად იხმარა კლემენს ალექსანდრიელმა ჩვ.წ.-ის II საუკუნეში, როცა იერატიული დამწერლობა ყოველდღიური მოხმარებისათვის აღარ გამოიყენებოდა და ის კიდევ უფრო ახალგაზრდა ნოტაციამ, დემოტიურმა შეცვალა. მაგრამ თავისი არსებობის უმეტესი დროისათვის (იერატიული დამწერლობა კურსივის თითქმის თანადროულია), უფრო ზუსტად კი XXII დინასტიამდე, სახელი „იერატიული“ მას არ შეეფერება, რადგან ყოველდღიური, რუტინული მიზნებისათვის გამოიყენებოდა. სისტემური განსხვავება იეროგლიფურ, იეროგლიფურ კურსივსა და იერატიულ დამწერლობას შორის არ არის და თანამედროვე წარმოდგენით ისინი ისეთივე მიმართებაში არიან ერთმანეთთან, როგორც დაბეჭდილი შრიფტი (იეროგლიფები), კალიგრაფიული ხელწერა (კურსივი) და სწრაფი ხელწერა (იერატიული). იერატიულით შესრულებულ ლიტერატურულ ტექსტებში პირველად ჩნდება პუნქტუაცია, როცა აზრის დამთავრებას წერტილი მოჰყვება. კურსივი გამოიყენებოდა უფრო ოფიციალური ტექსტებისათვის, რომლებიც „მარადიულობისათვის“ იყვნენ განკუთვნილი, მაგ. წარწერებისათვის სამარხში ან ლიტერატურული ტექსტებისათვის, იერატიული – ყოველდღიური მოხმარებისათვის.
დამწერლობის განვითარების პროცესში თანდათან ჩამოყალიბდა განსხვავება იერატიულის ტრადიციულ ლიტერატურულ ფორმას და კიდევ უფრო სწრაფად შესრულებულ ადმინისტრაციულ და სამეურნეო დოკუმენტებს შორის. ეს განსხვავება ახალი სამეფოს დროს იჩენს თავს და დაახლ. XXI დინასტიისათვის ძალიან მკვეთრი ხდება. ლიტერატურული და რელიგიური ტექსტები ისევ ძველი სტილის იერატიულით სრულდება, რომელმაც ამ დროისათვის იეროგლიფური კურსივის ფუნქცია იტვირთა და რეალურად გახდა „წმინდა დამწერლობა“. ამ მიზნით ის ჩვ.წ.-ის III საუკუნემდე გამოიყენებოდა. ყოველდღიურმა ხელწერამ ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება. იერატიულ დამწერლობაში ყოველი ნიშანი, თუნდაც ძალიან სქემატურად გადმოცემული, შესაბამისი იეროგლიფის ტრანსკრიფცია უნდა ყოფილიყო. ახალმა სწრაფწერამ „დაივიწყა“ ეს წესი და დაიწყო ლიგატურების და შემოკლებების გამოყენება, თანდათან მოხდა ახალი ორთოგრაფიული წესების ჩამოყალიბება, რის შედეგად შეიქმნა ახალი გრაფიკული სისტემა, რომელიც დემოტიური დამწერლობის სახელით არის ცნობილი. ტერმინი „დემოტიური“ (ბერძნ. demotikos, „სახალხო ან „საერთო“) პირველად ჰეროდოტემ იხმარა. სისტემური თვალსაზრისით ახალმა დამწერლობამ შეინარჩუნა ძველი დამწერლობების ძირითადი თვისებები, მაგრამ ის უდავოდ წარმოადგენს მიღწევას, ძირითადად გამარტივების თვალსაზრისით. მართალია, დემოტიურმა შეინარჩუნა ფონოგრამები, იდეოგრამები და დეტერმინატივები, მაგრამ ძირითადად ერთ და ორ ბგერიან ფონოგრამებს იყენებდა, თვითონ ნიშნები კი მაქსიმალურად არის გამარტივებული. დემოტიური დამწერლობით ყოველთვის წერდნენ ჰორიზონტალური სტრიქონებით, მარჯვნიდან მარცხნივ. ყველაზე გვიანდელი დემოტიური გრაფიტოები, დათარიღებული ჩვ.წ. 452 წ., ნაპოვნია კუნძულ ფილეზე, ისიდას ტაძრის სიახლოვეს (Iversen, 1961, 29-30).
ამის შემდეგ, თუმცა ეგვიპტური ენა ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ეგვიპტური დამწერლობის ყველა სახეობა დავიწყებას მიეცა, რადგან ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ საბოლოოდ დასრულდა ეგვიპტურ ენაზე ბერძნული ალფაბეტის „მორგების“ პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში დაიწყო. შედეგს წარმოადგენდა ე.წ. კოპტური, სახელი, რომლითაც დღეს ეგვიპტური ენის განვითარების ბოლო ფაზას და მის დამწერლობას მოიხსენიებენ. კოპტური ალფაბეტი მოიცავს 3 ასოს (ბოჰაირული დიალექტი 32-ს), მათგან 25 ბერძნულია, 6 ასო (ბოჰაირულში 7) ნაწარმოებია დემოტიურიდან სპეციფიურად ეგვიპტური ბგერებისათვის. კოპტური ენა და დამწერლობა აქტიურად გამოიყენებოდა ქვეყანაში ჩვ.წ. პირველი ათასწლეულის დასასრულამდე, ვიდრე ის საბოლოოდ არ განდევნა არაბულმა, თუმცა ღვთისმსახურება კოპტურ ქრისტიანულ ტძრებში ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში კოპტურ ენაზე მიმდინარეობდა.