ავარისი
ავარისი – (ბერძნ. Auaris), ჰიკსოსების ბატონობის დროს მათი მთავარი ქალაქი და სამხედრო ბაზაფ. მდებარეობდა თანამედროვე თელელ დაბასთან, ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვემო ეგვიპტის მეთოთხმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე და მეოცე ნომების შესაყართან.
ავარისის ლოკალიზაცია და იდენტიფიცირება მოხერხდა ავსტრიული არქეოლოგიური ინსტიტუტის მიერ გასული საუკუნის სამოციან წლებში დაწყებული გათხრების მონაცემებით (ხელმძღვანელი – მ.ბიტაკი 1966). ქალაქის უძველესი ფენა XII დინასტიის დასაწყისით თარიღდება. ადგილის დასახლება დაიწყო სახელმწიფოს მიერ მართული კოლონიზაციის შედეგად, რომელიც აღმავლობას XIII დინასტიის დროს განიცდის. უცხოეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობისათვის ცენტრის შექმნის მიზნით ფარაონებმა დაიწყეს სირია-პალესტინიდან ე.წ. ამორიტების და ქანაანელების ჩამოსახლება – ჯარისკაცების, მეზღვაურების, გემთმშენებლების და სხვ. ამ დროს ეგვიპტეში ცენტრალიზებული მმართველობის თანდათანობით მოშლის პირობებში (მეორე გარდამავალი პერიოდი) ადგილობრივმა აზიური წარმოშობის დინასტიამ მოიპოვა კონტროლი ქალაქზე და შექმნა მომავალი ჰიკსოსური სამეფოს ბირთვი. ქალაქის გათხრებმა აჩვენა, რომ ავარისი იყო კარგად განვითარებული სავაჭრო ცენტრი და მის პორტს ერთდროულად სამასზე მეტი გემის მომსახურება შეეძლო.
ჰიკსოსების მიერ აგებული ავარისის მთავარი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია უამრავი ნივთი, რომლებიც ეგეოსურ წარმომავლობას ამჟღავნებს. თვითონ ტაძარში აღმოჩენილია მინოსური ტიპის ფრესკები, რომლებიც საოცრად ჰგავს კრეტაზე კნოსოსის ტაძრის ფრესკებს. თანადროულ ფენებში ეგეიდაში მრავლად არის ნაპოვნი შუა სამეფოს პერიოდით დათარიღებული ეგვიპტური ქანდაკებები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს ვარაუდი ავარისთან მიკენური კოლონიის არსებობის შესახებ. ქალაქი დაინგრა იახმესის მიერ ჰიკსოსების განდევნის შემდეგ და თანდათან იქნა მიტოვებული XVIII დინასტიის დროს.