ეგვიპტის შუა სამეფო
შუა სამეფო – ამ სახელით დღეს მოიხსენიებენ ეგვიპტის ხელახლა გამთლიანების ხანას პირველი გარდამვალი პერიოდის შემდეგ. ტრადიციულად ის XI-XII დინასტიებს (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2040-1783 წწ.) მოიცავს, მონტუხეტეპ II-ის მიერ ჩრდილოეთის საბოლოოდ დამარცხებიდან ნეფრუსობეკის (XII დინასტიის ბოლო ფარაონი-ქალი) მეფობის დასასრულამდე. დღეს ზოგიერთი მეცნიერი შუა სამეფოს პერიოდს ბუნდოვან XIII-XIV დინასტიებსაც მიაკუთვნებს (O’Connor and Silvermann (editors), 1994, XXX-XXXI) და მეორე გარდამავალი პერიოდის დაწყებას ეგვიპტის ჰიკსოსების მიერ დაპყრობიდან ითვლის.
შუა სამეფოს პერიოდი თვისობრივად განსხვავდება გაწონასწორებული ძველი სამეფოს ეგვიპტისაგან, რომელსაც სიმშვიდე და თვითრწმენა ახასიათებდა. ძველი სამეფოს ფარაონები, როგორც რეალური მიწიერი ცხოვრებისაგან დაშორებული ღმერთები, მხოლოდ უზენაესი უფლებების პასიური მფლობელები იყვნენ. ამ წონასწორობის რღვევის და იმ ანარქიის შემდეგ, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა, ფარაონის პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე მის მოვალეობად გადაიქცა. ამიტომ შუა სამეფოს დროის ფარაონებს „საკუთარი ხალხის მწყემსებად“ მოიხსენიებენ. შუა სამეფოს ფარაონები თვითონ მონაწილეობდნენ ექსპედიციებში და ბრძოლებში, რაც წარმოუდგენელი იყო ძველი სამეფოს დროს, ზეღვთაება-ფარაონის ეპოქაში.
ანარქიის წლებმა დიდი რღვევა გამოიწვია რიგითი ეგვიპტელის ფსიქოლოგიაშიც, მან კითხვის ქვეშ დააყენა ბევრი ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ადრე თითქოსდა ურყევად გამოიყურებოდა, და ყველაზე თვალსაჩინოდ ეს გარდაცვლილთა სამყაროსადმი დამოკიდებულებაში ჩანს. ერთი მხრივ, რიგითი ეგვიპტელისათვის ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა ის „პრივილეგია“, რომელიც ძველი სამეფოს დროს მხოლოდ ფარაონს „გააჩნდა“. მეორე მხრივ, მან ეჭვქვეშ დააყენა თვითონ „სამუდამო ნეტარების“ იდეა, რაზეც მეტყველებს მისი ფიქრი, რომ „არავინ დაბრუნებულა გარდაცვლილთა ქვეყნიდან, და შეძლება ის არც არსებობს. ამიტომ უნდა გახარებდეს ყოველი მიწაზე გატარებული დღე და აისრულო, რასაც გული გკარნახობს“. ასეთმა ძვრამ აზროვნებაში და ფსიქოლოგიაში ლიტერატურის და ხელოვნების საოცარ გაფურჩქვნას შეუწყო ხელი. შუა სამეფოს ეგვიპტეში საოცრად იხვეწება არქიტექტურა, იქმნება ახალი ლიტერატურული ჟანრები (მაგ. ზღაპარი და მოთხრობა), საოცრად მოქნილი ხდება ენა. დღეს შუა სამეფოს ეგვიპტეს მოიხსენიებენ, როგორც ქვეყნის ისტორიის „კლასიკურ პერიოდს“.