ტანტამანი
ტანტამანი – (ეგვ. ჩვ.წ.-მდე 664-657 წწ.), ეგვიპტის XXV (ნუბიური) დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, ტახარკას ძმისშვილი და მემკვიდრე. ნაპატაში ტახტზე ასვლის პირველივე წელს გაემართა ეგვიპტეში ასურელების დასამარცხებლად, რადგან ესიზმრა, რომ ის ნაპატას და ეგვიპტის მეფე უნდა იყოს. მან გაიარა ელეფანტინა, თებე და მიაღწია მემფისს, სადაც მოუხდა შებრძოლება, როგორც თავად გვამცნობს, „აჯანყების შვილებთან, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ დახოცა დიდი რაოდენობით“.
ჩრდილოეთისაკენ მარშის და ასურეთის ერთგული დელტის მმართველების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ტანტამანი გვამცნობს თავის ნაპატაში აღმოჩენილ ცნობილ „სიზმრის სტელაზე“. დელტაში ტანტამანისთან ბრძოლის წინამძღოლი იყო საისის მმართველი ნეხო I, რომელიც ნუბიელმა სიკვდილით დასაჯა. განრისხებულმა ასურბანიპალმა იმავე წელს გამოაგზავნა ჯარი ეგვიპტეში, მემფისი კვლავ ასურელების ხელში აღმოჩნდა, ტანტამანი კი ნუბიაში გაიქცა. მაგრამ ამჯერად ასურელები არ დასჯერდნენ დელტის დაბრუნებას. მათ მიაღწიეს თებემდე და ააოხრეს და გაძარცვეს ქალაქი.
თებეს დარბევას ისეთი რეზონანსი ჰქონდა იმდროინდელ სამყაროში, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველი ნაუმი იხსენებს მას თავის წინასწარმეტყველებაში ნინევიის საშინელ დასასრულზე და აღწერს, როგორც საშინელ სისასტიკეს, როცა „ჩვილებს ხოცავდნენ ყველა ქუჩის კუთხეში და ყველა დიდებული ბორკილებში იყო“. ასურელებმა გაძარცვეს ქალაქი და თან წაიღეს თოთხმეტი საუკუნის მანძილზე ნაგროვები განძეულობა. როგორც ასურეთის ვასალი, საისს, მემფისს და ათრიბს მართავდა ფსამტიხ I, ნეხო I-ის შვილი. თებეში, ყველაფრის მიუხედავად, წლების დათვლას ტანტამანის მეფობით აგრძელებდნენ. მან შეინარჩუნა დამოუკიდებლობა ჩრდილოეთისაგან. თებეს მართავდნენ მისი მმართველი ამონტემხატი და ამონის ცოლი შეპენუპეტ II. ტანტამანიმ დაასრულა თავისი ცხოვრება, როგორც ნაპატას მეფემ და დაიკრძალა პირამიდაში, ელ კურუს ნეკროპოლისში, საყვარელი ცხენების სამარხების გარემოცვაში.