გებელ ბარკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გებელ ბარკალი

გებელ ბარკალი – „წმინდა მთა“ ნუბიაში. ნუბიის უკიდურეს სამხრეთში, ნილოსის მეოთხე ჭორომიდან 20 კმ. ჩრდილოეთით და ნილოსიდან ერთი კმ. დაშორებით, მდებარეობს დაახლოებით ერთი კმ. შემოწერილობის, სამკუთხედი მოხაზულობის, 90 მ. სიმაღლის კლდოვანი პლატო. მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დგას ბუნებრივად წარმოქმნილი მაღალი კლდის სვეტი. ამ უცნაური ფორმის მთას ეგვიპტელებმა რელიგიური მნიშვნელობა მიანიჭეს. ქანდაკების მსგავს ბუნებრივ სვეტს, სხვადასხვა კუთხიდან დანახულს, ისინი აღიქვამდნენ, როგორც ურეუსს ქვემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინით, ურეუსს მზის დისკოთი ან ამონის, ან რა-ატუმის ფალოსს. მთას ისინი უყურებდნენ, როგორც სამყაროს შექმნის წყაროს და იმავდროულად რას ურეუსის, ასევე ფარაონის ურეუსის სახლობის ადგილს და შესაბამისად მეფოის წყაროს. ეგვიპტელებმა მთა ნუბიაში ამონის მთავარ საცხოვრისად გამოაცხადეს და XVIII დინასტიიდან „წმინდა მთას“ ეძახდნენ.

მთის ძირში ეგვიპტელებმა დააარსეს ქალაქი ნაპატა, რომელიც ჩვ.წ.-მდე VIII საუკუნიდან ნუბიის (კუშის) სამეფოს დედაქალაქი გახდა. ითვლება, რომ სახელი „ნაპატა“ წარმოიშვა ამონის ლუქსორის ტაძრის ეგვიპტური სახელიდან „ipt“. XIX დინასტიიდან აქაურ ღმერთს „ნაპატას ამონს“, მოგვიანებით კი „ამანაპატას“ ეძახდნენ. ეგვიპტელების აქტიურობა გებელ ბარკალთან თოტმეს III-ის დროიდან არის დაფიქსირებული. მისი მეფობის ორმოცდამეშვიდე წლითაა დათარიღებული აქ აღმართული სტელა, სადაც მოხსენიებულია როგორც ადგილობრივი დასახლება, ასევე ახლად აშენებული ეგვიპტური ფორტი. მანვე ააშენა ამონის პირველი სამლოცველო. ამონხეტეპ II-ის ამადას სტელაზე პირველად არის მოხსენიებული ქალაქი ნაპატა, რომლის კედელზე ამონხეტეპმა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად, დამარცხებული სირიელი ბელადის ცხედარი ჩამოკიდა. ტაძრების მშენებლობა გაგრძელდა თოტმეს IV-ის დროსაც. ამონის სახელი მეთოდურად იყო განადგურებული ამარნას ეპოქაში, მაგრამ კვლავ აღდგა ტუტანხამონისა და ხორემხების დროს, რომლებმაც აქ ამონისადმი მიძღვნილი ტაძარი ააგეს. სეტი I-მა და განსაკუთრებით რამსეს II-მ ტაძარი გაადიდეს იმდენად, რომ ის სავარაუდოდ ამონის კარნაკის ტაძრის ნუბიური ანალოგი უნდა გამხდარიყო.

XX დინასტიის დასასრულიდან (III გარდამავალი პერიოდი) ეგვიპტელთა აქტივობა ნუბიაში წყდება და ტაძრები მიტოვებულია ნაპატას სამეფოს ჩამოყალიბებამდე დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 800-750 წწ. ამონის კულტი კვლავ იქნა აღდგენილი ადგილობრივი ნუბიელი მეფეების მიერ, რომელთა სასაფლაო აქვე არის აღმოჩენილი და რომლებიც, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ ეგვიპტიზირებულები იყვნენ. ნაპატას ელ-კურუს და ნურის ნეკროპოლისებზე სამეფო პირამიდებში დაკრძალული არიან ეგვიპტის XXV დინასტიის ნუბიელი ფარაონები და მათი დედოფლები. აქვეა უფრო ძველი, ტუმულუსიანი სამარხები, რომლებიც ნუბიის მეფეების დაახლოებით ექვს თაობას ეკუთვნის. პირველი აგურის ტაძარი ქვის სვეტებით ნაპატაში ალარამ ააგო. ალარა ნაპატას პირველი მეფეა, რომლის სახელის იდენტიფიცირება დღეისათვის ხერხდება (დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 760-747 წწ). ტაძარი გაადიდა კაშტამ, პირველმა ნუბიელმა მეფემ, რომელიც ეგვიპტეშიც მეფობდა (დაახლოებით 760-747). მისმა მემკვიდრემ პიემ (პიანხიმ) განაახლა და გაადიდა ეგვიპტური ტაძარი. კაშტას და პიეს მეფობით, რომელთა ძალაუფლება ეგვიპტეზე თებეს რეგიონის ჩათვლით ვრცელდებოდა, იწყება ეგვიპტის XXV (ნუბიური, კუშიტური ან ეთიოპური) დინასტია. პიეს ვაჟიშვილმა და მესამე მემკვიდრემ – ტახარკამ, რომელიც უკვე მთელი ეგვიპტის ფარაონი იყო, ნაპატაში ააგო ტაძრები, მიძღვნილი ხატხორის, მუტის, ტეფნუტის და სახმეტისადმი. მანვე მოათავსა ქანდაკება და ოქროთი მოვარაყებული წარწერა კლდის სვეტზე. ეგვიპტის ბოლო ნუბიელმა მეფემ ტანტამანიმ ააგო კიოსკი, მიძღვნილი ამონის, ნუბიური მეფის დედუნის და გარდაცვლილი მეფეებისადმი. მალე ამის შემდეგ ტაძრები დაწვეს და ქანდაკებები გაანადგურეს. ეს და ნუბიის სხვა ფორტების თანადროული განადგურება მიეწერება ეგვიპტის XXVI დინასტიის ფარაონის, ფსამტიხ II-ის ჯარების შემოჭრას ნუბიაში ჩვ.წ.-მდე 593 წ. სავარაუდოდ, იგივე დარბევის გამო მოხდა ნუბიის სამეფო კარის უფრო სამხრეთით, მეროეში გადატანა . ჩვ.წ.-მდე IV საუკუნეში ნუბიის მეფეებმა, ხარსიოტეფმა და შემდეგ ნასტასენმა, კვლავ მოახდინეს ძველი ტაძრების რესტავრაცია და აღმართეს სტელები, სადაც აღწერეს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები. დღეს გებელ ბარკალის ტექსტები, კავას ტექსტებთან ერთად, წარმოადგენს პრაქტიკულად ერთადერთ ტექსტობრივ მასალას ნუბიის ისტორიის შესასწავლად. ნუბიის მთელი ისტორიის მანძილზე გებელ ბარკალმა შეინარჩუნა უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა. მეროეს სამეფოს დაცემის შემდეგ (ჩვ.წ. IV ს.) აქ ქრისტიანები დასახლდნენ. თვითონ ქალაქი ნაპატა, ნუბიის დედაქალაქის მეროეში გადატანის მიუხედავად, ძალიან დიდხანს ინარჩუნებდა ქვეყნის რელიგიური ცენტრის მდგომარეობას და ნუბიის მეფეები ჩამოდიოდნენ აქ მეროედან, რომ ნაპატას ამონს ისინი მეფობაზე „ეკურთხა“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები