ამონხეტეპ II
ამონხეტეპ II – (ჩვ.წ.-მდე1427-1401) ეგვიპტის ფარაონი, დიდი თოტმეს III-ის ვაჟი მეორე რიგის ცოლის, მერიტრა-ხატშეპსუტისაგან.
დაიბადა და გაიზარდა მემფისში და არა თებეში. ტახტზე ასვლამდე იყო სემ-ქურუმი და არმიის სარდალი. თოტმესიდებში (ასე მოიხსენიებენ ამ დინასტიის ფარაონებს) გამორჩეული იყო სიმაღლით და აღნაგობით და თავისი ძალით და ათლეტიზმით იყო ცნობილი. წარმატებით გააგრძელა მამის საქმე, რაც ეგვიპტის იმპერიის შემდგომ განმტკიცებაში მდგომარეობდა. მეფობის მესამე წელს ჩაატარა ლაშქრობა აზიაში. ორონტის გადაკვეთისას დაესხა კატნას ჯარი, მაგრამ მან წარმატებით გაართვა თავი ბრძოლას და გამარჯვებასთან ერთად დიდი ალაფი მოიპოვა. უკანა გზაზე ქადეშთან პირადად მოკლა შვიდი აჯანყებული მმართველი, ბრძანა, ჩამოეკიდათ მათი სხეულები გემის კიჩოზე და ასე დაბრუნდა ეგვიპტეში.
წარმატებული ექსპედიცია ჩაატარა ასევე ნუბიაში, სადაც მამის მსგავსად ჩავიდა ნაპატამდე და ქვეყნის საზღვარი ოფიციალურად აქ დააკანონა. კამპანიიდან დიდძალი ნადავლით დაბრუნდა. მეფობის მეშვიდე წელს მითანიმ მოახდინა სირიის ქალაქების აჯანყების ინსპირირება. ამ კამპანიის შედეგი მთლად ნათელი არ არის, მაგრამ ამის შემდეგ მითანის და ეგვიპტეს შორის სამხედრო შეტაკება აღარ მომხდარა. კარნაკის ტაძარის წარწერა გვამცნობს, რომ ამონხეტეპთან მივიდნენ მითანის წარმომადგენლები მშვიდობის საძიებლად. შესაძლოა, მითანის სამეფო მართლაც ეძებდა ალიანსს ეგვიპტესთან მზარდი ხეთების სამეფოს წინააღმდეგ.
მესამე სირიული კამპანია ჩაატარა მეცხრე წელს, თუმცა გალილეის ზღვას არ გასცილებია. აშენებდა მთელ ეგვიპტეში, ასევე ნუბიაში – ქასრ იბრიმში, სემნაში, კალაბშაში. დაასრულა მამის მიერ დაწყებული ამადას ტაძრის მშენებლობა, სადაც მოათავსა თავისი მესამე წლის კამპანიის აღწერა.
სამარხი აიგო მეფეთა ველზე, მოსახსენიებელი ტაძარი მამის ტაძრის სიახლოვეს, მის სამხრეთ-დასავლეთით. ამონხეტეპ II-ის სამარხი (KV 35 მეფეთა ველზე) და მისი მუმია აღმოაჩინა ფრანგმა არქეოლოგმა ვ. ლორემ 1898 წელს. სამარხში იყო სამალავი, რომელშიც აღმოჩნდა თოტმეს IV-ის, სეტი II-ის, რამსეს III-ის, რამსეს IV-ის და რამსეს VI-ის მუმიები, რომლებიც აქ XXI დინასტიის დროს გადმოასვენა ამონის მთავარმა ქურუმმა პაინოჯემ II-მ, მათი მძარცველებისაგან დაცვის მიზნით.