თოტმეს IV
თოტმეს IV – ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი (ჩვ.წ-მდე 1401-1391 წწ.) იყო ამონხეტეპ II-ის და ტიაას ვაჟი. მისი მეფობა წარმოადგენს გარდატეხის პერიოდს, როცა ეგვიპტე უკვე არა ძალაზე, არამედ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე იყო ორიენტირებული. მის დიდ დიპლომატიურ მიღწევად ითვლება მითანის მეფის, არტატამას ქალიშვილზე ქორწინება.
თოტმესი ცნობილია ასევე თავისი „სიზმრის სტელით“, საიდანაც გვამცნობს, რომ უფლისწულად ყოფნისას, უდაბნოში ჯირითობით დაღლილს, მას ცნობილი გიზეს სფინქსის ჩრდილში ჩაეძინა. ძველი სამეფოს დროს აღმართული სფინქსი თოტმესის დროს უკვე კისრამდე ქვიშაში იყო ჩაფლული. სიზმარში თოტმესს მოევლინა ხორმახისი-ხეპრი-რა-ატუმი, რომელმაც გამეფება აღუთქვა, თუ ქვიშიდან გაანთავისუფლებდა მას, რაც თოტმესმა, რასაკვირველია, შეუსრულა, და სფინქსის თათებს შორის აღმართა სტელა, რომელზეც ეს ამბავია მოთხრობილი.
თოტმესი არ იყო ამონხეტეპ II-ის ტახტის პირდაპირი მემკვიდრე, ამიტომ დღეს ფიქრობენ, რომ მან უფროსი ძმის ტახტის უზურპირება მოახდინა და თავისი გამეფების ერთგვარად „გასამართლებლად“ სიზმრის სტელა აღმართა. სავარაუდოდ, მას მხარს უჭერდა ამონის ქურუმობა, რადგან ამონის ტაძარში დიდი ღმერთის პროცესიის დროს ამონმა მოულოდნელად „შეიცვალა“ სვლის მიმართულება და ტაძრის ბნელ კუთხეში მდგარ თოტმესთან „მიბრძანდა“. სწორედ ასე მოხდა მისი გამეფება.
როგორც ყველა თოტმესიდი, ბევრს აშენებდა. დაამთავრა თოტმეს III-ის დაწყებული საქმე – აღმართა იმ დროისათვის ყველაზე მაღალი (32 მ. სიმაღლის) ობელისკი, რომელსაც „უნიკალური ობელისკი“ დაარქვა. ჩვ.წ. 357 წ. იმპერატორმა კონსტანტინე II-მ ობელისკი რომში გადაიტანა, სადაც დღესაც ამშვენებს პიაცა სან ჯოვანის ვატიკანში და ლატერანულ ობელისკად მოიხსენიება. ააგო ასევე უნიკალური სამლოცველო კარნაკის მთავარი ტაძრის უკანა კედელთან. ეს იყო სამლიცველო იმ ხალხისათვის, ვისაც არ ჰქონდა ტაძარში შესვლის უფლება. თოტმესი გარდაიცვალა ახალგაზრდა, დაკრძალული იყო მეფეთა ველზე, შემდეგ მისი მუმია გადაიტანეს ცნობილ დეირ-ელ-ბაჰარის სამალავში, სადაც აღმოაჩინეს 1898 წ.