სეტი II
სეტი II (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1214-1204 წწ.) ეგვიპტის XIX დინასტის ფარაონი, მერნეპტახის შვილი იყო.
მას საკმაოდ ბუნდოვან დროს მოუწია მეფობა, როცა ბევრი აცხადებდა ტახტზე პრეტენზიას. სიტუაციას ძაბავდა რამსეს II-ის მრავალრიცხოვანი შთამომავლობაც. მისი მეფობის მეორე-მეოთხე წლებში სამხრეთში ტახტს დაეპატრონა ვინმე ამონმესუ, რომელიც, შესაძლოა, სეტი II-ის ნახევარი ძმა იყო. ამონმესუს ძალაუფლება თებეზე და ნუბიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდში ამონმესუმ საგულდაგულოდ დაარბია სეტი II-ის სამარხი მეფეთა ველზე და წაშალა მისი სახელები. სეტი II-მ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება, რაზეც მეტყველებს აღდგენილი წარწერები მის სამარხში.
სეტი II-ს სამი ცოლი ჰყავდა – ტაოსრეტი, ტიაა და ტახატი. ტაოსრეტმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა. სეტი II-ის გარდაცვალების შემდეგ ის ტახტის მემკვიდრის და თავისი გერის, მცირეწლოვანი სიპტახის რეგენტი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ მან თავი მეფედ გამოაცხადა. სეტი II-მ კარნაკში აუგო კაპელები ამონის ტრიადის წევრებს ამონს, მუტს და ხონსუს. დაიკრძალა მეფეთა ველზე.