მერნეპტახი
მერნეპტახი – (ეგვ. Mr-n-Pth, „ვინც უყვარს პტახს“, დაახლ ჩვ.წ.-მდე 1224-1214), XIX დინასტიის ფარაონი, რამსეს II-ის ვაჟიშვილი.
რამსეს II-ის ხანგრძლივი (67 წელი) მეფობის დასასრულისათვის მისი უფროსი შვილები გარდაცვლილები იყვნენ და მერნეპტახი, რიგით მეცამეტე, თავის მექვსე ან მეშვიდე ათწლეულში გადასული. ხანდაზმული ფარაონი ტახტზე უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში ავიდა, როცა საშიშროება ერთდროულად დაემუქრა ეგვიპტეს ჩრდილო-აღმოსავლეთის, ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთის მხრიდან, მაგრამ მერნეპტახმა გაამართლა თავისი დიდი მამის სახელი. მისი გამეფების პირველ ან მეორე წელს დაიწყო არეულობა ქანაანში, ასე რომ მერნეპტახმა მოაწყო ლაშქრობა ამ მიმართულებით. მან ჩაახშო არეულობა სანაპირო ზოლზე და უფრო სიღრმეშიც (ასკალონში და გეზერში), დასავლეთის მთებში (ისრაელში) და უფრო ჩრდილოეთითაც, გალილეაში (იენოამში).
უკვე მეხუთე წელს მერნეპტახს ლიბიელების და ზღვის ხალხების კოალიციასთან მოუხდა შებრძოლება. სახელი „ზღვის ხალხები“ დაფიქსირებულია მერნეპტახის დროინდელ წარწერებში („ზღვის უცხო ხალხები“). უფრო დაწვრილებით მერნეპტახის გადამწერები მოიხსენიებენ მათ, როგორც ტურშა, შერდენი, შეკელეში და აკაივაშა. ამ კოალიციის ბელადები იმდენად ჩახედულები იყვნენ ეგვიპტის შინაურ საქმეებში და იმდენად გარკვეული ომის ხერხებში, რომ ეგვიპტეზე შემოტევის თანადროულად მათ ჩაატარეს მოლაპარაკება ნუბიელებთან იმ მიზნით, რომ არეულობა ნუბიაში კოალიციის ეგვიპტეზე თავდასხმის პარალელურად დაწყებულიყო. მერნეპტახმა ისეთი სწრაფი რეაგირება მოახდინა კოალიციის შემოტევაზე და იმდენად სწრაფად გაანადგურა მისი ჯარები, რომ ნუბიელებმა ვერც მოასწრეს აჯანყების ორგანიზება. როცა არეულობა ნუბიაში მაინც დაიწყო, ის ადვილად ჩაახშო მეფისნაცვალმა.
მერნეპტახის მეფობიდან შემოინახა მისი სასახლის ნანგრევები მემფისში და ტექსტები, რომლებშიც ის თავის საგმირო საქმეებს აღწერს. მერნეპტახის ერთ-ერთ ასეთ წარწერაში (ე.წ. „ისრაელის“, ან „გამარჯვების სტელა“) პირველად (და ერთხელ ახალი სამეფოს დროს) მოხსენიებულია „ისრაელი“. გრანიტის სტელა (2.5 მ.×1 მ., დღეს დაცულია კაიროს მუზეუმში) აღმოაჩინა ფ. პეტრიმ მერნეპტახის სამარხში მეფეთა ველზე. სტელაზე მოთავსებული ტექსტი ხოტბას ასხამს მერნეპტახის გამარჯვებებს სირია-პალესტინაზე და ლიბიელებზე. ის ასევე წარმოადგენს ერთადერთ არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ ისრაელი ჩამოყალიბებული იყო ჩვ.წ.-მდე 1250 წლისათვის და „გამოსვლას“ ადგილი ჰქონდა რამსეს II-ის მეფობის დროს. მოგვიანებით იგივე ტექსტი აღმოჩენილი იქნა კარნაკშიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის, ვინც უარყოფს ბიბლიის ასეთ სიძველეს, არსებობს კრიტიკული აზრი მერნეპტახის „ისრაელის“ და ებრაული „ისრაელის“ იდენტურობის შესახებ. მერნეპტახის გარდაცვალების შემდეგ ტახტს იპყრობს უზურპატორი ამონემესი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მერნეპტახის მემკვიდრე, სეტი II მაინც ახერხებს ტახტზე ასვლას.