ეგვიპტის მესამე გარდამავალი პერიოდი
მესამე გარდამავალმა პერიოდი – გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ეგვიპტოლოგიაში ახალმა ტერმინმა – მესამე გარდამავალმა პერიოდმა დაიწყო დამკვიდრება. მოიცავს დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 1069-653 წლებს ე.წ. „ბრწყინვალე“ საისურ პერიოდამდე, როცა ეგვიპტემ ხანმოკლედ და უკანასკნელად დაიბრუნა თავისი დიდება (XXI (ტანისური), XXII და XXIII (ლიბიური), XXIV (საისური) და XXV კუშიტური (ნუბიური) დინასტიები). მათ პარალელურად სხვაგან კიდევ იყო ადგილობრივი დინასტიები, რომელთა გავლენის სფეროები საკუთარი რეგიონებით შემოიფარგლებოდა. ეს პერიოდი ბოლო რამსესის (რამსეს XI, XX დინასტია) გარდაცვალების შემდგომი დროით იწყება, როცა ეგვიპტე ფაქტიურად ორად გაიყო. ჩრდილოეთში (ტანისში) ტახტზე XXI დინასტია ადის, სამხრეთს კი თებედან ამონის მთავარი ქურუმი მართავს. თუმცა ამ პერიოდზე ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორმა კ.კიჩენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი წიგნი თვითონ გააუქმებდა საკუთარ სათაურს (The Third Intermediate Period in Egypt), რადგან დროის ამ მონაკვეთს არ ახლავს პირველი ორი გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ქაოსურობა და ამდენად, არ შეიძლება „გარდამავლად“ მივიჩნიოთ, ტერმინმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავი. ამ დროის ეგვიპტეს „ჩატეხილსაც“ ეძახიან, რადგან ქვეყანამ უკვე ვეღარასოდეს მოხერხდა მტკიცედ გაერთიანება დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე, რაც საბოლოოდ სპარსელების, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობით დამთავრდა.
რამსეს XI-ის მეფობის დროს სიტუაცია ქვეყანაში თანდათან გამოდის კონტროლიდან. სამხრეთი პრაქტიკულად თებეს ქურუმების ხელშია და არ ემორჩილება ტახტს. ამონის მთავარმა ქურუმმა ამონემხატმა უკვე რამსესის მეფობის პირველ ნახევარში საკუთრი თავი წარმოადგინა კარნაკის ტაძრის კედელზე, როგორც ფარაონმა, სრული რეგალიებით. მართალია, ის გადასახლებაში გაუშვეს, მაგრამ ეს პრეცედენტი თავისთავად ბევრზე მეტყველებს. სავარაუდოდ, სამხრეთ ეგვიპტეში შიმშილიც იყო. დაიწყო არეულობა, რომლის დროსაც ქვეყანაში შემოიჭრა მეფისნაცვალი კუშში, პანეხსი, რომელმაც თავისი ჯარით გაიარა თებე და მიაღწია მის ჩრდილოეთით მდებარე ჰარდაიმდე. რასაკვირველია, მეფისნაცვალს პირადი ინტერესები და გარკვეული ტერიტორიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი ამოძრავებდა. ამ ბუნდოვან პერიოდში, რამსეს XI-ის მეფობის დაახლოებით მეცხრამეტე წელს, თებეში ჩნდება ამონის ახალი მთავარი ქურუმი ხერიხორი. მისი წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ, ლიბიური ოჯახის წარმომადგენელი იყო. წარწერებში, რომლებიც კარნაკში, ხონსუს ტაძრის კედლებზეა მოთავსებული, კარგად ჩანს, თუ როგორ მატულობს მისი წოდებები ძალაუფლების ზრდასთან ერთად. საბოლოოდ, მან ფარაონის თითქმის სრული ტიტულატურა მიითვისა და წლების ათვლა თავიდან დაიწყო, როგორც ეს ყოველი ახალი ფარაონის გამეფებისას ხდებოდა. ეს იყო ე.წ. „რენესანსის“ დასაწყისი, (ეგვ. whm mwt „დაბადების გამეორება“), ტერმინი, რომელსაც ადრე მხოლოდ ახალი დინასტიის დამაარსებლები იყენებდნენ. ხერიხორი აკონტროლებდა ზემო ეგვიპტის ჯარსაც და ნუბიაში განლაგებულ გარნიზონებსაც, რამაც, სავარაუდოდ, ეგვიპტე ნუბიის საბოლოო დაკარგვამდე მიიყვანა.
ჩრდილოეთში ამავე პერიოდში იკვეთება ასევე უცნობი წარმომავლობის მქონე ვინმე სმენდესი, რომელიც დელტას პი-რამსესიდან აკონტროლებდა. თუმცა რამსესი ნომინალურად ცხოვრების ბოლომდე ფარაონად ითვლებოდა, ქვეყანას რეალურად სმენდესი და ხერიხორი აკონტროლებდნენ. რამსეს XI დაკრძალეს სამარხში, რომელიც დამთავრებულიც კი არ იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ნომინალური გაყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად რეალობად იქცა. ჩრდილოეთში სმენდესმა თავი მეფედ გამოაცხადა. მან დააარსა ახალი, XXI დინასტია და ახალი დედაქალაქი, ტანისი. სამხრეთს განგებდნენ ამონის ქურუმები ამონის მთავარი ქურუმის მეთაურობით, სადაც კარნაკის ტაძარი და მისი სამფლობელოები უკე XX დინასტიის დასასრულისათვის ფარაონზე გაცილებით მდიდარი იყო. ხერიხორმა შექმნა ახალი ინსტიტუტი, რომელმაც ფარაონის ბატონობა ნომინალურად გადააქცია. მან ამონი ეგვიპტის ერთადერთ ბატონად გამოაცხადა, ფარაონები და ამონის მთავარი ქურუმები თებეში კი მის მიერ დანიშნულ მმართველებად ითვლებოდნენ, რომლებსაც დიდი ღვთაება თავის გადაწყვეტილებებს კარნაკის ტაძარში ორაკულის საშუალებით ამცნობდა. სამხრეთი მთლიანად თებეს ხელში იყო, და საზღვარი ქვეყნის ორ ნაწილს შორის გადიოდა ელ-ჰიბასთან, ფაიუმის სამხრეთ შესასვლელთან, სადაც ამონის ქურუმებმა, რომლებიც იმავდროულად ქვეყნის მთავარსარდლებიც იყვნენ, ფორტი ააგეს. ტანისი აშენდა, როგორც თებეს ჩრდილოეთი ასლი. აქ აიგო თებეს ტრიადის ამონის, მუტის და ხონსუს ტაძრები. მის, როგორც წმინდა ქალაქის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა ისიც, რომ XXI დინასტიის ფარაონების სამარხები ამონის ტაძრის გალავნის შიგნით აიგო. რამდენად იყო ის პოლიტიკური ცენტრი, ცნობილი არ არის, რადგან ჯერჯერობით აქ არ არის აღმოჩენილი საცხოვრებელი სახლები და კერძო პირების ძეგლები. სმენდესის დეკრეტები მემფისიდან არის გაცემული, და სავარაუდოდ, ეს ძველი ქალაქი კიდევ ერთხელ გახდა ადმინისტრაციული ცენტრი.
XXI დინასტიის დაახლოებით 130-წლიანი მეფობის შემდეგ ქვეყანას ლიბიური წარმოშობის ფარაონები დაეპატრონნენ (XXII-XXIV დინასტიები, შეშონკი, ოსორკონი, ტაკელოტი, ტეფნახტი), რომლებიც გრაკვეული დროის მანძილზე ერთმანეთის პარალელურად მეფობდნენ. ამ დინასტიების დასასრულისათვის დელტის რუკა საოცრად დანაწევრებულად გამოიყურება. აღმოსავლეთში სულს ღაფავდა XXII დინასტია, რომელიც მხოლოდ ტანისს, ბუბასტისს და მათ მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდა. ლეონტოპოლისში XXIII დინასტიის ბოლო ფარაონი მეფობდა. დასავლეთი დელტა XXIV დინასტიის ხელში იყო. ამას გარდა, დელტის გარკვეულ ტერიტორიას ლიბიელების ოთხი ბელადი განაგებდა. შუა ეგვიპტეში თავისი „მეფეები“ ჰყავდა ჰერმოპოლისს და ჰერაკლეოპოლისს. ასეთ ვითარებაში ნუბიაში, რომლისთვისაც ეგვიპტეს უკვე აღარ ეცალა, მომძლავრდა ადგილობრივი სამეფო ოჯახი, რომელმაც პრეტენზია ეგვიპტის ტახტზეც გამოაცხადა. ჩვ.წ.-მდე 770 წ. მისმა წარმომადგენელმა – კაშტამ მოახერხა ეგვიპტის ტახტზე ასვლა. მისი გამეფებით იწყება XXV ნუბიური (კუშიტური) დინასტია, რომელმაც თავისი მმართველობის ქვეშ მთელი ეგვიპტე მოაქცია. შემდგომ პერიოდს (XXVI დინასტიიდან) უკვე ეგვიპტის გვიანი პერიოდი ჰქვია.