ხონსუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხონსუ
(ძვ.წ. VIII ს.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი

ხონსუ(ეგვიპტ.) ანთროპომორფული სახის მქონე მთვარის ღვთაება, ამონის და მუტის ვაჟიშვილი, რომელიც მათთან ერთად თებეს ტრიადას ქმნიდა. მისი თავის სამოსს ნახევარმთვარეზე მოთავსებული სავსე მთვარე წარმოადგენდა. ხანდახან გამოისახებოდა შევარდნის თავით, ან როგორც ბავშვი ახალგაზრდობის ნაწნავით.

ხონსუს სახელი დაკავშირებულია ზმნასთან „hnś“ (მოგზაურობა, მგზავრობა) და მთვარის ზეცაში გადანაცვლებასთან იყო ასოცირებული. ახალი სამეფოდან მას „მოგზაურს“ ეძახდნენ. ხონსუ მოხსენიებულია უკვე პირამიდების ტექსტებში და ძველი სამეფოს მემფისის ღმერთების სიებში. ამ დროს ის საკმაოდ მძვინვარე ღმერთია, რომელიც ხოცავს დაბალი რანგის ღმერთებს და ჭამს გარდაცვლილთა გულებს. მოგვიანებით ასოცირებული იყო ბედთან და განსასჯელთან. ითვლებოდა, რომ მას ებარა „წლის დასასრულის წიგნი“, სადაც ეწერა, ვინ უნდა მომკვდარიყო წლის განმავლობაში. როგორც მთვარის ღვთაება, იყო დროის ბატონი, რომელიც მეფეების და ადამიანების ცხოვრების წლებს განსაზღვრავდა. ხონსუ იყო მკურნალი ღვთაებაც, რადგან მისი მძვინვარე და „ბედის განმსაზღვრელის“ თვისებები ბოროტი დემონების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ამ ფუნქციაში მას ნეფერხოტეპს, „მშვენიერ შემწყალებელს“ ეძახდნენ.

რამსეს II-ის დროინდელ ე.წ. „ბენტრეშის სტელაზე“ მოთხრობილია ზღაპარი, სადაც რამსესი აგზავნის „ბედის განმსაზღვრელი“ ხონსუს ქანდაკებას შორეულ ბახტანში, რომ განდევნოს დემონი, ჩასახლებული მისი მეუღლის დის, პრინცესა ბენტრეშის სხეულიდან, რასაც ხონსუ წარმატებით ასრულებს. თებეში ხონსუს, როგორც ამონის შვილს, ეძახდნენ „სახით მშვენიერს“. აქ იგი დაახლოებული იყო შუსთან და რასთან (ხონსუ-რა). ხონსუს ტაძარი კარნაკში, რომელიც რესტავრირებული იყო XX-XXI დინასტიების დროს, დღემდეა შემორჩენილი.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები