შევარდენი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შევარდენი – შევარდნის კულტი მთელ ეგვიპტში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, რაზეც მეტყველებს მისი გამოსახულებები, ნაპოვნი წინადინასტიურ ფენებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ითვლება, რომ მაღლა ფრენის და შემტევი ბუნების გამო შევარდენი ძალიან ადრე ასოცირდა ზეცასთან და სახელმწიფო ძალაუფლებასთან. შევარდნის სახით ეთაყვანებოდნენ სამეფო და სახელმწიფო ღვთაებას ხორს, რომელმაც ჯერ კიდევ ადრედინასტიულ პერიოდში უამრავი შევარდნის სახის მქონე ლოკალური ღვთაება „შთანთქა“. უკვე პირამიდების ტექსტებში შევარდნის ნიშანი ღმერთის დეტერმინატივის როლს ასრულებს, რაც მის უკან მდგომი კულტების სიმრავლის მაჩვენებელია. შევარდნის სახე ჰქონდათ ასევე დიდ ღვთაებებს – მონტუს, სოკარს და სოპდუს. გვიანდელ პერიოდში ოსირისიც შევარდნის სახით გამოისახებოდა ხოლმე და ხშირად გარდაცვლილზე, როგორც შევარდენად გარდასახულზე ფიქრობდნენ. შევარდნის სახე ჰქონდა გვიანდელ პერიოდში ასევე ღმერთების ბას. შევარდნის კულტი, ისიდას კულტის მსგავსად, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც აგრძელებდა არსებობას. კუნძულ ფილეზე ჩვ.წ IV საუკუნემდე ეთაყვანებოდნენ ცოცხალ შევარდენს, რომელიც სპეციალურად ჩამოჰყავდათ პუნტიდან და „რას სულად“ აღიქვამდნენ. ამ კულტს ბოლო მოუღო ქრისტიანმა არქიეპისკოპოსმა ათანასემ, რომელმაც ჩვ.წ. IV საუკუნეში მოახერხა ტაძარში შეპარვა და „ღვთაებრივი შევარდნის“ ფიზიკური განადგურება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები