სოკარი (ღვთაება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოკარი – (ეგვ. Skr), მემფისის შევარდნის სახის გარდაცვლილთა კულტის ღვთაება. გამოისახებოდა ანრთოპომორფულად, შევარდნის თავით, ან როგორც პირველქმნილი ბორცვი, რომელზეც შევარდნის თავი იყო მოთავსებული, რაც მის უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს.

მისი სახელი დღემდე შემორჩა მემფისის ნეკროპოლისის იმ ნაწილს („საქქარა“), სადაც მისი მთავარი ტაძარი მდებარეობდა. მემფისთან მას კიდევ რამდენიმე ტაძარი ჰქონდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გიზეში, სადაც ეთაყვანებოდნენ, როგორც „როსეტაუს ბატონს“ („როსეტაუ“ იყო საკრალური ადგილი მემფისის ნეკროპოლისში). სოკარის „როსეტაუს“ ტაძარი დაფიქსირებულია თოტმეს IV-ის ცნობილ „სფინქსის“, ან „სიზმრის სტელაში“. როგორც „როსეტაუს ბატონი“, პატრონობდა საიქიოში შესასვლელს. როცა მოგვიანებით როსეტაუ ეგვიპტურ მიცვალებულთა ლიტერატურაში მიწისქვეშეთის ნაწილიც გახდა, სოკარი იქაურობის ბატონად „გადაიქცა“. ამდუატის წიგნში მგზავრობის მეოთხე და მეხუთე საათებში მზე „სოკარის მიწას“ გაივლის.

მემფისში მოხდა სოკარის შერწყმა პტახთან (პტახ-სოკარი), რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ სოკარი ორიგინალურად, პტახის მსგავსად, ხელოსნების (შესაძლოა, ნეკროპოლისის ხელოსნების) მფარველი ღვთაება იყო და მისი გარდაცვლილთა ღვთაებად გარდასახვა ოსირისთან შერწყმის (სოკარ-ოსირისი) შედეგად მოხდა. შუა სამეფოდან დაფიქსირებულია ასევე ლოცვები პტახ-სოკარ-ოსირისისადმი. პირამიდების ტექსტებში სოკარი მოიხსენიება, როგორც ოსირისის ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა, მემფისის ტრაქტატის პოლიტიკურ ნაწილში კი ნათქვამია, რომ „ოსირისი სოკარის სახლშია“.

სოკარისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელიც უკვე I-II დინასტიის ანალებშია დაფიქსირებული, გარდაცვლილთა დიდ დღესასწაულად ითვლებოდა, ისინი ამ დროს განსაკუთრებულ შესაწირს იღებდნენ. ათდღიანი დღესასწაული ხოიაკის თვეში ტარდებოდა და მისი ძირითადი იდეა ღვთაება-ფარაონის მეფობის უწყვეტობა იყო, რაც ღვთაების ციკლური აღდგომის იდეასთან იყო დაკავშირებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები