ხოიაკის დღესასწაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოიაკის დღესასწაული – (ეგვიპტ.) დღესასწაული, დაკავშირებული ოსირისთან. მისი მკვდრეთით აღდგომის ამბავი თანდათან გადაიჯაჭვა მოსავლის ყოველწლიურ მოწევასთან.

ხოიაკის დღესასწაულის დროს ხდებოდა მარცვლის რიტუალური დათესვა. ახალი სამეფოს დროიდან ამისათვის სპეციალურად მზადდებოდა ოსირისის ფორმის ყალიბი, რომელსაც მიწით ავსებდნენ და მარცვალს ამ ყალიბებში თესავდნენ. რვა დღის შემდეგ ოსირისის სილუეტი ივსებოდა ჯეჯილით, რომელსაც განახლების სიმბოლოდ აღიქვამდნენ. დღესასწაული ტარდებოდა ნილოსის ადიდების სეზონის მეოთხე თვეს, როცა ნილოსის წყლები თანდათან უბრუნდებოდა ჩვეულ კალაპოტს და ხვნა-თესვის დრო იწყებოდა.

გვიანდელი პერიოდიდან ხოიაკის დღესასწაული ეგვიპტის უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ეროვნული დღესასწაული გახდა, რომელიც ქვეყნის ყველა ტაძარში ტარდებოდა. მარცვლის ოსირისის დამზადების გარდა, ტარდებოდა ე.წ. „კანოპების პროცესია“. პროცესია შედგებოდა ორმოცდაორი ღვთაებისაგან, რომლებიც ორმოცდაორი ნომის პერსონიფიკაციას წარმოადგენდნენ, და რომლებსაც წინ ეგვიპტის დიდი ღვთაებები მიუძღოდნენ. პერსონიფიკაციებს მოჰქონდათ თავსახურიანი ლარნაკები (კანოპები) ოსირისის სხეულის ნაწილებით. რიტუალის დროს, მათი შეერთებით ოსირისის სხეულის „აღდგენა“ ხდებოდა. დენდერას ტაძარში შემონახულია ტექსტები, რომლებშიც მოცემულია ზუსტი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დამზადებულიყო ეს ნაწილები. ამისათვის მზადდებოდა განსაკუთრებული ცომი, რომელიც სპეციალურ ხის ყალიბებში ცხვებოდა. დღესასწაული იწყებოდა ამ ნაწილების შეერთებით და ოსირისის დაკრძალვის და ხორის მეფედ კურთხევის ცერემონიებით სრულდებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები