ეგვიპტის ახალი სამეფო
ეგვიპტის ახალი სამეფო – (დაახლ. 1550-1070 ჩვ.წ.-მდე, XVIII-XX დინასტიები). მესამე აღმავლობის ხანა ეგვიპტის ისტორიაში.
ახალ სამეფოს წინ უძღოდა ეგვიპტის უცხოელი დამპყრობლების (ჰიკსოსების) მიერ დაპყრობა და ქვეყნის დაქუცმაცება, რამაც ძირეულად შეცვალა ეგვიპტელის ფსიქოლოგია. ამიტომ ახალი სამეფო ეგვიპტის ისტორიაში თვისობრივად ახალ ფურცელს წარმოადგენს. თუ აქამდე ეგვიპტე ძლიერებას თავის იზოლირებულობაში ხედავდა, რადგან არ არსებობდა არავითარი გარეშე ძალა, რომელიც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ახალი სამეფოს დროიდან ეს წარმოდგენა იცვლება. ამიერიდან ეგვიპტე თავისი დიდების წყაროს თავისი ძალაუფლების ქვეყნის გარეთ ექსპანსიაში ხედავს.
ახალი სამეფოს და ახალი (XVIII) დინასტიის ათვლა იახმეს I-ით იწყება. თუმცა აქ რეალურად დინასტიურ წყვეტასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ იახმესმა ბრწყინვალედ დააგვირგვინა თავისი წინაპრების, თებელი ნომარქების ოჯახის საქმე და არა მარტო განდევნა ჰიკსოსები ეგვიპტიდან, არამედ სდია მათ შარუხენამდე (ჰიკსოსების ბაზა აზიაში) და იქიდანაც გააძევა, რომ თავიდან აეცილებინა ქვეყანაში მათი ხელმეორედ შემოჭრის საშიშროება. იახმესის დიდმა მემკვიდრეებმა – ამონხეტეპებმა, თოტმესებმა და რამსესებმა აზიაში წარმატებული ომებით ქვეყანა დიდ იმპერიად გადააქციეს და საოცრად განამტკიცეს თავიანთი ძალაუფლება ნუბიაში, ეგვიპტის უძველეს კოლონიაში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ხშირად „ეგვიპტის ფარაონების დიდების ხანად“ მოიხსენიება, რადგან ახალი სამეფოს ეგვიპტის დიდება სწორედ ამ ენერგიული ადამიანების შედეგს წარმოადგენს. აზიური კოლონიებიდან და ნუბიიდან ეგვიპტეში მოედინება აურაცხელი სიმდიდრე, რაც, პოლიტიკური სტაბილურობის ვითარებაში, საშუალებას აძლევს ქვეყანას, აწარმოოს გრანდიოზული მშენებლობები. ამ პერიოდში იქმნება შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები და ხელოვნების ნიმუშები.
დაახლოებით XX დინასტიის მეორე ნახევრიდან ქვეყანა იწყებს დაღმასვლას. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ეგვიპტეს არ გააჩნდა რკინის საბადოები და ბრინჯაოს ხანაში დარჩა, რაც ართულებდა მის ბრძოლას ახალი იარაღით აღჭურვილ არმიებთან. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ქვეყნის შინაგან განვითარებაში იმალებოდა. რამსეს III-ის რვა უფერული მემკვიდრის დროს (ჩვ.წ.-მდე 1194-1070) ქვეყანაში თავი იჩინა ეგვიპტის ტრადიციულმა წინააღმდეგობებმა – ერთი მხრივ ფარაონის, მეორე მხრივ კი დიდგვაროვან არისტოკრატიას შორის, რომელსაც ქურუმობაც ეკუთვნოდა. სატაძრო მეურნეობების სიმდიდრემ კულმინაციას მიაღწია, მაშინ, როცა სამეფო რეზიდენციის კუთვნილი მიწები იმდენად შემცირდა, რომ მათ არ შეეძლოთ საკმაო მიწების გამოყოფა თავიანთი სამარხების კომპლექსებისათვის და გარდასულ დროთა ფარაონების მიწების მიტაცება დაიწყეს. ბოლო რამსესის მეფობა უკვე წმინდა ნომინალურ ხასიათს ატარებს.
ზემო ეგვიპტეში ძალაუფლება ხელთ ეპყრა თებეში ამონის მთავარ ქურუმს ხერიხორს, ქვემო ეგვიპტის ფაქტიური ერთპიროვნული მმართველი კი ჩრდილოეთის მთავარი ვეზირი და ამონის ქურუმი ნესიბანებჯედი (სმენდესი) იყო, წარმოშობით ტანისიდან. ამ ორი ფაქტიური მბრძანებლის ფონზე უფერულად დასრულდა ბოლო რამსესის მეფობა და მასთან ერთად ერთ დროს ბრწყინვალე ახალი სამეფოს ხანა. რამსესის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში ფაქტიურად ორხელისუფლებიანობის დრო დაიწყო – ფარაონი ქვეყნის ჩრდილოთს განაგებდა, ამონის მთავარი ქურუმი თებეში კი სამხრეთს.
ახალი სამეფოს ფარაონები
იახმეს I;
ამონხეტეპ I;
ამონხეტეპ II;
ამონხეტეპ III;
ამონხეტეპ IV;
თოტმეს I;
თოტმეს II;
თოტმეს III;
თოტმეს IV;
ხტშეპსუტი;
აი;
ხორემხები;
სმენხკარა;
ტუტანხამონი.