ნეფერტიტი
ნეფერტიტი – (ეგვ. Nfr.t-itj, „ლამაზი მოვიდა“, ამონხეტეპ IV (ეხნატონის) მეუღლე და კლეოპატრასთან ერთად ეგვიპტის ყველაზე ცნობილი დედოფალი განთქმული ბიუსტის გამო, რომელიც გერმანელმა არქეოლოგმა ლ. ბორხარდტმა 1912 წ., ახეტატონის გათხრების დროს აღმოაჩინა. მისი წარმომავლობა ბუნდოვანია, მაგრამ ითვლება, რომ ნეფერტიტი იყო ამონხეტეპ III-ის მთავარი მეუღლის, ტეიეს ძმის, აის (შემდეგში ფარაონის) შვილი და მას ჰყავდა უმცროსი და მუტნოჯემი, რომელიც ფარაონ ხორემხების მეუღლე იყო.
ეგვიპტეში ქალს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, და ეს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა XVIII დინასტიის დროს, მაგრამ ნეფერტიტის მდგომარეობა ეგვიპტისათვისაც გამორჩეული იყო, და აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფარაონის განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც მათ გამოსახულებებში იგრძნობა. ის და ეხნატონი ყოველთვის ერთნაირ ზომებში გამოისახებოდნენ, და ნეფერტიტის გამოსახულებები, განსაკუთრებით მეფობის პირველ ნახევარში, გაცილებით მეტია, ვიდრე ფარაონის. ნეფერტიტი გამოსახულია ასევე სცენაში, რომელიც ეგვიპტეში იქამდე მხოლოდ ფარაონის „პრეროგატივას“ წარმოადგენდა საბრძოლო კვერთხით ხელში, ის ანადგურებს ეგვიპტის მტრებს.
ეხნატონის დოქტრინის შესწავლისას არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეს მისი ერთ-ერთი თავისებურება: მის ერთადერთ ღმერთს ატონს მხოლოდ ფარაონი და მისი ოჯახის წევრები ეთაყვანებოდნენ, ამარნის მოსახლეობა კი თავად ეხნატონს. ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ნეფერტიტი მარტოა გამოსახული ატონის თაყვანისცემის დროს. ამიტომ ითვლება, რომ ცხოვრება ახეტატონში ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ატონზე, არამედ ტრიადაზე ატონი-ფარაონი-დედოფალი და რომ შესაძლოა ეს ტრიადა უნდა იყოს აღქმული, როგორც ერთი ღმერთის სამი სახე.
ეხნატონის მეფობის ბოლო და მისი შემდგომი წლები განსაკუთრებით ბუნდოვანია, რადგან ახეტატონი საძირკვლამდე იქნა განადგურებული. ბუნდოვანია ასევე შემდეგი ფარაონის, სმენხკარას პიროვნება. ის ფაქტი, რომ მისი გამოჩენა ნეფერტიტის გაქრობას ემთხვევა და მან ერთ-ერთ სახელად ნეფერტიტის სახელი ნეფერ-ნეფრუ-ატონი (ეგვ. Nfr-nfrwItn, „მშვენიერია ატონის მშვენება“) აირჩია, აფიქრებინებს ზოგიერთ მეცნიერს, რომ სმენხკარა იგივე ნეფერტიტი იყო. ამ თეორიის მომხრენი ე.წ. „თანარეგენტობის სტელას“ იშველიებენ. ამ სტელის შვიდი ფრაგმენტი ამარნას ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი. სტელაზე გამოსახული არიან ეხნატონი, ნეფერტიტი და მათი უფროსი ქალიშვილი მერიტატონი, მაგრამ ნეფერტიტის სახელი წაშლილია და ზემოდან დაწერილია „ანხხეპრურა ნეფერნეფრუატონი“ – სმენხკარას სახელები. იმავდროულად, ბრუკლინის და ლუვრის მუზეუმებში დაცულ უშებტის ფრაგმენტებზე დაყრდნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ნეფერტიტი ეხნატონზე ადრე გარდაიცვალა და შესაძლოა, ის იმსხვერპლა შავმა ჭირმა, რომელიც მაშინ მთელ ახლო აღმოსავლეთში მძვინვარებდა.