ახეტატონი
ახეტატონი – (ეგვ. „მზის“ ან „ატონის ჰორიზონტი“) – ეხნატონის ქალაქი, რომელიც მან თავის ღმერთს, ატონს მიუძღვნა.
მდებარეობდა ნილოსის ორივე ნაპირზე, გებელ შეიხ-საიდის სამხრეთით. ფართობი დაახლ. 800-1200x7000მ მოიცავდა. ქალაქის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენდა კლდეები, რომელთაგან ერთ-ერთში ნაპრალით იწყებოდა გზა ცნობილი ჰატნუბის სამტეხლოებისაკენ. „ამარნა“ აქაურობას უკვე ჩვენს დროში დაერქვა, აქ დასახლებული მომთაბარე ტომის სახელის მიხედვით. ნაქალაქარის გასწვრივ მდებარეობს თანამედროვე სოფლები ეთ-ტილი, ჰაგ-კანდილი და ელ ჰავატა.
დღემდე შემორჩა ეხნატონის 16 სტელა დასავლეთით 3, აღმოსავლეთით 13. თოთხმეტი სტელა აღმოაჩინა ფ. პეტრიმ XIX საუკუნის დასასრულს, ერთი – ნ. დევისმა 1901 წ. მეთექვსმეტე სტელა 2004 წ. არის აღმოჩენილი. ეს სტელები, რომლებიც ნილოსის ორივე მხარეს კლდეებში იყო ამოკვეთილი, ქალაქის საზღვრებს განსაზღვრავდა. აღმოსავლეთის მეოთხე სტელაზე, რომელიც მეფობის მეოთხე წლითაა დათარიღებული, აღწერილია ქალაქის დაარსების მიზეზი და დაგეგმილი და უკვე დაწყებული მშენებლობები. დანარჩენი სტელები მეფობის მეექვსე, ფარაონის ახეტატონში გადმოსახლების წელს მიეკუთვნება. მათ ტექსტებში ეხნატონი საზეიმოდ უძღვნის ქალაქს ატონს და ფიცს დებს, რომ არასოდეს მიატოვებს მას. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ამ სტელებს შორისაა, „ეკუთვნის ჩემს მამას, ატონს: მთები, უდაბნო, მდელოები, კუნძულები, მაღალი მიწა და დაბალი მიწა, წყალი, სოფლები, ადამიანები, ცხოველები, და ყველაფერი, რასაც ჩემი მამა ატონი ქმნის და რასაც აცოცხლებს მარად. მე არ დავივიწყებ ამ ფიცს მამაჩემის, ატონის მიმართ მარად.“ ასევე გვამცნობს, რომ თუ ის, ან მისი ოჯახის წევრები გარდაიცვლებიან ახეტატონის გარეთ, მათ ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, როცა მისი რეფორმა დაგმო ოფიციალურმა ეგვიპტემ და დედაქალაქი ისევ თებეში იქნა გადატანილი, სახელმწიფო შენობები დაილუქა და ქალაქი თანდათან დაცარიელდა. ქვის ტაძრები და ნაგებობები მთლიანად დაშალეს რამსეს II-ის მეფობის დროს და გამოიყენეს მასალად ჰერმოპოლისში მიმდინარე მშენებლობებში. იმის გამო, რომ ქალაქი ასე სწრაფად იქნა მიტოვებული და უდაბნოში მდებარეობდა, დღეისათვის ყველაზე კარგად არის შემონახული ეგვიპტურ ქალაქებს შორის.
ჩრდილოეთიდან ქალაქი სამეფო სასახლით იწყებოდა. მისგან სამხრეთით იდგა კიდევ ერთი სასახლე, რომელიც ეხნატონის უფროსი ქალიშვილისათვის იყო განკუთვნილი. სასახლესთან იწყებოდა პირველი დასახლებული უბანი, რომელსაც დღეს „ჩრდილოეთ გარეუბანს“ უწოდებენ. მის სამხრეთით მდებარეობდა ცენტრალური უბანი, რომლის დასავლეთით იდგა ფარაონის მთავარი სასახლე (თანამედროვე სოფელ ეთ თილის სამხრეთით). ჩრდილოეთის და მთავარი სამეფო სასახლეები ერთმანეთთან დაახლ. 30მ. სიგანის გზით იყო დაკავშირებული. აქვე იყო ატონის დიდი ტაძარი და აღმოსავლეთით, კლდეებში სამეფო ოჯახის და კარის დიდებულების სამარხები. ამავე ზონაში მდებარეობდა ბიუროკრატიული ნაგებობები, მათ შორის ღვინის სახლი, სასახლე ფარაონის კორესპოდენციისათვის, სადაც ცნობილი ამარნას არქივია აღმოჩენილი, და შენობები პოლიციისათვის, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი ამარნას ფრესკებზე, როგორც ეხნატონის თანმხლები ძალა მისი ქალაქში გადაადგილების დროს.
ეგვიპტური ტაძრების აუცილებელ ატრიბუტს უძველესი დროიდან ღმერთის ბარკები (გემები) წარმოადგენდა. მათი საშუალებით ღმერთის ქანდაკებები, რომლებშიც, ეგვიპტელის რწმენით, ღვთაების სული სახლობდა, გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს. რადგანაც ეხნატონის ღმერთი რეალურად თავად „გადაადგილდებოდა“ ზეცაში, ხოლო მისი გამოსახულებები მხოლოდ კედელზე თავსდებოდა და მისი ქანდაკებები არ არსებობდა, ითვლება, რომ ახეტატონის სამეფო ნაგებობების დაგეგმარება მიზანმიმართულად მოხდა და ერთი სასახლიდან მეორე სასახლეში სამეფო ოჯახის საზეიმო სვლას ღმერთების პროცესიების როლი უნდა შეესრულებინა. ამ სიმბოლური მსვლელობით, რომლისთვისაც ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ფართე გზე კვეთდა, (მას დღეს „სამეფო გზას“ ეძახიან), სამეფო ოჯახი ფიზიკურად და სიმბოლურად ემიჯნებოდა დანარჩენ სამყაროს.
ცენტრალური უბნის სამხრეთით მდებარეობდა ატონის მცირე ტაძარი და „სამხრეთი გარეუბანი“, სადაც ცხოვრობდნენ მოხელეები, ქურუმები და სამხედროები. ამ უბნის აღმოსავლეთით იყო განლაგებული სოფლის ტიპის დასახლებები მხატვრებისა და ხელოსნებისათვის. ქალაქის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი ფარაონის ოჯახის დასასვენებელ ზონას წარმოადგენდა ბაღებით, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით ოცდაათი ათას კაცს შეადგენდა. მოსახლეობის უმეტესობა ორ საცხოვრებელ უბანში ცხოვრობდა – ჩრდილოეთ გარეუბანში და ცენტრალურ ნაწილში. განსხვავებით სამეფო და სატაძრო ნაგებობებისაგან, საცხოვრებელ უბნებს დაგეგმარება საერთოდ არ ეტყობა. ფართე, მაგრამ დაკლაკნილ ქუჩებს, რომლებიც ნილოსის პარალელურად მიემართებოდა, უფრო ვიწრო ქუჩები კვეთდა. ამ ქუჩებზე, სახლების განსხვავებული ზომიდან გამომდინარე, მდიდრები და ღარიბები ერთად ცხოვრობდნენ. სახლების შიდა დაგეგმარება, ზომის მიუხედავად, ერთნაირი იყო: ცენტრში მდებარეობდა მოზრდილი, ოთხკუთხედი, სვეტებიანი მისაღები ოთახი, მის ირგვლივ განლაგებული იყო სხვა ოთახები: კიდევ ერთი მისაღები, რამდენიმე ოთახი ოჯახისათვის და საკუჭნაო. ერთი მოზრდილი საძინებელი ცალკე აბაზანით და ტუალეტით, როგორც ჩანს, ოჯახის უფროსისათვის იყო განკუთვნილი. ყველა მოზრდილი სახლის უკანა ეზოში იყო სამლოცველო, სადაც სამეფო ოჯახის წევრებზე უნდა ელოცათ, მაგრამ დღეს ძნელია იმის გაგება, თუ რამდენად რეალურად ლოცულობდნენ ეხნატონზე ახეტატონის მცოვრებნი. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ეზოებში ნაპოვნი ეხნატონის ქანდაკებები შორსაა იმ გროტესკული სტილისაგან, რომლითაც ამარნას ხელოვნებაა ცნობილი. დღეს ქალაქისაგან ძირითადად ფუნდამენტებია დარჩენილი.
ქალაქის გათხრა დაიწყო ფ. პეტრიმ და გერმანულმა მისიამ (1914 წლამდე), შემდეგ აქ მუშაობა ინგლისურმა მისიამ გააგრძელა. გათხრები ახეტატონში დღესაც მიმდინარეობს ბ. კემპის ხელმძღვანელობით.