ატონი
ატონი – „ერეტიკოსი ფარაონის“, ამონხეტეპ IV (ეხნატონის) ღვთაება, რომელიც მან ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა და უარყო ეგვიპტის ძველი ღმერთები.
თვითონ სიტყვა „ატონი“ (ეგვ. „მზის დისკო“) ეგვიპტური ენისათვის შედარებით ახალი სიტყვაა, დაფიქსირებულია მხოლოდ შუა სამეფოს დროიდან. თანდათან ხდება მზის ამ სახით გაღმერთება (დაახლ XVIII დინასტიიდან), რაც, მზის ყველა ფაზის გაღმერთების გათვალისწინებით, ეგვიპტისათვის ბუნებრივი მოვლენა იყო. თოტმეს IV-ის დროს ატონი უკვე გამოკვეთილი იდენტურობის მქონე ღვთაებაა. თავის სკარაბეოსზე ფარაონი გვამცნობს: „მე ვიბრძოდი, და ჩემს წინ იყო ატონი. მე ვიბრძოდი იმისათვის, რომ უცხოელები გახდნენ, (როგორც) ეგვიპტელები, და ემსახურონ ატონს მარად“. ღმერთის ნიშნითაა გამოწერილი ატონი ასევე ამონხეტეპ III-ის სასეირნო გემზე „ატონი ბრწყინავს“. იმავე ამონხეტეპ III-ის დროს ვინმე რამოსე ერთდროულად ასრულებდა ამონის ქურუმის და „ატონის ტაძრის“ სტიუარდის მოვალეობებს, ხოლო ვინმე პენ-ბუი, ატონის ტაძრის საჭურჭლის გადამწერი, სთხოვს მსხვერპლშესაწირს ამონ-რას. თავად ამონხეტეპ III ხელს უწყობდა თავის კარზე ატონის თაყვანისმცემლების ჯგუფს. ე.ი. ატონი გაღმერთებული იყო უკვე ამონხეტეპ IV-ის ტახტზე ასვლამდე, საკუთარი ტაძარიც კი ჰქონდა, მაგრამ „მშვიდობიანად თანაცხოვრობდა“ ეგვიპტის პანთეონის ურიცხვ ღმერთებთან.
ატონის სახე – მზის დისკო, რომლის სხივები ადამიანის გაშლილი ხელებით მთავრდებოდა, ასევე არ იყო ახალი ეგვიპტისათვის. მზის სხივების გაშლილ ხელებთან გაიგივებას ჯერ კიდევ პირამიდების ტექსტებში ვხვდებით. ამონის რასთან შერწყმის შემდეგ ამონ-რას მოიხსენიებდნენ, როგორც „ერთადერთს, ბევრი ხელებით“. ცნობილი ფრაზა ეხნატონის ჰიმნიდან: „შენ, ერთადერთო ღმერთო, რომლის გვერდით არავინაა“ ასევე წარმოადგენს უკვე დიდი ხნით ადრე კლიშედ გადაქცეულ ფრაზას, რომელსაც თითქმის ყველა დიდი ღვთაების ჰიმნში ვხვდებით. ეგვიპტისათვის არც ის იყო ახალი, რომ ამონხეტეპ IV-მ პოლიტიკური ბრძოლისათვის წინ „ახალი“, ძველ ისტორიას მოკლებული ღვთაება წამოსწია. მსგავსი „ბიოგრაფიები“ ჰქონდათ რას და შემდეგ ამონს. მაგრამ ორივე ძველი ღმერთი თავიანთი ისტორიის დასაწყისში ქურუმებმა ძველ, დიდი ტრადიციების მქონე ღმერთებთან გააიგივეს. როცა რა ატუმს შეერწყა და შედეგად ახალი ღვთაება რა-ატუმი წარმოიშვა, ეგვიპტელის ცნობიერებაში ეს ერთი დიდი ღვთაების ორ გამოვლინების ფორმას წარმოადგენდა. იგივე იყო უფრო გვიან, როცა რას და ამონის შერწყმა მოხდა.
ეგვიპტეში ყველა დიდი ღვთაება „ერთადერთად“ მოიხსენიებოდა, მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია ხელი მის გვერდით მრავალი „დიდი“ და „პატარა“ ღმერთის თანაარსებობისათვის. რაც უფრო დიდი იყო ღვთაება, მით უფრო მეტი გამოვლინების ფორმები მიეწერებოდა. ეხნატონის რეფორმის რევოლუციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან ერთი ხელის მოსმით უარყო ეგვიპტის ღმერთები და ატონი – მზის დისკო ეგვიპტის ერთადერთ ღვთაებად გამოაცხადა, ყოველგვარი გამოვლინების ფორმების გარეშე. ატონის მეორე დიდ განსხვავებას ეგვიპტური ღმერთებისაგან მისი სახე წარმოადგენდა. უძველესი დროიდან ეგვიპტურ ღმერთებს ზოომორფული ან ანთროპომორფული სახე ჰქონდათ. ატონი იყო ხილული მზის დისკო, რომელსაც არავითარი ადამიანური თვისებები აღარ გააჩნდა. ეხნატონის ადრეულ წარწერებში ატონი მოიხსენიება, როგორც „ცოცხალი რახორახტი, რომელიც ბრწყინავს თავის სახელში როგორც „შუ“, რომელიც არის „ატონი“.
ამ დროს ატონი ჯერ კიდევ გამოიყურება, როგორც შევარდნის თავიანი ადამიანი თავზე მზის დისკოთი. ხებ-სედის შემდგომ, რომელიც ფარაონმა გამეფებიდან მეექვსე წელიწადს გადაიხადა, ღმერთის იკონოგრაფია იცვლება და ის იღებს მზის დისკოს სახეს, სხივებით, რომლებიც ადამიანის გაწვდილი ხელებით მთავრდება. ატონი უკვე მოიხსენიება, როგორც „ცოცხალი რა (ე.ი. მზე), ორივე ჰორიზონტის ბატონი, რომელიც ბრწყინავს ჰორიზონტზე, როგორც რას მამა, რომელიც არის ატონი“.
ეგვიპტეში უძველსი დროიდან ახალი ღმერთის აღზევების უკვე ტრადიციულად ქცეული ხერხისაგან განსხვავებით, აქ ატონი რასთან კი არ არის გაიგივებული, არამედ რა (რა-ხორახტი) არის ატონის სახით მოვლენილი, შუ კი საერთოდ ქრება. ღვთაებას, რომელსაც ასეთი სახე გააჩნდა, ვერ გამოსახავდი სამგანზომილებიან ქანდაკებაში და ეს არც იყო საჭირო. ატონი თავად ამობრწყინდებოდა ზეცაზე და მთელი დღის განმავლობაში იქ გადანაცვლდებოდა. ეგვიპტელისათვის ესეც უცხო იყო, რადგან ეგვიპტური ღვთაების საცხოვრისად მისი ტაძარი წარმოიდგინებოდა, სადაც წმინდათა წმინდა საკანში მისი ქანდაკება იყო დაბრძანებული, რომელსაც ღვთაების უხილავი სულიერი საწყისი სურვილისამებრ „სტუმრობდა“. ეგვიპტელები ლოცულობდნენ თავიანთ ღვთაებებზე, როცა დღესასწაულების დროს ქურუმები მათ ქანდაკებებს თავიანთი ტაძრებიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე. ახლა ვითარება სრულებით შეიცვალა – ატონზე ეხნატონი ლოცულობდა, რიგითი ეგვიპტელები კი ატონის ვაჟიშვილზე – თავად ეხნატონზე, სწორედ ამიტომ იდგა ამარნაში ყველა ეგვიპტელის უკანა ეზოში ეხნატონის გამოსახულება.
ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ქურუმებმა კონტრ-რეფორმაცია ჩაატარეს და ეხნატონის ღმერთი მალე მიეცა დავიწყებას, რასაც მრავალი ახსნა გააჩნია. ცოცხალ ადამიანზე დამყარებული კულტის მისი გარდაცვალების შემდეგ შენარჩუნება საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. ამას გარდა, ეგვიპტეში ერთი ღვთაებისადმი ლტოლვა უძველესი დროიდან შეიმჩნევა, მაგრამ ეგვიპტელმა ქურუმებმა მოახერხეს „ერთის“ და „მრავალის“ თავისებური შერიგება იმ წარმოდგენით, რომ უძველესი დროიდან მრავალი განსხვავებული სახე ერთი ღვთაებრივი საწყისის სხვადასხვა გამოვლინებად აღიარეს. ასეთ ვითარებაში ეგვიპტური რელიგია თანდათან უახლოვდებოდა ერთღმერთიანობას (სწორედ ამიტომ მიიღო ეგვიპტელმა ქრისტიანობა), მაგრამ იმავდროულად, რიგით ეგვიპტელებს არავინ ართმევდა უფლებას თავიანთ საყვარელ ღმერთებზე ელოცა – უფლებას, რომელიც ეხნატონმა ერთი ხელის მოსმით წაართვა