ატონის ჰიმნი
ატონის ჰიმნი – ჰიმნი, მიძღვნილი ატონისადმი, რომლის ავტორობა ეხნატონს მიეწერება. ჰიმნის ტექსტის რამდენიმე ვერსია დაფიქსირებულია ახეტატონში, დიდებულების სამარხების კედლებზე. ყველაზე სრულად აის სამარხში მოთავსებული ვარიანტი ითვლება.
ატონის ჰიმნში ეხნატონის ღმერთი გამოცხადებულია ერთადერთ ღვთაებად, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი სურვილის და ნების შესაბამისად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ატონის ჰიმნი ეგვიპტის თითქმის ორი ათასი წლის რელიგიური და ლიტერატურული ტრადიციის ნაყოფია. „ერთისადმი“ ლტოლვა ეგვიპტის რელიგიაში უძველესი დროიდან შეიმჩნევა. ეგვიპტური რელიგიისათვის დამახასიათებელი სინკრეტიზმის წყალობით, ხშირად ორი ან მეტი ღვთაება ერთი ღვთაებრივი არსების სხვადასხვა მანიფესტაციად იყო გამოცხადებული, და ატონისადმი მიმართულ ფრაზას „შენ ერთადერთი ხარ, რომლის გვერდით არ არის მეორე“ თითქმის ყველა დიდი ეგვიპტური ღვთაების ჰიმნში შევხვდებით. ბევრი ღმერთის იდეა ეგვიპტეში საბოლოოდ ყოველთვის „ერთამდე“ იყო დასული, მაგრამ ეგვიპტელი ქურუმები, ეგვიპტური აზროვნებისათვის ჩვეული მომრიგებლობის და კომპრომისულობის გამო, ცდილობდნენ არ ეძალადათ წარსულის ტრადიციებზე, და „ერთის“ და „მრავლის“ შეწყობას თავისებური ხერხებით ცდილობდნენ. ცნობილ ლიტანიაში რასადმი, რომელიც თებეს ნეკროპოლისის სამარხების კედლებმა შემოგვინახა, რა, „ერთადერთი“, თავისი 75 სახელით არის მოხსენიებული. ყველა ეს „სახელი“ ისეთი დიდი ღმერთებია, როგორიცაა ატუმი, შუ, ტეფნუტი, გები, ნუტი და სხვ. ეხნატონმა მოახდინა ეს „ძალადობა“ წარსულზე, რაც მან, როგორც ჩანს, აუცილებლად ჩათვალა. ამიტომ ატონის ჰიმნი განსხვავდება სხვა ეგვიპტური ჰიმნებისაგან იმით, რომ ატონის გვერდით უკვე არც ერთი ღმერთის სახელი აღარ არის მოხსენიებული.
ატონის ჰიმნის და 104 ფსალმუნის საოცარი მსგავსების გამო მეცნიერებაში ბევრი იწერება ეგვიპტურ გავლენაზე, რომელიც ძველ აღთქმაში იგრძნობა. ამას გარდა, ბიბლიური გენეზისის და ატონის ჰიმნის საოცარ შინაარსობრივ მსგავსებასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ ასევე ძირითადი ელემენტების აღმნიშვნელი სიტყვების საოცარ მსგავსებაზე (მაგ. „ad“ – „ნისლი“, „ბურუსი“ და ეგვ. „adj“, „naphach“ – „სუნთქვა“ და ეგვ. „nef“ და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ის მეცნიერებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ „როცა ისრაელის შვილები დასახლდნენ ქანაანში და საკუთარი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება დაიწყეს, მათი წინგადადგმული ნაბიჯები რელიგიაში მხოლოდ საკუთარი ეროვნული რელიგიური გამოცდილების წყალობით იქნა მიღწეული“, ვერ უარყოფენ ეგვიპტის საოცარ გავლენას და მიიჩნევენ, რომ „როცა ებრაელებს საკუთარი იდეების სიტყვით გადმოცემა დასჭირდათ, მათ ეგვიპტელისაგან ისესხეს ფორმა, რომლითაც საკუთარი იდეების გადმოცემა იყო შესაძლებელი“.