აი (ფარაონი)
აი – (ეგვ. ‘Ii, ფარაონი, ჩვ.წ.-მდე 1323-1319 ან 1327-1323). ითვლება ამონხეტეპ III-ის მთავარი მეუღლის, ტეიეს ძმად და შესაძლოა ნეფერტიტის მამად.
ამ მხრივ დასაფიქრებლად მიიჩნევა ფაქტი, რომ თავისი ხანმოკლე მეფობის დროს აიმ ტაძარი აუგო მინს ახმიმში, ტეიეს მშობლების ქალაქში, სადაც ტეიეს მამას, იუიას მინის მისნის და ტაძრის საქონლის ზედამხედველის თანამდებობები ეკავა. ზოგი მეცნიერის აზრით, ისიც იუიას შვილი იყო, მათი ფიზიკური მსგავსების გამო. აის მდგომარეობა გამორჩეული იყო ამონხეტეპ IV-ის (ეხნატონის), შემდეგ კი ტუტანხამონის კარზე. უკვე ამონხეტეპის დროს მისი ერთ-ერთი წოდება იყო „ღვთაების მამა“ (უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ვარაუდით ეს მისი დაბადების სახელი იყო. ითვლება, რომ აიმ ეს წოდება მოიპოვა, როგორც ეხნატონის სიმამრმა. აი ამაყობდა ამ წოდებით და მან ის ტახტზე ასვლის შემდეგაც შეინარჩუნა. ეხნატონის დროს აი ასევე ატარებდა წოდებას – „მისი უდიდებულესობის ყველა ცხენის ზედამხედველი“ და მისივე მეფობის დროს დაიწყო საკუთარი სამარხის აგება ამარნაში. ტახტზე ავიდა ტუტანხამონის ქვრივზე, ანხესენპაამონზე ქორწინებით. მის მეფობაზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, რადგან აის გარდაცვალების შემდეგ ხორემხებმა (ტახტზე ავიდა აის შემდეგ) გაანადგურა მისი კვალი, სადაც ხელი მიუწვდა. მან წარწერებზე წაშალა აის სახელი, დაამსხვრია მისი სარკოფაგი და მიითვისა მისი მოსახსენიებელი ტაძარი. მაგრამ სწორედ აის გავერანებული სამარხის კედლებმა შემოგვინახა დღეისათვის ძველეგვიპტური ლიტერატურის შედევრად წოდებული ნაწარმოების, ეხნატონის მიერ ატონისადმი მიძღვნილი ჰიმნის ყველაზე სრულყოფილი ვერსია.