ამონხეტეპ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონხეტეპ III – (ჩვ.წ.-მდე 1386-1349) ეგვიპტის ფარაონი, თოტმეს IV-ის და მისი „მეორე რიგის“ ცოლის, მუტემუიას ვაჟი. მუტემუიას წარმომავლობა უცნობია. იგი არ არის არტატამას ქალიშვილი, როგორც ეს ადრე ეგონათ.

XVIII დინასტიის მეომარმა ფარაონებმა ამონხეტეპ III-ს დაუტოვეს უზარმაზარი იმპერია, გადაჭიმული ჩრდილოეთ სირიიდან ნილოსის მეხუთე ჭორომამდე სამხრეთში. ეგვიპტე არასოდეს ყოფილა ასეთი მდიდარი. ჟურნალ „ფორბსის“ 2008 წლის სიაში ამონხეტეპ III დასახელებულია კაცობრიობის ისტორიაში მეთორმეტედ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის (მისი ქონება შეფასებულია 155, 5 მლრდ. დოლარად 2007 წლის კურსის მიხედვით). ასურეთის მეფე ასურბანიპალი თავის წერილში სთხოვს ამონხეტეპს გაუგზავნოს მას ოქრო, „რომელიც შენ ქვეყანაში ჭუჭყია: დაიხრები და აიღებ“, რაც არ არის გასაკვირი, რადგან აღმოსავლეთ უდაბნოდან და ნუბიიდან ეგვიპტეში ყოველწლიურად 850-900 კგ ოქრო შედიოდა.

ისტორიკოსებმა მას „ბრწყინვალე ამონხეტეპი“ უწოდეს, თვითონ კი თავის თავს „ბრწყინვალე მზის დისკოს“ უწოდებდა. განსხვავებით მებრძოლი წინაპრებისაგან, ამონხეტეპი საგარეო საქმეებს დიპლომატიური ქორწინებებით აგვარებდა. მისი ცოლები იყვნენ გულიხეპა, მითანის მეფის შუტარნას ქალიშვილი (მეფობის მეათე წელი), ტადუხეპა, მითანის მეფის თუშრატას ქალიშვილი (მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელი), არცავას და ორი ბაბილონის პრინცესა (O’Connor&Cline). მაგრამ როცა ბაბილონის მეფემ სთხოვა ამონხეტეპს ცოლად ეგვიპტის პრინცესა, უარი მიიღო: „უხსოვარი დროიდან ეგვიპტის პრინცესა არ მიუციათ არავისათვის“. თვითონ ამონხეტეპს ცხოვრების ბოლომდე უყვარდა თავისი მთავარი ცოლი ტეიე, უბრალო წარმოშობის მშობლების, უიას და ტუიას შვილი, რომელსაც განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა არა მარტო ამონხეტეპ IV-ის, არამედ მათი შვილის, ეხნატონის დროსაც. ამონხეტეპმა მას მიუძღვნა ტაძარი ნუბიაში, სედეინგაში, სადაც მას ხატხორის სახით ეთაყვანებოდნენ (თავისთვის ამონხეტეპმა აიგო უფრო დიდი ტაძარი 15 კმ სამხრეთით, სოლებში).

ამონხეტეპის მეფობის აღსანიშნავი თავისებურებაა მოზრდილი ზომის სკარაბეოსები, რომლებიც მრავლად არის ნაპოვნი არა მარტო ეგვიპტის, არამედ სირიისა და ნუბიის ტერიტორიაზე. მათ თავისებურ „ცნობის ფურცლებს“ ეძახიან, რომელთა საშუალებითაც ფარაონს უნდოდა, გაევრცელებინა მნიშვნელოვანი პირადი ამბები მთელ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. სკარაბეოსებზე მოთხრობილია მისი და ტეიეს ქორწინებაზე და დასახელებულია მისი წოდებების არ მქონე მშობლები – უია და ტუია, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ახლა ის „დიდი მეფის ცოლია“. არის სკარაბეოსები ამონხეტეპის ლომებზე ნადირობის, გულიხეპას ჩამოსვლის (აღსანიშნავია, რომ ტეიეს ამ სკარაბეოსებზეც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია), ტეიესათვის შესანიშნავი ხელოვნური ტბის ამოთხრის და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.

აღსანიშნავია ამონხეტეპის მშენებლობებიც, რადგან აქამდე არც ერთ მეფეს არ უშენებია ამდენი, როგორც ეგვიპტეში, ისე ნუბიაში, და არც ერთი მეფისაგან არ შემონახულა ამდენი ქანდაკება. თავისთვის ამონხეტეპმა აიგო გრანდიოზული მოსახსენიებელი ტაძარი, სამწუხაროდ ძალიან ახლოს მიწის ნაყოფიერ ზოლთან, და უკვე ორასი წლის შემდეგ ის ნანგრევებად იქცა. მისგან გადარჩა მხოლოდ ორი (18 მ. სიმაღლის) ქანდაკება, რომელიც ტაძარში შესასვლელის ორივე მხარეს იდგა (ე.წ. „მემნონის კოლოსები“).

სამარხისათვის აირჩია მეფეთა ველის აუთვისებელი, დასავლეთი ნაწილი. მისი მუმია იპოვეს 1898 წ. დეირ-ელ-ბაჰარის სამალავში. თავის შვილს დაუტოვა ქვეყანა, რომელიც იყო სიმდიდრის და ძალაუფლების მწვერვალზე და ჰქონდა უზარმაზარი ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ამონხეტეპ IV-მ შეაზანზარა ეგვიპტე და წინ წამოწია მთავარი კითხვა ფარაონი უფრო ძლიერი იყო თუ საშინაო წესრიგი, წარმოდგენილი ამონის ქურუმებით და მათი თვალუწვდენელი მამულებით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები