ეხნატონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამონხეტეპ IV-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამონხეტეპ IV

ეხნატონი – (ამონხეტეპ IV, ჩვ.წ.მდე 1353-1335 წწ.), ამონხეტეპ III-ის და მისი მთავარი მეუღლის, ტეიეს ვაჟი. ტახტის მემკვიდრე გახდა უფროსი ძმის, თოტმესის გარდაცვალების შემდეგ.

შესაძლოა მიიღო განათლება ჰელიოპოლისის ქურუმებთან. აღნიშნავდა, რომ კარგად იცნობდა ძველ სატაძრო დოკუმენტებს. მამამისის მეფობის ბოლო წლებით არის დათარიღებული სტელა, სადაც ეხნატონი ეთაყვანება ატონს და მის გვერდით გამოსახულია მისი საკუთარი ქურუმი, რაც მიუთითებს, რომ უკვე ამ დროიდან ემზადებოდა თავისი როლისათვის, როგორც ატონის განსახიერებისათვის მიწაზე. შესაძლოა გამეფებამდე, ან ტახტზე ასვლისთანავე მისი მთავარი მეუღლე ხდება მშვენიერი ნეფერტიტი, რომელიც სავარაუდოდ მისი დედის, ტეიეს ძმისშვილი იყო და რომელმაც ექვსი ქალიშვილი გაუჩინა. ცნობილია ასევე მისი მეორე მეუღლის, კიას სახელი, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეულ როლს თამაშობდა ეხნატონის ცხოვრებაში. მისი სატახტო სახელი უაენრა (ეგვ. „ერთადერთი, ვინც ეკუთვნის რას“) უკვე ერთგვარი გამოწვევა იყო ამონის ქურუმებისადმი.

გამეფების პირველივე წელს კარნაკში ატონს აუგო ტაძარი, სადაც, ძველი მზის ტაძრების მსგავსად, იდგა ბენბენის სვეტი და მსხვერპლშეწირვა ღვთაებისადმი ღია ეზოებში ხდებოდა. მეფობის დაახლოებით მეექვსე წლიდან, სახელის შეცვლის და ახეტატონში გადასახლების შემდეგ, ეხნატონი განსაკუთრებული ენერგიით იწყებს თავისი დოქტრინის დანერგვას და ცდილობს მის აბსოლუტურ ნორმად გადაქცევას, რაც დღეს მისი რელიგიის საბოლოო წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება, რადგან ეგვიპტეში ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენების შეთანხმება და კომპრომისი უმაღლეს სიბრძნედ იყო მიჩნეული. ეხნატონის ქმედებებმა (მაგ. ამონის ტაძრების ქონების კონფისკაციამ) ქვეყანაში უდიდესი ეკონომიკური რყევები გამოიწვია, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მიკერძოებული დამოკიდებულება ქვეყნის მართვის და მოხელეების შერჩევისადმი, რომლებიც ატონისადმი ერთგულნი უნდა ყოფილიყვნენ. ამარნაში ეხნატონის გვერდით ძირითადად „ახალი“ ეგვიპტელები არიან, რომლებიც აღიარებენ, რომ მათ „არც დედა და არც მამა ჰყავდათ“ და მხოლოდ ახალი რელიგიისადმი ერთგულების წყალობით გახდნენ დიდებულები.

მეფობის მეთორმეტე წელს, როგორც ჩანს, ეხნატონი თავისი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა, რაც ჩანს მისი ერთ-ერთი დიდებულის, მერირა II-ის სამარხის კედლებზე მოთავსებული ნახატებიდან, სადაც გამოსახული არიან ეხნატონი, ნეფერტიტი და მათი ექვსი ქალიშვილი. მათ წინ, თაყვანისცემის პოზაში, ეგვიპტური ჯარის ორივე მხარეს კი უცხოელი დიდებულები ხარკით – ნუბიელები, სირიელები, ლიბიელები და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ხეთები, რომლებიც აქ პირველად ჩნდებიან ეგვიპტურ ძეგლზე. ამის შემდეგ ყველაფერი დაღმა სვლით მიემართება. დაახლოებით მეცამეტე წელს იღუპება ეხნატონის მეორე ქალიშვილი, მეკეტატენი. იმავე წელს ქრება მისი დედის, ტეიეს მოხსენიება, რომელიც უდიდეს როლს თამაშობდა როგორც თავისი ქმრის, ამონხეტეპ III-ის, ასევე ეხნატონის დროს. დაახლოებით შემდეგი წლიდან ასევე გაუჩინარდნენ ნეფერტიტი და კია. „მთავარი დედოფალი“ ხდება ეხნატონის უფროსი ქალიშვილი მერიტატენი, რომელიც ქორწინდება ბუნდოვან ფიგურაზე სმენხკარაზე. შესაძლოა, სმენხკარა რაღაც პერიოდი ეხნატონის თანამმართველი იყო. მალე გარდაიცვალა თვითონ ეხნატონიც, რადგან მისი მეფობის ბოლო დაფიქსირებული წელი მეჩვიდმეტეა. მის ამარნას სამარხში მხოლოდ წითელი გრანიტის სარკოფაგის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

ეხნატონის მეფობის უკანასკნელ წლებში მკვეთრად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება აზიაში. ძალას იკრებს ხეთების სამეფო, რომელიც ცდილობს საზღვრების გაფართოებას. იწყება დიპლომატიური და სამხედრო დაპირისპირება ხეთებსა და მითანის შორის, რომელიც უკვე მესამე თაობის განმავლობაში ეგვიპტის მოკავშირედ ითვლებოდა, და ბუნებრივად მითანის მეფე დახმარებას სთხოვს ეხნატონს. დახმარებას სთხოვენ მას ასევე ეგვიპტისადმი ჯერ კიდევ ერთგული სირიული ვასალები, მაგრამ ეხნატონი გულგრილი რჩება ამ მოთხოვნებისადმი. შედეგად, ხეთების სამეფო თანდათან აფართოვებს თავის ტერიტორიას, მათ შორის ეგვიპტის კოლონიების ხარჯზე და მითანის ნაცვლად, ეგვიპტის ჩრდილოეთი მეზობელი ხდება. მორანი, რომელმაც შეისწავლა ამარნას არქივი, ასკვნის, რომ ეხნატონი უგულებელყოფდა ეგვიპტის საერთაშორისო პოლიტიკას და დაპყრობილ ტერიტორიებს და მხოლოდ საკუთარი რეფორმებით იყო დაკავებული. მისი ერთადერთი ლაშქრობა ქვეყნის გარეთ დაფიქსირებულია ნუბიაში, მეფობის მეთორმეტე წელს, მაგრამ ნუბია ამ დროისათვის უკვე გამოსული იყო კონტროლიდან და ოქროს ნაკადი – შემცირებული. ეხნატონი არ აქცევდა დიდ ყურადღებას ეგვიპტეს ამარნას გარეთ. მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება ქვეყანაში ძალიან არასტაბილური იყო: ეგვიპტის საერთაშორისო პრესტიჟი დაეცა, ქვეყანამ დაკარგა თავისი კოლონიების ნაწილი. ეხნატონის რელიგია ძალიან მალე იქნა მიტოვებული, თვითონ ეხნატონი კი, რომელიც ეგვიპტელებმა შეაჩვენეს და არ შეიტანეს თავიანთ მეფეთა სიებში, თანდათან დავიწყებას მიეცა. მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ არც მანეთონმა და არც ანტიკურმა ავტორებმა. იგი თავიდან იქნა აღმოჩენილი XIX საუკუნეში. შესაძლოა, ეხნატონის თავისებური ტრაგედია იმაში მდგომარეობდა, რომ ის თავის დროზე წინ იდგა და იმავდროულად ცუდი სახელმწიფო მოღვაწე იყო.


იხილე აგრეთვე

ეხნატონის რეფორმა

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები