ამარნას წერილები
ამარნას წერილები – ეგვიპტის ფარაონების (ამონხეტეპ III-ის მეფობის ბოლო ათი წელი), ამონხეტეპ IV-ის, სმენხკარას, ტუტანხამონის და აის (1 წერილი) დიპლომატიური კორესპოდენციის არქივი.
წერილები შესრულებულია თიხის ფირფიტებზე, აქადურ ენაზე. აღმოაჩინეს ყოფილი ახეტატონის ტერიტორიაზე ადგილობრივმა გლეხებმა XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში და დაიწყეს მათი გაყიდვა კაიროს სიძველეთა ბაზარზე, ამიტომ დღეს არქივი გაფანტულია სხვადასხვა მუზეუმებში ბერლინის წინა აზიის მუზეუმშია 202/3, ოქსფორდის აშმოლეონის მუზეუმში – 23, ლონდონის ბრიტანულ მუზეუმში – 94/5, კაიროს ეგვიპტურ მუზეუმში 44/5, ლუვრში – 7, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში – 2 და თითო-თითო ფირფიტაა მოსკოვში, სტამბოლში და ბრიუსელში. ფირფიტების წარმოშობის ადგილის დადგენის შემდეგ დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. 21 ფირფიტა მოიძია ცნობილმა არქეოლოგმა ფ. პეტრიმ. ფირფიტების პირველი ფუნდამენტური გამოცემა, რომელიც დღეს „კლასიკურად“ არის მიჩნეული, ეკუთვნის ნორვეგიელ ასირიოლოგს ი. ა. კნუდტცონს. მისი გამოცემის შემდეგ ნაპოვნია კიდევ 24 ფირფიტა, დღეისათვის მათი საერთო რაოდენობა 378 შეადგენს.
წერილებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმდროინდელი ისტორიის რეკონსტრუქციისათვის. გამოკვეთილია „დიდი“ მეფეები – ეგვიპტის, მითანის, ბაბილონის, ასურეთის და ხეთების, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ, როგორც „ძმები“. სულ სხვა ინტონაციით არის შედგენილი ნაკლებად ძლიერი ქვეყნების – მაგ. არცავას, ალაშიას (კვიპროსი), სირიის ქალაქების მმართველების წერილები. აქ პირველად არიან დაფიქსირებული „ზღვის ხალხები“ – შარდანა, დანუნა და ლუკა, რომლებმაც შემდგომში რამდენიმე დიდი სახელმწიფო გაანადგურეს.