ეხნატონის რეფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეხნატონი

ეხნატონის რეფორმა – XVIII დინასტიის დროს, როცა ეგვიპტის იმპერია კულმინაციის ფაზაში იმყოფებოდა, ამონხეტეპ IV-მ „დაივიწყა“ ეგვიპტის ფარაონის უკვე ტრადიციად ქცეული მოვალეობა და მთელი თავისი ძალაუფლება და უზარმაზარი სიმდიდრე რელიგიურ რეფორმას მოანდომა. მან რეალობად აქცია ეგვიპტის რელიგიის მრავალსაუკუნოვანი ტენდენცია და ამ რეალობის სამეფო ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენება სცადა.

მზის დისკო ეგვიპტეში ჯერ კიდევ წინადინასტიური დროიდან გაღმერთებული სიმბოლო და ნომის ემბლემა იყო. V დინასტიიდან, რას აღზევების შემდეგ, მზის თაყვანისცემა ეგვიპტეში სახელმწიფო რელიგიად გადაიქცა. სამეფო ურეუსით გარშემორტყმული მზის დისკო დიდი ღმერთის საცხოვრისად წარმოიდგინებოდა. ეგვიპტელებს გაღმერთებული ჰყავდათ არა მარტო რა, არამედ მისი ცალკეული ფაზებიც, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ, როგორც რას სხვადასხვა გამოვლინების ფორმებს (მაგ. რა-ხორახტი, ხეპრი და სხვ), და იმავდროულად, როგორც დამოუკიდებელ ღვთაებებს. ის მომენტი, რომ რასთან, მისი მთავარ ღვთაებად გადაქცევის შემდეგ, ხდებოდა სხვადასხვა ღმერთების შერწყმა და შედეგად ერთი ღვთაების შექმნა (რა-ატუმი, ამონ-რა, ამონ-რა-ხორახტი, სობეკ-რა და სხვ.), უმნიშვნელოვანესია ეხნატონის რეფორმის უკეთ გასაგებად. ამგვარი სინკრეტიზმის წყალობით, როცა რამდენიმე ღვთაება ერთი ღვთაების სხვადასხვა გამოვლინებად გადაიქცეოდა, ეგვიპტე თითქოსდა მონოთეიზმამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეგვიპტელები (რაც ჩვეულებრივ მათი კონსერვატიულობით აიხსნება), ვერ „ელეოდნენ“ თავიანთ ღმერთებს და სინკრეტულად გაერთიანებული ღმერთები იმავდროულად თავის იდენტურობასაც ინარჩუნებდნენ ახალი სამეფოს პერიოდის თებეს სამარხებში მოთავსებულია ლითანია რასადმი, სადაც რა „თავისი“ 75 სახელით არის მოხსენიებული. ეს „სახელების“ ჩამონათვალი ეგვიპტის ისეთი დიდი ღმერთების ჩამოთვლას წარმოადგენს, როგორიც არიან ატუმი, შუ, გები, ტეფნუტი, ნუტი და ა.შ. ეგვიპტელი ყოველთვის ეძებდა გზას, როგორმე შეეთავსებინა შეუთავსებელი – ღმერთების ისტორიული სიმრავლე და ღვთაებრივი არსების „ერთადერთობის“ იდეა, და „ახერხებდა ამას წარსულზე ძალადობის გარეშე; ეხნატომა, როგორც ჩანს, ასეთი ძალადობა საჭიროდ ჩათვალა“. მან ეგვიპტური რელიგიის „წყალქვეშა“ ტენდენციები რეალობად აქცია – ერთი ხელის მოსმით უარყო ეგვიპტის ღმერთები და ატონი – მზის დისკო ეგვიპტის ერთადერთ ღვთაებად გამოაცხადა, ყოველგვარი სახელების“ გარეშე. „მოსეს და იესოს მსგავსად, ეხნატონს არ შეუქმნია ახალი რელიგია. მან ახალი მნიშვნელობა მიანიჭა ძველ იდეებს და მათ თავისი პიროვნების დაღი დაასვა“.

მეფობის მეექვსე წელს ორ მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე – ამონხეტეპ IV იცვლის თავის სახელს (ეგვ. Imn-htp – „ამონი კმაყოფილია“) და ეხნატონი (ეგვ. 3h.n.I „ატონის მსახური“, „ატონის სიამოვნება“) ხდება, თვითონ კი ტოვებს თებეს და მის მიერ აშენებულ ახალ დედაქალაქში, ახეტატონში გადადის. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ძალიან განსხვავებული, „არაეგვიპტური“ ხდება. ტრადიციულ ეგვიპტურ ტაძარში ღვთაების გამოსახულებები დაცული იყო წმინდათა წმინდა საკანში, სადაც ყველა რანგის ქურუმსაც კი არ შეეძლო შესვლა. ატონი ყველასათვის ხილული იყო ზეცაში, ამიტომ მისი ტაძარი ღია, გაშლილ სივრცეს წარმოადგენდა, რადგან მზის დისკოს თაყვანისცემისათვის იყო განკუთვნილი. მიტოვებული იქნა ღვთაების სახის უძველესი – ადამიანის და/ან ცხოველის იკონოგრაფია, ატონის სახის ღვთაების ქანდაკების შექმნა კი შეუძლებელი იყო. ღვთაების ქანდაკება ტრადიციულ ეგვიპტურ რელიგიაში უმნიშვნელოვანესი იყო და მრავალი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ღვთისმსახურების რიტუალში უმთავრესი როლი ჰქონდა დაკისრებული. ითვლებოდა, რომ ღმერთის ქანდაკებაში, რომელზეც ჩვეულებრივ „პირის გაღების რიტუალი“ ტარდებოდა, ღვთაებრივი არსების ნაპერწკალი, მისი „კა“ ფეთქავდა. ახალი დოქტრინის მიხედვით, ღვთაების ქანდაკებები არც იყო საჭირო, რადგან თავად ფარაონი ერთადერთი ღვთაების ცოცხალი განსახიერება, მისი ცოცხალი „კა“ იყო მიწაზე. ბუნებრივად გაუქმდა საკრალური ქორწინების ინსტიტუტი, როცა დიდი რა ადამიანის სახით მოევლინებოდა ფარაონის დედას (ეგვიპტურში მას „ღვთაების დედას“ ეძახდნენ), რომ მომავალი ფარაონი ჩაესახა. სხვა ღმერთებთან ერთად, დავიწყებას მიეცა ოსირისი და ეგვიპტელის ოცნება მარადიულ ნეტარებაზე გარდაცვალების შემდეგ. ეგვიპტელი შეჩვეული იყო ღვთაებასთან სიახლოვეს სიცოცხლეში და მასთან გაერთიანების იდეას სიკვდილის შემდეგ. ახლა ასეთი ტრანსფორმირება ადამიანისათვის წარმოუდგენელი გახდა. თავად ეხნატონს კი ეს ტრანსფორმირება არ სჭირდებოდა, რადგან იგი უკვე იყო ღმერთი დედამიწაზე, რომელიც „თავიდან იბადებოდა ყოველდღე იმისათვის, რომ შერწყმოდა ერთადერთ ღმერთს“.

ეხნატონის ახალი დოქტრინები განსხვავებული ენით იწერებოდა. ზოგიერთის აზრით, ეს ენა სალაპარაკოსთან მიახლოებული იყო, მაგრამ თუმცა ეხნატონის ტექსტები არ არის დაწერილი კლასიკურ სტილში, ახალი სამეფოს არალიტერატურულ ტექსტებთან შედარება ამჟღავნებს, რომ ეს არც სალაპაკო ენა იყო. გარკვეული გრამატიკული ელემენტების გამოჩენა ამარნას ტექსტებში იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ ისინი პირველად ჩნდება ოფიციალურ ტექსტებში და ამდენად აქ გამჟღავნებულია ეხნატონის სურვილი, განევითარებინა საკუთარი, ექსკლუზიური ენა თავისი დოქტრინების ჩასაწერად. ამას შეიძლება მოეძებნოს ანალოგი მისი დროის ერთგვარად „მანერულ“ ხელოვნებაშიც. ამ გროტესკამდე მისული სტილით მრავლად შეიძლებოდა ფარაონის ქანდაკებების შექმნა, რადგან ის, ატონის მსგავსად, იყო კოსმოგონიური ღვთაება და „ერთი“ ატონთან და სამყაროსთან ერთად. როგორც ჩანს, ფარაონი თვლიდა, რომ მის ფიზიკურ არ სებობას მიწაზე და მის ქანდაკებებს უნდა შეევსოთ ის სიცარიელე, რომელიც ეგვიპტელს საყვარელი ღვთაებების და მათთან კონტაქტის წართმევის შემდეგ გაუჩნდა. ფარაონის პროგრამა შეიცავდა ახალ რელიგიურ წარმოდგენებს, ახალ სახელს, ახალ დედაქალაქს, ახალ არქიტექტურას, ახალ ხელოვნებას და ახალ სალიტერატურო ენას. ასეთი „რეგნოცენტრისტული“ მიმართულებით ის კიდევ უფრო ადასტურებდა თავისი დოქტრინის მთავარ იდეას, რომ ატონი იყო ერთადერთი შემოქმედი, ფარაონი კი იყო იგივე ატონი მიწაზე.

მთელი ეგვიპტის მასშტაბით იწყება ძველი ღმერთების დევნა, მათი სახელები იშლება წარწერებიდან, იკრძალება მათი მოხსენიება. წარწერებიდან იშლება სიტყვა „ღმერთებიც“. ეხნატონის გვერდით ამ დროს „ახალი ეგვიპტელები“ არიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძველი არისტოკრატიული ოჯახები დარჩა თებეში, ამონის და მისი ქურუმების გვერდით. ატონმა ვერც რიგით ეგვიპტელებში მოიპოვა პოპულარობა. ეხნატონის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ახეტატონი თანდათან დაცარიელდა და ახლა თავად ერეტიკოსად შერაცხული ფარაონის სახელი იდევნებოდა ისევე, როგორც ადრე თვითონ დევნი და ეგვიპტის ღმერთებს. ეს შემოტრიალება საკმაოდ ადვილად განხორციელდა, რადგან რიგითმა ეგვიპტელმა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური დოგმატიზმი, ვერ მიიღო ახალი ღმერთი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით წაართვა უფლება, თავის ძველ ღმერთებზე ელოცა. ვერ შეეგუა ეგვიპტელი ვერც იმქვეყნად მარადიულ ცხოვრებაზე ოცნების წართმევას. ეხნატონის რეფორმა ნაადრევი იყო ეგვიპტისათვის, რომელიც არ იყო მზად თავისი მრავალი ღმერთის იდენტურობის რეალური გაუქმებისათვის და სიმრავლის „ერთამდე“ დაყვანისათვის, რაც მოხდა ეხნატონის გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, როცა ეგვიპტემ ქრისტიანობა მიიღო. მაგრამ ეხნატონის რეფორმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ახალი რელიგიის შეგნებულ დაფუძნებას წარმოადგენს, რომელიც, ასევე ისტორიაში პირველად, მონოთეისტური იყო.

ბოლო დროს ეგვიპტოლოგიურ ლიტერატურაში ყურადღებით სარგებლობს ზ. ფროიდის იდეა, რომ ბიბლიური გამოსვლა, რომელსაც ზოგი მეცნიერი მერნეპტახის მეფობით (1225 წ.ჩვ.წ-მდე) ათარიღებს, შესაძლოა უფრო ადრე, სეტი I-ის დროს (დაახლ.1310 წ.) მოხდა. მოსემ, რომელიც შესაძლოა ეგვიპტელი იყო („mś“ ეგვიპტური ენის უძველესი ძირია), გაიყვანა ეგვიპტიდან ერთღმერთიანობის ერთგული მრევლი. მიმდევრებს შორის დიდი იყო ებრაული მოსახლეობის რიცხვი, რომელმაც ატონის კულტი ეგვიპტელზე უფრო ადვილად მიიღო. ამ თეორიის მომხრეები ატონის ცნობილი ჰიმნის და 104 ფსალმუნის საოცარ მსგავსებას იშველიებენ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები