სინკრეტიზმი (ეგვიპტოლოგია)
სინკრეტიზმი – ეგვიპტოლოგიაში ეწოდება მეთოდს, რომლის საშუალებითაც ეგვიპტელები ორ ან მეტ ღვთაებას ერთში აერთიანებდნენ. ის დამყარებული იყო წარმოდგენაზე, რომ ღვთაებას გააჩნია უხილავი, ადამიანისათვის შეუცნობადი, „სულიერი“ არსება.
უძველეს დროში, აზროვნების განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე, გამოსახულება და ეს სულიერი არსება ერთმანეთის იდენტურად აღიქმებოდა. თანდათან, რელიგიური აზროვნების განვითარებასთან ერთად, მოხდა სულიერი საწყისის და გამოსახულების დიფერენცირება. სულს მიეწერებოდა გადანაცვლების უნარი და არსებობის ფლუიდური ფორმა: ის შეიძლებოდა შეცვლილიყო, გარდაქმნილიყო ან ჩასახლებულიყო სხვადასხვა მატერიალურ საგანში. ღმერთის სულიერი არსების და მისი მატერიალური გამოსახულების განსხვავება კარგად ჩანს მემფისის კოსმოგონიაში, რომლის თანახმად მას შემდეგ, რაც პტახმა – ამ კოსმოგონიის შემოქმედმა ღმერთმა – შექმნა სხვადასხვა ღმერთი, ისინი შეუერთდნენ თავიანთ სხეულებს „ყოველი ხისაგან, ყოველი ქვისაგან, ყოველი თიხისაგან“. იგივე ფლუიდური არსება შესაძლებელს ხდიდა სხვადასხვა ღმერთების გაერთიანებას, ერთმანეთთან შერწყმას და იმავდროულად თავისი არსების შენარჩუნებას, ან ერთი სულიერი საწყისის სხვადასხვა სახით გამოვლინებას. ამიტომ ისეთი „ერთობები“, როგორიც იყო ამონ-რა, წარმოიდგინებოდა არა როგორც ორი ღვთაების გაერთიანება, არამედ როგორც ერთი ღვთაებრივი არსების სხვადასხვა გამოვლინების ფორმა. როცა ჰელიოპოლისში მზის ღვთაების, რას აღზევება მოხდა, მას შეეძლო ძველი დემიურგის, ატუმის ტახტი დაეკავებინა, ატუმი კი თანდათან დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ისინი ორივე ერთი ღვთაებრივი არსების სხვადასხვა გამოვლინებად იქნა წარმოდგენილი. ასეთმა წარმოდგენამ ეგვიპტელები უძველესი სამების შექმნამდე მიიყვანა. უკვე პირამიდების ტექსტებში მზის ღვთაებას მიმართავდნენ: „შენ აღზევდები დილას, როგორც რა, შენს სახელში „ხეპრი“, შენ ბრწყინავ ცის კაბადონზე, როგორც რა, შენს სახელში „რა“, შენ ჩაესვენები ჰორიზონტზე, როგორც „რა“, შენს სახელში „ატუმი“ (PT 1995a-c, დაახლ. XXIV-XXII სს. ჩვ.წ.-მდე). ჩვეულებრივ, რაც უფრო დიდი იყო ღვთაება, მას მეტი გამოვლინების ფორმა მიეწერებოდა. რაზე, მაგალითად, ვკითხულობთ: „თავის სიდიადეში ის მრავალ ფორმას ღებულობს“, „მისი სახელები მილიონია, მათი ჩამოთვლა შეუძლებელია“.
იმავდროულად, ეგვიპტელები (რაც ჩვეულებრივ მათი კონსერვატიულობით აიხსნება), ვერ „ელეოდნენ“ თავიანთი ღმერთების იდენტურობას. მათი პრაგმატული ბუნება საშუალებას აძლევდა, დისკრეტულად აღექვათ ღვთაება, როცა მას სპეციფიკური ფუნქციონალური დანიშნულება ჰქონდა, რაიმე მიზნისათვის ორი ან სამი ღვთაება წარმოადგენდათ, როგორც „ერთი“ და იმავდროულად შეენარჩუნებინათ ცალკეული ღვთაებები სხვა მიზნებისათვის. ამონი და რა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე მზისა და ჰაერის დამოუკიდებელ ღვთაებებად დარჩნენ, მიუხედავად მათი ინკორპორირებისა ერის უზენაეს (ერთ) ღვთაებაში – ამონ-რაში. ასეთი წარმოდგენის გამო, დღემდე საკამათოდ ითვლება ეგვიპტური რელიგიის არსება – ის პოლითეისტური იყო (რაც მრავალი ღმერთის არსებობას გულისხმობს), ჰენოთეისტური (რაც გულისხმობს ერთი ღმერთის თაყვანისცემას, მაგრამ უშვებს სხვა ღმერთების არსებობას) თუ მონოთეისტური, სადაც სხვადასხვა ღვთაებრივი ფორმები ერთი ღვთაების გამოვლინებას წარმოადგენენ.